LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპას ესპანეთი და შვეიცარია შეურთდნენ

131

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა ტური წუხელ კიდევ სამ ჯგუფში გაიმართა და თუ ყველაფერს არა, ბევრ რამეს გაეცა პასუხი, რადგან რამდენიმე შეხვედრა ცოტა მოულოდნელი შედეგით დასრულდა.
გუშინ საფრანგეთის საგზური ესპანეთმა და შვეიცარიამ გაინაღდეს.
C ჯგუფში როგორც მოსალოდნელი იყო გაიმარჯვა მოქმედმა ევროჩემპიონმა ესპანეთმა, რომელსაც ლუქსემბურგთან ლოგრონიოში გამართულ საშინაო შეხვედრაში დიდი პრობლემები არ ქონია და სანტი კასორლასა და პაკო ალკასარის დუბლებით 4:0 მოიგო.
მთავარი მოილოდნელობა ერთ დროს ჯგუფის ლიდერის და ყველა მატჩის მომგები სლოვაკეთის მარცხი იყო შინ უმოტივაციო ბელარუსთან – 0:1. ამით უკრაინამ ისარგებლა, სტუმრად მაკედონიას 2:0 მოუგო (59 – სელეზნიოვი, 87 – კრავეცი) და სლოვაკებს ქულებით გაუთანაბრდა. მეორე საგზურის ბედს ბოლო ტური გადაწყვეტს და თავად განსაჯეთ ვის უკეთესი შანსი აქვს: სლოვაკეთი ლუქსემბურგში ჩადის, უკრაინა შინ ესპანეთს მიიღებს.
E ჯგუფში ასევე მოულოდნელად წაიბორძიკა სლოვენიამ, რითაც შვეიცარიამ ისარგებლა და ზაფხულში ფრანგულ სტადიონებზე უეჭველი ვიხილავთ. სლოვენიამ შინ ლიტვას ვერ მოუგო, გუნდებმა პენალტები გაცვალეს, შვეიცარიამ კი 7:0 დააფიქსირა სან-მარინოსთან და ბოლო ტურის წინ მეტოქეს 5 ქულით გაუსწრო. კვლავ ყველაფრის მომგებია ინგლისი, რომელმაც ამჯერად ესტონეთს 2:0 აჯობა უოლკოტისა და სტერლინგის გოლებით და 9-დან 9 მოგება მოუგროვდა.
G ჯგუფში ომი მეორე ადგილისთვის არის გაჩაღებული, რომელიც ან შვედებს დარჩებათ, ან რუსებს. ამ ტურმა ვერაფერი გაარკვია და ყველაფერი ბოლო თამაშებისთვის გადაიდო. შვედებმა სტუმრად 2:0 მოუგეს ლიხტენშტეინს (19 – ბერგი, 55 – იბრაჰიმოვიჩი), თუმცა იმარჯვეს რუსებმაც და ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს. რუსეთმა გასვლაზე მოლდოვა 2:1 დაამარცხა. მესამე შეხვედრაში მონტენეგრომ შინ 2:3 წააგო ლიდერ ავსტრიასთან და პლეი-ოფის შანსიც დაკარგა. ბოლო ტურში ყველაფერი მაინც რუსების ხელშია, რადგან ისინი შინ თამაშობენ უკვე უმოტივაციო მონტენეგროსთან, ხოლო შვედები საკუთარ მოედანზე მოლდოვას უმასპინძლებენ. სხვაობა როგორც აღვნიშნეთ 2 ქულაა.
დღეს საღამოს კიდევ სამ ჯგუფში გაიმართება სამ-სამი მატჩი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები