LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook გვითვალთვალებს? – როგორ აგროვებს სოციალური ქსელი ჩვენს ინფორმაციას

თუ სოციალურ ქსელს აქტიურად იყენებთ, ერთხელ მიანც გაგიჩნდებოდათ განცდა, რომ Facebook თქვენს აზრებს კითხულობს. მას შემდეგ, რაც ფეხსაცმლის შესარჩევად სპორტული მაღაზიის საიტი მოინახულთ, მთელი კვირა ნიუსფიდზე ფასდაკლებები გხვდებათ თვალში, ბავშვის დაბადების დღე ახლოვდება? – Facebook ყოველდღე ბავშვთა ცენტრებს გვთავაზობს, უჩინარმა ინტელექტმა ასევე წარმატებით გამოიცნო მეუღლის დაბადების დღისთვის საჩუქრის შერჩევის დილემა რომ გაქვთ გადასაჭრელი და ქალის აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი შემოგთავაზათ.

 

Big brother watching you

 

პირადი ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების სკანდალში გახვეული სოციალური ქსელის გიგანტი, რეკლამის ეფექტურად შერჩევისთვის რეალურად თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას იყენებს.

თუ კარგად დავფიქრდებით, გავიხსენებთ რომ, ბავშვის დაბადების, ქორწინების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები Facebook-ს თავად მივაწოდეთ, მეუღლე ოჯახის წევრების სიაშია, მას კი საკუთარ პროფილზე დაბადების თარიღი აქვს მითითებული.

რომელ კაფეს, მაღაზიას თუ სავაჭრო ცენტრს ვსტუმრობთ, სად ვცხოვრობთ ან სად ვერთობით FB ამას ჩვენი check in-ებით იგებს, ჩვენს მიერ ხშირად ატვირთული ფოტოები, გაზიარებული მასალები და ლაიქების ანალიზი კი, მომხმარებლის პორტრეტის შედგენაში ეხმარება სოციალურ ქსელს.

რამდენად კანონიერია მომხმარებლებზე ინფორმაციის ამ სახით დამუშავება?! – პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის ინფორმაციით, Facebook პერსონალურ მონაცემებს რეკლამის სწორად გასათვლელად იყენებს და ამას არც მალავს. „ჩვენ გვინდა, რომ რეკლამები, რომლებსაც Facebook-ის მომხმარებლები ხედავენ, გამოსადეგი და შესაბამისი იყოს,“ – ამბობს კომპანიის პრეს სპიკერი. იმისთვის კი, რომ რეკლამები თქვენს გემოვნებას და სურვილებს შეესაბამებოდეს, Facebook-ს ბევრი სხვადასხვა გზაა აქვს შერჩეული:

 

  1. აანალიზებს თქვენს ონლაინ აქტივობას: (გვერდები, რომლებსაც იწონებთ, რეკლამები, რომლებსაც ნახულობთ);
  2. აკვირდება თქვენს ტელეფონს თუ კომპიუტერს: (რა ბრენდს იყენებთ, რომელი ტიპის ინტერნეტს ანიჭებთ უპირატესობას, ტელეფონიდან უფრო ხშირად შედიხართ ინტერნეტში თუ პლანშეტიდან ან კომპიუტერიდან);
  3. აანალიზებს თქვენს და თქვენთან დაკავშირებული ადამიანების მონაცემებსა და გემოვნებას (ვინ არიან თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, ადამიანები, რომლებთანაც ყველაზე ხშირად გაქვთ კომუნიკაცია, რა ონლაინ გემოვნება აქვთ მათ);
  4. აანალიზებს თქვენს ქცევას (სად მუშაობთ, სად აკეთებთ chek in-ს, რა ტიპის სტატიებს კითხულობთ და აზიარებთ).

 

 

Facebook მომხმარებელთა ნაწილის მოსაზრებით, ინფორმაციის ანალიზი ხელსაყრელია და ხშირად უხერხულობისგან მხსნელიც.

„დილიდან გადარბენა მაქვს, ბავშვი, სამსახური, სახლი, საყიდლები, ამ ორომტრიალში საკუთარი დაბადების დღეც კი შეიძლება გადაგვავიწყდეს. განსაკუთრებით რთულია საჩუქრის შერჩევა, როცა სამსახურში ხარ მთელი დღე, მქონია შემთხვევა, ლანჩის დროს როცა მარადიულ კითხვას – რა ვჭამო? ვერ ვპასუხობდი, ნიუსფიდზე მიტანის სერვისი „ამომიხტა“ და მიშველა. Facebook-ის ზუსტი,  მიზნობრივი რეკლამა, სმს რეკლამისგან განსხვავებით არ მაწუხებს,“ – ამბობს მარი დარჩიაშვილი.

 

მარისგან განსხვავებით თუ არ გსურთ, Facebook თქვენს „აზრებს კითხულობდეს“, პერსონალურ მონაცემთა აპარატი რეკომენდაციებს გთავაზობთ:

  • Facebook-ზე რეკლამის შერჩევა მენიუდან – (ads preference setting) არის შესაძლებელი.
  •  უფრო დეტალურად კი, როგორ მუშაობს სარეკლამო სისტემა, ამ ლინკის მეშვეობით შეგიძლიათ გაეცნოთhttps://www.facebook.com/ads/about/…

 

პერსონალურ მონაცემთა აპარატის განმარტებით, იმედი, რომ ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, თქვენი ნიუს ფიდი სრულად გაიწმინდება, არ უნდა გქონდეთ.

გიგანტურ სოციალურ სისტემაში გაწევრიანებულებს ცუკერბერგის თვალი მაინც მოგვწვდება, რეკლამასაც შემოგვთავაზებს და ქორწინების იუბილესაც შეგვახსენებს.

 

 

თამუნა გოგუაძე