LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის რეზოლუციაში აღიარებულია, რომ რეგიონში დესტაბილიზაციის წყარო რუსეთია

133

ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებმა ერთობლივი რეზოლუციები დაამტკიცეს.

ასამბლეამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტარ გუნარ ჰოკმარკის თანაავტორობით რეზოლუცია მიიღო თემაზე: „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში“.

თამარ ხულორდავამ საუბრისას რეგიონის უსაფრთხოებასა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, ხუთს მიმდინარე კონფლიქტი გვაქვს. ეს კონფლიქტები, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა ხელს გვიშლის ნორმალურ განვითარებაში. ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და გამოწვევები მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის. მშვიდობა და სტაბილური დემოკრატიული განვითარება ჩვენს ქვეყნებში პირდაპირ კავშირშია მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან მთლიანად ევროპის კონტინენტზე,“ – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოება განსაზღვრავს ევროკავშირის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ხოლო არსებული კონფლიქტები აფერხებს საერთო ინტერესების რეალიზაციას; რეზოლუცია აღიარებს, რომ რეგიონში დესტაბილიზაციის წყარო რუსეთია, გმობს რუსეთის აგრესიას, მოუწოდებს ჯარების გაყვანის, აღიარების უკან წაღების და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ; მოუწოდებს ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების გადაწყვეტაში, გააძლიეროს პარტნიორებთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ საგანგებო რეზოლუციებიც მიიღო, მათ შორის თამარ ხულორდავას ინიცირებით მიღებულ იქნა საგანგებო რეზოლუცია თემაზე: „2020 წლის შემდგომი ევროკავშირის მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერების შესახებ“;

საგანგებოდ იქნა მიღებული რეზოლუციები უკრაინელი პოლიტიკური პატიმრების შესახებ რუსეთში და სომხეთის ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და განახლებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის დაჩქარების შესახებ.

თამარ ხულორდავამ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას, სხდომაზე, ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ მოხსენება წარუდგინა.

„საპარლამენტო ასამბლეაში სამი ასოცირებული ქვეყნის ერთობლივ სამუშაო ჯგუფს აქვს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა. პოლიტიკურად, ის პარტნიორებს საშუალებას აძლევს ინტერესების ლობირება მოახდინონ ევროპულ მხარესთან და მეორე მხრივ, სამ ქვეყანას ხელს უწყობს ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ და ადვილად გაიარონ ევროკავშირთან დაახლოების ამბიციური და რთული პროცესი“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.

„ეს საპარლამენტო პლატფორმა საერთო ინტერესების ერთობლივი ძალებით ლობირებაშიც გვეხმარება. საქართველო ლიდერია რეგიონში, მაგრამ გვსურს, ევროკავშირთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა. საქართველო ამისთვის ბევრს აკეთებს. საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს ძალისხმევას ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ხედავენ და აფასებენ,“ – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

პოპულალურები