LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეწევა მუშა, გლეხიც, მთავრობაში, პარლამენტში” – რუსთაველზე მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას ითხოვენ

65

რუსთაველის გამზირზე, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აქციას მართავს და მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას ითხოვს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებს სურთ, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღადგინონ, თავის მხრივ კი აქციის მონაწილეები მოძრაობის ცალმხრივად დაკეტვას ცდილობენ.

ერთ-ერთი მანიფესტანტი პოლიციამ აქციიდან გაიყვანა, კიდევ ერთის გაყვანის საშუალება კი აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.

რუსთაველზე მიმდინარე აქციას ესწრება საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გოგა ხაჩიძე.

“აქ მოვედი იმიტომ, რომ ამის მორალური უფლებაც მაქვს. აღარ მიცავს სადეპუტატო იმუნიტეტი, მოვედი იმიტომ, რომ რაც ქვეყანაში ხდებოდა და ხდება, მარაზმია და შესაცვლელია. მოვედი იმიტომ, რომ ხმა მივაწვდინო ჩვენს მთავრობას, ის ნარკოპოლიტიკა, რომელიც ქვეყანაშია, არქაული, რეპრესიული და შესაცვლელია. საქართველოში გაერო-ს მონაცემებით ნახევარი მილიონი ადამიანი ეწევა. ეს ადამიანები ვართ ყველგან. ეწევა მუშა, გლეხიც, მთავრობაში, პარლამენტში, ყველგან. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, შეუძლებელია ასეთ ფარისევლობაში ვიცხოვროთ, რომ ამდენი ადამიანი მომხმარებელი იყოს, იმალებოდეს და მთავრობა ატარებდეს რეპრესიულ პოლიტიკას. ეს შეიცვლება, უბრალოდ, საკითხია იმაში, რაც შეიძლება მალე შევცვალოთ და რეგიონული ლიდერის პოზიციაში აღმოვჩნდეთ ნარკოტიკებისადმი ლიბერალური მიდგომის თვალსაზრისით”, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.