LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონატი 2017: სისტემაში ცვლილებებია

43

ერთ თვეში ბორჯღალოსნები 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვებიან და 19 მარტამდე 5 მატჩს გამართავენ.

რაგბი ევროპის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ტურნირის სისტემაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა:

  • 2017 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთიანად ცალწლიან ციკლზე გადადის. 2009 წლიდან ჩემპიონი ერთი წლის შედეგების მიხედვით ირკვევა, მაგრამ დივიზიონიდან გასავარდნი გუნდის დადგენა აქამდე ორი წლის ჯამით ხდებოდა. ამიერიდან, ყოველ წელს, ბოლო ადგილზე დარჩენილი გუნდი ქვედა დივიზიონის გამარჯვებულთან (ჩვენს შემთხვევაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის „ალაფის“ გამარჯვებულთან) პლეი ოფს გამართავს და გამარჯვებული გაისად ჩემპიონშიპში ითამაშებს;
  • შეიცვალა შეტევის ბონუსის დარიცხვის სისტემა: თუ აქამდე გუნდი დამატებით ქულას მეოთხე ლელოს გატანისას იღებდა (როგორც მოგებული, ასევე წაგებული), ამიერიდან შეტევის ბონუსს გუნდი მაშინ მიიღებს, თუ მეტოქეზე 3-ით მეტ ლელოს დაამიწებს, ანუ რაგბი ევროპის ჩემპიონატი სამხრეთულ მოდელზე (4 ერი, ზე 18) გადავიდა. გარდა ამისა, ტურნირის “დიდი სლემით” – ხუთივე მატჩში გამარჯვებით – მომგები გუნდი დამატებით 1 ქულას მიიღებს.

ამრიგად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ქულების დარიცხვის სისტემა ასეთი იქნება: მოგება 4 ქულა; ფრე 2 ქულა; წაგება 0 ქულა; ბონუსი: +1 ქულა 7 და ნაკლები ქულით წაგებისთვის: +1 მეტოქეზე სამით მეტი ლელოს დადებისთვის; სლემის შესრულება: + 1

  • კიდევ ერთი ცვლილება 2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების წარმატებულმა თამაშმა განაპირობა. რადგან საქართველომ 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაში უკვე დაიბევა, ხოლო 2017 და 2018 წლებში რაგბი ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, რაგბი ევროპას გარკვეული კორექტივების შეტანა მოუხდა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ცხრილები ცალ-ცალკე იწარმოებს. მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ცხრილში არ იქნება გათვალისწინებული საქართველოსთან გამართული შეხვედრების შედეგები; ასევე, არ იქნება გათვალისწინებული ის ქულები, რომელსაც გუნდები ბოლო ადგილოსანთან აიღებენ – თუკი ალაფის გამარჯვებული ელიტის ბოლო დაგილოსანს მოუგებს პლეი ოფს და ციკლის მეორე სეზონში მას ჩაანაცვლებს. შედეგად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ცხრილი 5 ან 4-გუნდა იქნება.

 

გერმანიასთან რუსთავში, რუსეთთან დინამოზე

წელს ბორჯღალოსნები გუნდს სამ თამაშს სტუმრად და ორს შინ გამართავენ. პირველ მატჩში შაბათს, 11 თებერვალს, ბელგიას ბრიუსელში ვხვდებით. თამაში საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება, ხოლო კვირას, 19 თებერვალს, გერმანიას რუსთავის რაგბის სტადიონზე მივიღებთ. მატჩი 15 საათზე დაიწყება.

შაბათს, 4 მარტს, ესპანეთს ვეწვევით პროვინციულ ქალაქ მედინა დელ კამპოში, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 22 ათასია და მუნიციპალური სტადიონი 1 500 მაყურებელს იტევს. ქართველებთან მატჩისთვის სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება და მისი ტევადობა 6 500-მდე გაიზრდება.

კვირას, 12 მარტს საქართველო რუსეთს 54-ათასიან „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს, ხოლო ტურნირს კვირასვე, 19 მარტს ბუქარესტში, რუმინეთთან ჯახით დაასრულებს. თბილისში შეხვედრა 18 საათზე დაიწყება, ხოლო რუმინეთს 17 საათზე ვეთამაშებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები