LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანური კომპანია საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალს შეისწავლის

130

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია REPSOL-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა, ხოლო ესპანური კომპანიის მხრიდან, REPSOL-ის გლობალური ახალი მიმართულებების დირექტორმა მიქელ ერქუიგამ.

სამინისტროს განმარტებით, მემორანდუმის თანახმად, კომპანია REPSOL-ი მის ხელთ არსებული მასალების შესწავლისა და გადამუშავების შედეგად მოამზადებს და სახელმწიფოს გადასცემს მტკვრის აუზის ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასების ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი შემდგომი ათვისებისთვის.

“მემორანდუმის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები REPSOL-ის მონაცემთა ბაზაში გადამზადებას გაივლიან. ანგარიში სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, მტკვრის აუზში ძიების პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვროს. REPSOL 1987 წელს დაფუძნდა. დღეს ის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მსხვილ კომპანიას წარმოადგენს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. კომპანიას უჭირავს მსოფლიოში მე-14 ადგილი ნავთობკომპანიებს შორის“, – აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები