LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულიას მე-4 ორმაგი დუბლი და იოლი გამარჯვება

33

ზაზა ფაჩულიამ სეზონის მე-4 ორმაგი დუბლი გაიფორმა, მისმა „გოლდენ სტეიტმა“ კი „ორლანდო მეჯიქი“ იოლად – 122:92 დაამარცხა. ქართველ ცენტრს კიდევ ერთხელ მოუხდა შეხვედრა მონტენეგროელ ცენტრ ნიკოლა ვუჩევიჩთან, რომელთან ბრძოლაშიც კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და „გოლდენ სტეიტის“ გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. ფაჩულია იყო ერთადერთი, ვინც ამ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.

რაც ტრავმის გამო კევინ დიურანტი დროებით გამოაკლდათ, ოკლენდელებს მოგებების მოპოვება უჭირთ, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ამ მხრივ გამონაკლისი იყო. „გოლდენ სტეიტმა“ ფლორიდული გუნდი თავიდანვე ჩამოიტოვა და საბოლოოდ ისე დაამარცხა, სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 21 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 10 ქულა მოაგროვა. ამასთან ერთად ზაზას 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. ფაჩულია 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს. რაც შეეხება მის ოპონენტ ვუჩევიჩს, მონტენეგროელმა ცენტრმა 25 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ვუჩევიჩის 12 სროლიდან მხოლოდ 4-მა მიაღწია მიზანს.

ბოლო პერიოდის წინ „გოლდენ სტეიტი“ 32 ქულით იგებდა, მატჩის ბედი გარკვეული იყო და ასპარეზი ძირითადად სათადარიგოებს დაეთმოთ. გამარჯვებულთაგან ასევე გამოირჩა კლეი ტომპსონი, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა. 25 ქულა და 9 პასი სტეფ კარის ანგარიშზეა.

„გოლდენ სტეიტის“ კონკურენტმა „სან ანტონიომ“ გუშინ „პორტლენდთან“ წააგო და მანამდე თანაბრად მყოფი, „გოლდენ სტეიტს“ ცხრილში ჩამორჩა. ამ გამარჯვებით ოკლენდელებმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს და ახლა 54 მოგების წილ 14 მარცხი გააჩნიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები