LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა ესპანეთის ფეხქვეშაა: საინტერესო ამბები ფინალიდან

56

ევროპის მეორე საკლუბო ტურნირი, როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდის „ატლეტიკომ“ მოიგო. მადრიდელებმა ეს საკმაოდ იოლად გააკეთეს: წამით არავის შეპარვია ეჭვი მათ უპირატესობაში და ამის გამო ფინალი ცოტა გაფერმკრთალდა კიდეც.

1986 წელი იყო, როდესაც ლიონში „ატლეტიკო“ თასების თასის ფინალის მოსაგებად ჩავიდა, მაგრამ მაშინ ძალიან ძლიერ კიევის „დინამოსთან“ 0:3 წააგო. ახლა „ატლეტიკო“ ისევ ლიონში აღმოჩნდა და ისევ 3:0, ოღონდ უკვე თავის სასარგებლოდ.

 

“ატლეტიკომ” ევროპა ლიგა მესამედ მოიგო და გაუთანაბრდა „ინტერს“, „იუვენტუსსა“ და „ლივერპულს“. ამ სამეულზე წინ მხოლოდ „სევილიაა“ ხუთი მოგებით.

 

„ატლეტიკო“ 6.5 მილიონ ევროს მიიღებს ევროპა ლიგის ფინალის მოგებისთვის.

 

“ატლეტიკოს” ფრანგი თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი გახდა მეხუთე ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ევროპა ლიგის ფინალში ორი გოლი გაიტანა. აქამდე ამის გაკეთება დიეგო ფორლანმა (2010 წელს, “ატლეტიკო”), რადამელ ფალკაომ (2012 წელს, “ატლეტიკო”), კარლოს ბაკამ (2015 წელს, “სევილია”) და კოკე მორენომ (2016 წელს, “სევილია”) მოახერხეს.

გრიზმანი გახდა მესამე ფრანგი, რომელმაც ევროპა ლიგის ფინალში გაიტანა. აქამდე ამ შედეგს კევინ გამეირომ (2016 წელს, “სევილია”) და პოლ პოგბამ (2017 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედი”) მიაღწიეს.

 

გრიზმანმა საუკეთესო ევროსეზონი ჩაატარა სტატისტიკურად – 8 გოლი.

 

გრიზმანი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

 

“მარსელმა“ მესამედ წააგო ფინალი ისე, რომ გოლი არ გაუტანია: 1999 წელს “პარმასთან“ 0:3 და 2004 წელს “ვალენსიასთან“ 0:2.

 

„ატლეტიკოს“ ლეგენდამ ფერნანდო ტორესმა მშობლიურ გუნდთან ერთად ტიტული პირველად მოიგო. 34 წლის ფორვარდი გამოსათხოვარ მატჩს 20 მაისს, “ეიბართან” ჩაატარებს. ისე კი, “ელ ნინიომ” ევროპა ლიგა მეორედ მოიგო. პირველად ეს “ჩელსისთან” ერთად მოახერხა.

 

დიეგო სიმეონემ კარიერაში მე-8 ტროფეი მოიგო. „ატლეტიკოში“ კი მე-6 ჯილდო მოიპოვა და ლუის არაგონესთან ერთად ის „ატლეტიკოს“ ყველაზე წარმატებული მწვრთნელია.

 

„ატლეტიკომ“ სიმეონეს ხელში 377 მატჩი ჩაატარა, 53% – მშრალად (200). მათგან 92 იან ობლაკის ხელში (160 მატჩი).

 

ფინალს, “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ოჯახი დაესწრო.
სამი ვაჟი – ჯოვანი, ჯანი და ჯიული, ლოჟაში იმყოფებოდნენ, სადაც დროშა გამოფინეს, რომელზეც “მამა გვიყვარხარ” ეწერა.

 

ფინალური მატჩის 32-ე წუთზე “მარსელის” ნახევარმცველმა დმიტრი პაიემ ტრავმა მიიღო და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. სოციალურ ქსელებში პაიეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაახსენეს, როდესაც პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელ რონალდოს ტრავმა მიაყენა და მასაც მოედნიდან გასვლა მოუწია.

 

„ატლეტიკოს“ პრეზიდენტი ენრიკე სერესო გამოტყდა, რომ თამაშის წინ “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაურეკა, გამარჯვება უსურვა და უთხრა, რომ სუპერთასის ფინალში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. „ატლეტიკომ“ თავისი ქნა, ჯერი „რეალზეა“.

 

 

ესპანურმა კლუბებმა ევროპაში ბოლო 13-დან 12 თასი მოიგეს.

პრიმერას გუნდები ევროთასების ფინალებში უცხო ქვეყნის გუნდებთან 17 წელია არ მარცხდებიან, 2001-დან მოყოლებული. მას შემდეგ მატჩების ანგარიში 13:0-ია.

კიდევ უფრო დაუნდობელი სტატისტიკა: ესპანურმა გუნდებმა ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ბოლო 9 თასიდან 8 მოიგეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები