LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში უვიზოდ 55 ათასი ადამიანი გაემგზავრა, მათგან 3 ათასი საქართველოში არ დაბრუნებულა

85

2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 55 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის პირები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს. ხუციშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აღნიშნულმა 3 ათასმა ადამიანმა ევროკავშირთან არსებული 90-დღიანი უვიზო რეჟიმი დაარღვია, ვინაიდან, შესაძლებელია, ამ მოქალაქეების ნაწილი ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს ასევე უვიზო რეჟიმი აქვს.

„შეიძლება მათგან ზოგი უკრაინაში გადავიდა, ზოგი – ბელარუსში, ზოგი – თურქეთში. ცალსახად მათზე ვერ ვიტყვით, რომ 90-დღიანი უვიზო რეჟიმის დამრღვევები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი ჩასმული გვყავს პოტენციურ რისკ ჯგუფში და ვუწევთ მონიტორინგს, რომელი რეგიონებიდან წავიდნენ, ვინ არიან, რა კავშირები აქვთ, პოტენციურად რა შეიძლება აინტერესებდეთ და ა.შ. ძირითადად, დიდი რისკები ჯერჯერობით არ გვქონია, ვინაიდან დიდი მასა, რაც გადის ქვეყნიდან, უკან ბრუნდება. იმ ქვეყნებიდანაც, სადაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან, ჯერჯერობით სიგნალები არ გვაქვს“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ მონაცემებში არ შედიან ის პირები, რომლებმაც სახმელეთო საზღვრებით ისარგებლეს.

„მაგალითად, თუ ვინმე ჩავიდა ბელარუსში, დარჩა ერთი კვირა და მერე ჩავიდა ლიტვაში, ასეთი ხალხი ამ მონაცემებში არ ხვდება“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ქვეყნებს, რომელსაც ყველაზე მეტად სტუმრობენ საქართველოს მოქალაქეები, როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, ვიზიტორების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ ქვეყნებშია, სადაც პირდაპირი ავიარეისები მოქმედებს.

„ვიზიტორების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იმ ქვეყნებშია, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეისებია და ასევე, სადაც დიდი დიასპორა გვყავს – გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, საბერძნეთი და ა.შ. ამ სამი თვით თუ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რისკები დიდი არ არის. პრევენციულმა მუშაობამ, გარკვეულმა საინფორმაციო კამპანიებმა შედეგი გამოიღო და მოქალაქეები მიდიან მოწესრიგებულად. რაც მთავარია, ასევე მოწესრიგებულად ბრუნდებიან უკან“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები