ესპანეთში მოგზაურობის 12 მიზეზი

463

ესპანეთი – არა მარტო ტურისტებით გავსებული ბარსელონა და მადრიდის მუზეუმებია, არამედ უამრავი ბრწყინვალე ადგილი, სადაც ფანტასტიკურად შეიძლება დასვენება და დროის გატარება. კოსტა ბრავას კურორტები და ანდალუსიის თეთრი ქალაქები, პლაჟები გიბრალტარის ყურეს ხედებით და გალისიის კლდოვანი სანაპიროები – მრავალფეროვანი ესპანეთის აბსოლუტურად ნებისმიერი გემოვნების მოგზაურს დააკმაყოფილებს.

 

ტარიფა

ტარიფა კონტინენტალური ევროპის ყველაზე სამხრეთული წერტილია, სადაც ნამდვილი აფრიკის სურნელის შეგრძნებაც შეიძლება და გიბრალტარის ყურის მეორე მხარეს მდებარე ”შავი კონტინენტის” დეტალურად შესწავლაც. მუდმივად ქარიან ტარიფეზე ზამთარშიც თავისუფლად შეიძლება ადგილობრივი ვინდ- და კაიტსერფინგის მოყვარულების ნახვა. პატარა ქალაქს რამდენიმე ქუჩა და ათეულობით პლაჟი აქვს, რომელთა უმრავლესობა დილიდან გვიან ღამემდე სავსეა ტურისტებით, ქალაქის თავზე კი, ყოველთვის ულამაზესი ფერადი პლანერები დაფრინავენ.

depositphotos_89171878_l-2015_nsDYeH9

რონდა

რონდას ხშირად ანდალუსიის გულსაც ეძახიან, რაც მისი მდებარეობით აიხსნება: მაღალ კლდეებზე გაშენებულ ქათქათა თეთრ ქალაქს ღრმა ხეობა და მასზე გადაჭიმული პუენტე ნუევოს ხიდი ყოფს ორ ნაწილად.  პატარა ქალაქში, რომლის ფეხით შემოვლა ერთ დღეშიც თავისუფლად შეიძლება, ბრწყინვალე ბუნებრივი ხედების და შუასაუკუნეების ეკლესიების გარდა, რეალ მაესტრანსას – ესპანეთის ყველაზე ძველი და პრესტიჟული კორიდას არენის ნახვაც შეიძლება, სადაც მთავარი სანახაობა სექტემბრის თვეში იმართება. გოიესკას არენას ხშირად სტუმრობდა ერნესტ ჰემინგუეი, მისი რომანების ”ფიესტა” და ”სიკვდილი შუადღის შემდეგ” პროტოტიპებად კი სწორედ რონდელი ტორეროები იქცნენ.

depositphotos_75061903_l-2015

ბენიდრომი

შედარებით ”ახალგაზრდა” ესპანურმა კურორტმა სწრაფად მოიკრიბა ძალები და დღეს არა მარტო კოსტა ბრავას, არამედ მთელი ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. ქალაქში, რომელიც გვიან იძინებს და ძალიან ადრე იღვიძებს (მხიარულება ქუჩებში დილის სამ-ოთხ საათამდე გრძელდება), ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ძველი კვარტლები და თანამედროვე მაღალსართულიანი ნაგებობები, რომლთა წყალობითაც ბენიდორმმა ”ესპანური მანჰეტენის” სახელიც მიიღო.  ქალაქის სტუმრობა განსაკუთრებით მათთვისაა რეკომენდირებული ვისაც აქტიური დასვენება უყვარს და ადვილად შეელევა გასული საუკუნეების ღირსშესანიშნაობების ნაკლებობას, რომლებიც აქ ატრაქციონების პარკებითაა ჩანაცვლებული.

 depositphotos_26423157_l-2015

სევილია

სევილიის მთავარი ღირსშესანიშნაობა ძველი ქალაქის ლაბირინთია, რომლის ვიწრო დერეფნებშიც ძალიან ადვილია დაკარგვა. კომფორტულად დასვენება კი, მავრიტანული სტილის ჰოსტელში შეიძლება, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, მისი აივნებიდან კი, მშვენიერი ხედები იშლება. საღამოს მშვიდად გატარების საუკეთესო ადგილი პატარა და მყუდრო ბარებია, სადაც დღესასწაულებზე ყოველთვის უფასოდ შეიძლება ფლამენკოს ნახვა და მოსმენა.

depositphotos_11810481_l-2015

ვალენსია

ესპანეთის სიდიდით მესამე ქალაქში არც მადრიდის საქმიანი ფუსფუსი იგრძნობა, არც სევილიის მომქანცველი სიცხე. სამაგიეროდ არის ზღვა და მიმზიდველი ქვიშის პლაჟები, გრაალის თასი კათედრალურ ტაძარში, პაელია (რომლის სამშობლოდ სწორედ სევილია ითვლება) ადგილობრივ რესტორნებში და მეცნიერებისა და ხელოვნების უნიკალური ფუტურისტული ქალაქი, რომელიც არქიტექტორმა სანტიაგო კალატრავომ ამომშრალი მდინარის ნაპირზე შექმნა.

depositphotos_6504386_l-2015

ტოლედო

სულ რაღაც 10 ევროდ მადრიდის სადგურ ატოჩადან 33 წუთში თავისუფლად შეგიძლიათ აღმოჩნდეთ ზღაპარში. ესპანეთის ერთ-ერთი სიმბოლო და ყოფილი დედაქალაქი ტოლედო, რომელიც სარკინიგზო სადგურიდანაც კარგად ჩანს, კლდის ქიმზე აგებულ, უზარმაზარი კედლებით შემოსაზღვრულ ციხე-სიმაგრეს ჰგავს. კართაგენელები და რომაელები, ვანდალები და ვესტგოთები, მავრები და ესპანელები – ყველა აცხადებდა პრეტენზიას ქალაქის მმართველობაზე და ზოგმა ნგრევით, ზოგმა კი – აღმშენებლობით დიდი გავლენა მოახდინა მის განვითარებაზე. უამრავ საინტერესო არქიტექტურულ ნაგებობას შორის თანამედროვე ტოლედოს მთავარ ღირსშესანიშნაობად მაინც გოთიკური კათედრალური ტაძრი სანტა-იგლესია ითვლება, რომლის ინტერიერი რაფაელის, გოიას, ველასკესისა და რუბენსის ბრწყინვალე ფერწერული ტილოებითაა მორთული. აქვეა სანტა-დომინდო-ელ-ანტიგუას მონასტერიც, სადაც ცნობილი ელ გრეკო მუშაობდა.

depositphotos_28072433_l-2015

სეგოვია

სეგოვია იმ საუკეთესოს განსახიერებაა, რაც მთლიანად ესპანეთში და კონკრეტულად კასტილიაშია შემონახული. ვიწრო, ერთმანეთში ჩახლართული ქუჩები ფეხით მოსიარულეთათვის და მაქსიმალურად შემცირებული ავტომობილები, მადის აღმძრვრელი სურნელი პატარა რესტორნებიდან და ევროპაში ყველაზე მეტი რომანული არქიტექტურის ეკლესია – ყველაფერ ამის ნახვა მოგზაურებს სწორედ სეგოვიაში შეუძლიათ, სადაც მიუხედავად უამრავი ნაგებობისა, მაინც შენარჩუნდა უზარმაზარი ეკოლოგიური პარკი.  

შუასაუკუნეების კედლების ჩრდილო-აღმოსავლეთით ალკასარის ცნობილი ციხე-სიმაგრეა მოთავსებული, სადაც ჯერ დედოფალმა ისაბელამ დააფინანსა ქრისტეფორ კოლუმბის ამერიკული მოგზაურობა, მერე კი, უოლტ დისნეის შთაგონების წყაროდ იქცა. სეგოვიის სამხრეთ-აღმოსავლეთით უძველესი რომაული აკვედუკია, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მთელ ევროპაში, მე-16 საუკუნის კათედრალური ტაძარი კი, დღემდე ინარჩუნებს ქალაქის ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს.  

depositphotos_56137403_l-2015

არკოს-დე-ლა-ფრონტერა

ანდალუსიის ”თეთრი” ქალაქი არკოს-დე-ლა-ფრონტერა კლდეზეა აშენებული. მისი ცენტრი შუასაუკუნეების კედლითაა შემოსაზღვრული და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით განახლებული. ქალქის მთავარ ღირსეშანიშნაობებად მარია-დე-ლა-ასუნსიონის და სან პედროს ეკლესიები, რატუშა და მე-11 საუკუნის კოშკი ითვლება, რომლებიც ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევენ ტურისტებში.  

13170303165_ef31b90cb4_b

სან-სებასტიანი

საკურორტო ქალაქი ბასკების ქვეყანაში, განსაკუთრებით მშვიდი დასვენების მოყვარულებს მოეწონებათ. ქალაქში მიღებულია სეირნობა, ტაპას-ბარების სტურობა, სერფით სრიალი და პლაჟზე დასვენება. სან-სებასტიანს სახელი ნაპოლეონ მესამეს მეუღლემ გაუთქვა, რომელიც მეზობელ ქალაქ ბიარიცაში დასახლდა. სწორედ იმ დროიდან დაიწყო ქალაქის განაშენიანება მოხდენილი სასტუმროებითა და კაფეებით, ბოლო დროს კი – სან-სებასტიანში მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესპექტაბელური რესტორნებიც გაჩნდა. ქალაქის სტუმრები როგორც წესი, არა მუზეუმებს ეძებენ, არამედ მყუდრო ადგილებს ცივი ბასკური ლუდის და ადგილობრივი სამზარეულოს კერძების დასაგემოვნებლად.

depositphotos_35588103_l-2015

საარა-დე-ლა-სიერა

ფიჭვისა და პალმების ხეივნებში ჩაფლულ ანდალუსიის პატარა ქალაქს, რომელსაც ზუგს სიერა-დე-გრასამელას კლდე და მე-13 საუკუნის ციხე-სიმაგრე უმაგრებს, ბრიტანელმა მოგზაურმა რიჩარდ ფორდმა პატარა ”მავრიტანული არწივის ბუდე” უწოდა.

depositphotos_62986511_l-2015

ბაიონა

სწორედ ბაიონას სანაპიროსთან მიცურდა კოლუმბის ხომალდი ”პინტა”, ამერიკის აღმოჩენის სასიხარულო ცნობით. მოგვიანებით ”პინტას” ზუსტი ასლი გაკეთდა, რომლის დათვარილება დღესაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ქალაქის ღირსშესანიშნაობათა რიცხვს მიეკუთვნება ისაბელა კასტილიელის ბრძანებით აშენებული მონტერეალის ციხე-სიმაგრეც, რომელიც ქალაქს მეკობრეების შემოსევებისგან იცავდა.  

depositphotos_78944442_l-2015

ტოსა-დე-მარი

კოსტა-ბრავას ყველაზე მშვიდ კურორტზე ძირითადად მცირე ზომის სასტუმროები, უამრავი ბარი და რესტორნია თავმოყრილი, თუმცა ქალაქში არასდროს იმართება ხმაურიანი დღესასწაულებები და სეირნობები. ტოსა-დე-მარი საუკეთესო ადგილია ოჯახური დასვენებისთვის, შეყვარებული წყვილებისთვის და მათთვის, ვისაც მარტო უნდა დარჩენა ზღვასთან და საკუთარ თავთან. პატარა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად მე-12 საუკუნის ქვის ციხე-სიმაგრე ითვლება, რომელმაც უძველესი ღია ბარათის მსგავსად შეინარჩუნა შუასაუკუნეობრივი მომხიბვლელობა.

depositphotos_7992057_l-2015

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები