LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ორი ახალი პროგრამა წარადგინა

113

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ტექნოპარკში გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ორი ახალი პროგრამა წარადგინა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მიერ წარდგენილი ორი პროგრამა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივის ფარგლებში მომზადდა.

„მინდა ევროკავშირის მიმართ მადლიერება გამოვხატო იმ აქტიური და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და რესურსების საშუალებით საქართველოს მიმართ ახორციელებს სახელმწიფოს 4 პუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელების პროცესში. ის მხარდამჭერი ინსტრუმენტები, რაც დღეს იქნა წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, ინოვაციების დასანერგად და შესაბამისი უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ის ასევე ფინანსებთან წვდომის დამატებითი საშუალებაა. ვიმედოვნებ, რომ დამწყები ბიზნესები, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, ასევე დიდი კომპანიები და კომერციული ბანკები ისარგებლებენ იმ შესაძლებლობებით, რასაც ევროპის საინვესტიციო ბანკი იძლევა”- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.

კონფერენციას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპის საინვესტიციო ბანკის მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ჰაინც ოლბერსი, ასევე ბიზნესის, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფინანსური მრჩევლებისა და სფეროს ასოციაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას იმ ქვეყნებში, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამ ქვეყნებში  მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა გაეწევათ.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმი ერთობლივად ქმნიან ინსტრუმენტთა პაკეტს, რომელიც ამ სამ ქვეყანას დაეხმარება ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებათა ამოცანების შესრულებაში.
იგი აგრეთვე გააუმჯობესებს ფინანსებზე წვდომას უკეთესი სასესხო პირობების მეშვეობით და ადგილობრივ შუამავალ ბანკებს შესთავაზებს მცირე და საშუალო საწარმოების პორტფელზე დანაკარგის პირველადი ანაზღაურების გარანტიებს, რაც მათ  საშუალებას მისცემს მეტად გარისკონ და დაფარონ ეკონომიკის ის დარგები, რომლებსაც ამჟამად ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დაფინანსებაზე.