LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულიას ოჯახს ემუქრებიან: რას ამბობს ზაზა

45

“გოლდენ სტეიტის“ ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ოჯახს „სან ანტონიოს“ გულშემატკივრები ემუქრებიან. გულშემატკივრებს მოეხსნებათ, რომ დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, „სან ანტონიოს“ ლიდერმა კავაი ლეონარდიმ ტერფის ტრავმა სწორედ ფაჩულიასთან ორთაბრძოლის დროს მიიღო და ამის გამო ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი თავის გუნდს ვერ ეხმარება. „სან ანტონიოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელი განზრახ უხეშ თამაშში დაადანაშაულა, ამ გუნდის ქომაგებმა კი ჩვენებურს მუქარის წერილები გაუგზავნეს. ამის გამო სან-ფრანცისკოს იმ სკოლაში, სადაც ზაზას შვილები სწავლობენ, დაცვის დაქირავება გახდა საჭირო.

ზაზამ თავის მხრივ განაცხადა, რომ არსებული სიტუაციის გამო, ის პასუხისმგებლობას გრეგ პოპოვიჩს არ აკისრებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მწვრთნელის განცხადებამ ამ გუნდის გულშემატკივრები მის მიმართ კიდევ მეტი აგრესიით განაწყო.

“ყველაფერში გრეგ პოპოვიჩს არ ვადანაშაულებ, მაგრამ მისმა სიტყვებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა გულშემატკივრებზე. არასწორია, როცა გულშემატკივრები ჩემს ოჯახს ემუქრებიან. შეუძლიათ გამაკრიტიკონ, მაგრამ ჩემი ოჯახი ამაში არ უნდა მონაწილეობდეს. ჩემ მეუღლეს და შვილებს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ისინი ამას არ იმსახურებენ. პოპოვიჩს ვურჩევ, რომ მწვავე განცხადებების გაკეთებამდე კარგად დაფიქრდეს, რადგან ყველას არ შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა ერთმანეთისგან”, – აღნიშნა ფაჩულიამ.
დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „გოლდენ სტეიტი“ „სან ანტონიოს“ 3:0-ს ამარცხებს და დიდ ფინალამდე ერთი გამარჯვებაღა დარჩა. თავის მხრივ ბოლო, მესამე თამაშში მონაწილეობა მცირე ტრავმის გამო ვერც ზაზამ მიიღო. მომდევნო შეხვედრა 23 მაისს ისევ სან ანტონიოში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები