LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასები გაიზარდა: სურსათზე, ალკოჰოლზე, საწვავზე…

230

2016 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 1.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საანგარიშო თვეში, სურსათის კატეგორიაში ფასების დონე წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა.

ფასების ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილის და სხვა ბოლქვოვანების ჩათვლით შემავალი პროდუქტების ჯგუფში. ამ ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 9.2 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარეობს.

2.9 პროცენტით გაიზარდა ფასები „რძე, ყველი და კვერცხის“ ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე, ხოლო „ხორცზე და ხორცპროდუქტებზე“ 2 პროცენტით გაიზარდა.

საბაზო ინფლაციის ანუ სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გაზომილმა სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდამ 1.8 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.

 

 

სამომხმარებლო კალათის ფასები – საწვავი

2016 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ფასები 1.8 პროცენტით გაიზარდა.

ინფლაციის მატებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი საწვავის ფასებია.

მთელი წლის მანძილზე საწვავის ფასები ინფლაციის შემცირების მიმართულებით მოქმედებდა. თუმცა, ივლისიდან ამ ფაქტორმა ამოწურვა დაიწყო, ხოლო დეკემბერში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო საწვავის ფასები გაიზარდა და წლიურ ინფლაციაში მისმა წვლილმა 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

 

ალკოჰოლი და თამბაქო

„ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს” ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ზრდის გავლენა ინფლაციაზე კვლავ მაღალია. 2015 წლის დასაწყისიდან ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე, აქციზის გადასახადის მატების გამო, ფასები საგრძნობლად გაიზარდა. ამას დაემატა 2017 წლიდან დაგეგმილი აქციზის ზრდა თამბაქოზე, რამაც დეკემბერში ამ პროდუქტზე ფასების მატება გამოიწვია.

შედეგად, დეკემბერში აღნიშნული ჯგუფის ფასების ზრდამ 13.1 პროცენტს მიაღწია, ხოლო საერთო ინფლაციაში ჯგუფის წვლილი 0.8 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა.

 

სურსათის ფასები წლიურად 1.3 პროცენტით გაიზარდა

აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი, მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის ზრდიდან გამომდინარე, „შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის“ ქვეჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ზრდაა (16.3 პროცენტი). ამ ჯგუფის გავლენა ინფლაციაზე 0.5 პ.პ-ია. სურსათის ფასების საერთო დონეზე მკვეთრად უარყოფითი მიმართულებით მოქმედებდა „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის“ ქვეჯგუფში შემავალი კვების პროდუქტების ფასების თითქმის 10 პროცენტით გაიაფება. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა (-0.3 პროცენტიანი წვლილი) კარტოფილზე ფასის 32 პროცენტიან კლებას ჰქონდა. საანგარიშო თვეში ინფლაციის შედარებით მაღალი ტემპი, 4.3 პროცენტი, დაფიქსირდა კავშირგაბმულობის სფეროში. წლიურმა ინფლაციამ „სასტუმროები, კაფეები და რესტორნების“ ჯგუფის საქონელსა და მომსახურებაზე 4.1 პროცენტი შეადგინა. დეკემბერში წლიურ დონეზე ფასების კლებას ადგილი ჰქონდა „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის“ და „ავეჯისა და საოჯახო ნივთების“ სასაქონლო ჯგუფებში, სადაც წლიურმა დეფლაციამ შესაბამისად, -5.7 და -2.5 პროცენტი შეადგინა.

დეკემბერში იმპორტირებული საქონლის ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა. იმპორტირებული საქონლის ფასების ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შაქარზე, სიგარეტსა და საწვავზე მოდის. ამავე დროს, ადგილობრივი საქონლის ინფლაცია 2.2 პროცენტი იყო. ფასები ვაჭრობად და არავაჭრობად საქონელზე თანაბრად, 1.8 პროცენტით, გაიზარდა.

 

ინფლაცია ვაჭრობად და არავაჭრობად საქონელზე

საქონლის მოხმარების ხანგრძლივობის მიხედვით განხილვა გვიჩვენებს, რომ 2016 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასები 1.6, ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე 1.8, ხოლო საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა. საანგარიშო თვეში მომსახურების ფასები 0.1 პროცენტით გაიზარდა. წლიური ინფლაციის მაჩვენებლები შემდეგია: ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასები 2.6 პროცენტით გაიზარდა. საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების ხანგრძლივობის საქონელი შესაბამისად 1.9 და 2.3 პროცენტით გაიაფდა. გაწეულ მომსახურებაზე წლიური ინფლაცია კი 2.2 პროცენტს შეადგენს.