LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელები საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდნენ

118

ესპანური ბიზნესი საქართველოში ინვესტირებით ინტერესდება. „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ ქართულ-ესპანურ ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღო. ფორუმზე, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს აერთიანებდა, საქართველოში პროექტების განხორციელებისადმი დაინტერესება გამოთქვეს.

ესპანეთში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ ფონდის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და ფონდის მანდატისა და მუშაობის პრინციპების შესახებ დეტალურად ისაუბრა. გიორგი დანელია, ფორუმის სხვა მონაწილეებთან ერთად, ვალენსიის მერს, რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამას გარდა, ქართულმა მხარემ მოინახულა ევროპაში ბოსტნეულის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი სასათბურე მეურნეობა „პრიმაფლორი“, მის საკუთრებაში არსებული სათბურები და შეხვდა კომპანიის დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს. შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს წრეებთანაც.

საქართველოდან ფორუმში, აგრეთვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენელმა გიორგი ედილაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და  მიიღეს მონაწილეობა. ქართულმა მხარემ დამსწრეებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.    

ქართულ-ესპანურ ფორუმს 150-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, სასტუმროების, წარმოების სექტორიდან. ვიზიტის დასასრულს, დაიგეგმა ესპანური ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები