LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულიას 4 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება საკრამენტოსთან

32

„გოლდენ სტეიტ უორიორსი“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. ზაზა ფაჩულიას გუნდმა „საკრამენტოს“ უმასპინძლა და 114:100 დაამარცხა. მას შემდეგ, რაც ლიდერი დემარკუს კაზინსი „ნიუ ორლეანში“ გაუშვეს, საკრამენტოელებს 15 მატჩიდან 12 მარცხი აქვთ განცდილი.

აუტსაიდერი „საკრამენტო“ ოკლენდში უშანსოდ იყო. მართალია, ანგარიშში დიდი სხვაობა არ ყოფილა, თუმცა მთელი თამაში გოლდენსტეიტელები ლიდერობდნენ და სტუმრებს წარმატების შანსს არ აძლევდნენ.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 19 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 4 ქულასთან ერთად ზაზამ 8 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ოკლენდელებს 27 ქულით, 12 პასით და 6 ჩაჭრით სტეფ კარიმ ულიდერა. 23 ქულა და 8 მოხსნა დრეიმონდ გრინის ანგარიშზე დაგროვდა.

ეს გახლდათ „გოლდენ სტეიტის“ ზედიზედ მე-6 გამარჯვება. ოკლენდელებმა მცირე ჩავარდნის დროს წამოწეული „სან ანტონიო“ კვლავ ჩამოიტოვეს და ლიგას ლიდერობენ. ფაჩულიას გუნდს 58 გამარჯვების წილ 14 მარცხი აქვს და მომდევნო შეხვედრას 27 მარტს, კვლავ შინ, „მემფისთან“ ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები