LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულიას ორმაგი დუბლი, მაგრამ იოლად ეაგებული მატჩი

44

ნბა-ს ორი ლიდერის მატჩს სან ანტონიომ უმასპინძლა, მაგრამ შოუ არ შედგა: მასპინძელმა „სპურსმა“ „გოლდენ სტეიტს“ იოლად – 107:85 მოუგო მატჩი, რომელშიც გუნდებს წამყვანი მოთამაშეების უმეტესობა აკლდათ.

„გოლდენ სტეიტმა“ ტრავმირებული დიურანტის გარდა სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი და ანდრე იგუდალა მოისაკლისა, რომლებიც გუნდის ხელმძღვანელობამ დაასვენა. „სან ანტონიოს“ კი მთავარი ვარსკვლავი – კავაი ლეონარდი ტრავმის გამო გამოაკლდა, ასევე არ ითამაშეს ტონი პარკერმა, ლამარკუს ოლდრიჯმა და დეონტე მიურეიმ.

ზაზა ფაჩულია სტუმართაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველი ორივე გუნდის შემადგენლობაში იყო ერთადერთი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. ფაჩულიასთვის ეს გახლდათ მიმდინარე სეზონის მე-3 ორმაგი დუბლი. ოკლენდელთა ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო თამაში და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ზაზამ 9-დან 4 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 11 ქულას მან 12 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა.

„გოლდენ სტეიტში“ საუკეთესო შედეგი იან კლარკმა დააფიქსირა, რომელმაც 34 წუთში 36 ქულა მიითვალა. 14 ქულა და 9 მოხსნა მეთ ბარნსმა მოაგროვა. ფაჩულიასა და ბარნსთან ერთად „გოლდენ სტეიტის“ სასტარტო ხუთულში იყვნენ შონ ლივინგსტონი, კევონ ლუნი და პატრიკ მაკაუ, რომლებმაც 2-2 ქულა მიითვალეს. „სან ანტონიოში“ 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო პეტი მილსი.

„სან ანტონიო“ წაგებებით გაუთანაბრდა „გოლდენ სტეიტს“, რომელიც მხოლოდ იმიტომაა პირველ ადგილზე, რომ 1-ით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მოგებული. მომდევნო მატჩში, 15 მარტს, ოკლენდელებს „ფილადელფია“ ესტუმრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები