LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარები საკონსტიტუციო ცვლილებებით დაინტერესდნენ

35

ბათუმში, ევროპარლამენტისა და ქართული მხარის გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, საქართველოს ოკუპაციისა და საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ევროპარლამენტარები კატი პირი, ედუარდ კუკანი, ანა გომესი, არნე ლეტსი, კლარ მუდი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბარი შეეხო კონსენსუსის არ არსებობას, დიალოგის დეფიციტს, ასევე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს და იმ ცვლილებებს, რომლებიც შედის კანონმდებლობაში ამ მიმართულებით.

ფიქრია ჩიხრაძის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები დაინტერესდნენ კონკრეტულად ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიური შემადგენელი ნაწილია. ევროპარლამენტარები საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებული ამ საკითხებთან დაკავშირებით.

„საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ყველას რეკომენდაციაა დიალოგი, რათა დოკუმენტს ლეგიტიმაცია ჰქონდეს. ამ შეხვედრაზეც ცხადია ამაზე იყო საუბარი.

და ეს საუბარი არამარტო ჩვენთან იყო, იყო იმ ადამიანებთანაც საუბარი ვინც უშუალოდ არიან ამ პროცესში ჩართული, მათ შორის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან. როდესაც ასეთია ვითარება და ამ დროს ჩვენ კიდევ მიზეზებს ვეძებთ იმისათვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგას, ამას არანაირი გამართლება არ აქვს.

ჩვენ შეიძლება მივიღოთ დოკუმენტი, მაგრამ ეს დოკუმენტი იქნება ერთპარტიული დოკუმენტი. მოწოდებები გაისმის, მაგრამ ჩვენ რეალურად გადადგმული ნაბიჯები სამწუხაროდ დღემდე ვერ ვნახეთ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პოპულალურები