LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს განაპირობებს-პრემიერი

36

გატარებული რეფორმების და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგები კარგად არის ასახული საერთაშორისო რეიტინგებშიც, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.

პრემიერმა რამდენიმე მაჩვენებელი მოიყვანა :

• „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” 2016-2017 წლების „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში” საქართველო 66-ე ადგილიდან გადავიდა 59-ე ადგილზე 138 ქვეყანას შორის;
• „ბიზნესის კეთების სიმარტივის” 2017 წლის რეიტინგში 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-16 ადგილს იკავებს;
• „მსოფლიო ბანკის ჯგუფის” „გადასახადების გადახდის სიმარტივის” 2017 წლის ინდექსში საქართველო, 2016 წელთან შედარებით, 18 ადგილით დაწინაურდა და 22-ე ადგილს იკავებს;
• „Heritage Foundation”-ის 2017 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველო, 2016 წელთან შედარებით, 10 ადგილით დაწინაურდა და 180 ქვეყანას შორის 13-ე ადგილს იკავებს;
• „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს” 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო 64-ე ადგილს იკავებს და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის მედიის თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხი აქვს;
• ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” 2016 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსში” საქართველო 44-ე ადგილს იკავებს 176 ქვეყანას შორის, ხოლო რეგიონში – პირველ ადგილს.

ყოველივე ეს გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ და რაც შეიძლება სწრაფად წავწიოთ ქვეყანა წინ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს ბიზნესისა და მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას მოგების გადასახადის რეფორმირების გზით; განათლების სისტემის რეფორმირებას, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი და პროფესიული განვითარების წახალისებაზე. გარდა ამისა, 4-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის შიგნით კომუნიკაციების გაუმჯობესებას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამაკავშირებელი მაღალი დონის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს გააადვილებს შიდა მიმოსვლას, განავითარებს ადგილობრივ ბიზნესს და გაზრდის საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის, სატრანზიტო პოტენციალს,“ – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტია  და ახალ შესაძლებლობებზე ფიქრი მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საქართველო მზად არის, მეტი ინტენსივობით გააგრძელოს ევროკავშირთან შემდგომი საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ასოცირების შეთანხმების სრულად და ეფექტიანად განხორციელების გზით.

„ამავე დროს, ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავზარდოთ ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს ჩართულობა, გავაღრმაოთ სექტორული თანამშრომლობა და მივაღწიოთ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინტეგრაციის უფრო მაღალ დონეს ევროკავშირთან, ასევე გავაძლიეროთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობა,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ევროპული გზა ერთადერთი გზაა, რომელიც „ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს განაპირობებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები