“ევროკავშირი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს” – მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს შეხვდა

65

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი ქართული დელეგაციის წევრები და საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი პრიფინგი გამართეს.

„მიხარია, რომ საქართველოს ახალი პრემიერმინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, ეს თქვენი ერთ-ერთი პირველი ვიზიტია“ – მიმართა ტუსკმა მამუკა ბახტაძეს.

„ევროკავშირი და საქართველო ძალიან ახლო მეგობრები და მჭირდო პარტნიორები არიან. მე და ბატონმა პრემიერმა დღევანდელ შეხვედრაზე დავადასტურეთ ჩვენი სურვილი, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს თანამშრომლობა იმ ძალიან ამბიციური ხელშეკრულების თვალსაზრისით, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ჰქვია. 

ევროკავშირი საქართველოს წარმატებული რეფორმების მხარდამჭერია. ჩვენ განვიხილეთ რეგიონული სიტუაცია საქართველოში. საქართველო განლაგებულია ძალიან სერიოზულ რეგიონში და ქვეყანა ერთგვარი ხიდის ფუნქციას ასრულებს რეგიონში. 

ევროკავშირი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ამ როლს და მხარს ვუჭერთ რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“ – თქვა დონალდ ტუსკმა.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ბახტაძესთან შეხვედრისას  16 ივლისს მინდელის შახტში დაღუპული 4 მუშის ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ნება მომეცით, პირველ რიგში, მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს უახლოესი ადამიანები ტყიბულის შახტის ინციდენტში“ – თქვა ტუსკმა ერთობლივი ბრიფინგის დაწყებისას.

18 ივლისს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძემ და იანს სტოლტენბერგმა მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები