LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაროსანასთან ბრძოლა 15 მილიონ ლარამდე დაჯდა

54

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს მიეძღვნა.

ნიკოლოზ მესხის თქმით, აღნიშნული თანხა შესაწამლი პესტიციდების, ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატების შეძენას დასჭირდა, ასევე, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდა მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების განსახორციელებლად. აღნიშნული პირების ქიმიური პრეპარატერებისგან დაცვის მიზნით ასევე შეიძინეს ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობა.

ნიკოლოზ მესხმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისათვის აზიური ფაროსანა უკვე გამოსაზამთრებლად თბილ ადგილებში იწყებს გადასვლას. მისივე თქმით, ღონისძიებების გატარება გაზაფხულიდან გაგრძელდება, როდესაც ფაროსანა გამრავლებისა და კვებისათვის მწვანე მცენარეებზე ისევ გადაინაცვლებს.

„მავნებელი თავისი ბიოლოგიიდან გამომდინარე ახლა უკვე გამოსაზამთრებელ ადგილებში შედის და სამალავისკენ მიიწევს, რაც ადამიანისათვის შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, შეუძლებელი იყოს მისი პოვნა, მაგრამ გაზაფხულზე, როდესაც გადაადგილდება, ამ დროს მექანიკური ღონისძიებების განხორციელებას უფრო მაღალი ეფექტი აქვს. გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს გადააჭარბებს, ეტაპობრივად იწყება მათი გამოსვლა. ფაროსანა გადაადგილდება სხვადასხვა მწვანე მცენარეებზე, სადაც კვებას, გამრავლებას იწყებს და მთელი სეზონის განმავლობაში მავნებლობს. ზუსტად ამ დროისთვის ჩვენ ძალიან აქტიურად ვიქნებით ჩართულები მომავალი წლის პროგრამისთვის, რათა მავნებლის რიცხოვნობა მინიმალურამდე დავიყვანოთ. თუმცა მხოლოდ ჩვენი სააგენტო ამ ღონისძიებების მასშტაბებს ვერ გაწვდება. სხვა უწყებების, ასევე თითოეული ფერმერის ჩართულობაა საჭირო, რათა გვქონდეს ისეთი შედეგი, როგორც ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნებს ჰქონდათ“, – განაცხადა ნიკოლოზ მესხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები