LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FAO საქართველოში ფასების მონიტორინგის და ანალიზის სისტემის დანერგვას ახორციელებს

66

სურსათის ფასების მონიტორინგისა და ანალიზის ელექტრონული სისტემის (FPMA) წარდგენის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ქართველი სტატისტიკოსების, ანალიტიკოსებისა და კერძო სააგენტოების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გამართა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ელექტრონული სისტემა ფასების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ანალიზის თანამედროვე ტექნიკურ გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

FAO-ს ეკონომისტმა, ნატალია მერკუშევამ 15 ქართველი სტატისტიკოსისთვის FPMA სისტემის პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარა. სისტემა ბაზაში მონაცემთა მარტივად შეტანის საშუალებას იძლევა, შემდეგ კი სწრაფად და მარტივად თვლის ცალკეულ ფასებს, ახორციელებს ფასთა შედარებებს, იძლევა ცხრილების ჩამოტვირთვის საშუალებას და ძირითად სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომას.

FPMA და ფასების მონაცემთა ბაზები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2010 წლიდან გამოიყენება. სისტემა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნების მთავრობებს დროული და სანდო ინფორმაციის მოპოვებით უზრუნველყოფს.

როგორც FAO-ში აცხადებენ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარების მიზნით, მიმდინარე წლის დასაწყისში, FAO-მ უკვე განახორციელა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების შესწავლისა და ანალიზის სისტემის დანერგვა. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, FPMA-ს დანერგვას მხარს უჭერს ევროკავშირიც. ქვეყანაში დარგის პოლიტიკის წარმმართველების გარდა, განახლებადი სტატისტიკური მონაცემები ასევე სასარგებლო იქნება სოფლად ოჯახური მეურნეობებისა და ფერმერთა ასოციაციებისთვისაც. სისტემა ფერმერულ საქმიანობაში ჩართულ პირებს საბაზრო ტენდენციებთან თანხვედრაში მყოფი საფასო პოლიტიკის წარმოებაში დაეხმარება. მცირე ფერმერები, რომლებსაც ხშირად მწირი რესურსები გააჩნიათ, მათთვის მეტად ღირებულ ინფორმაციაზე წვდომას მოიპოვებენ, რაც განვითარების ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები