LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერები თხილის მოვლის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან

67

ფერმერები, ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, თხილის მოვლის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში თხილის მწარმოებლებს თხილის ბაღის გაშენებისა და მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიები, დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები, ასევე, თხილის სექტორში არსებული ვითარება, თანადაფინანსებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ფარგლებში არსებული სახელმწიფო პროგრამები და საექსპორტო პოტენციალი გააცნეს.

განსაკუთრებული ყურადღება დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მავნებელთან, აზიურ ფაროსანასთან, ბრძოლის ღონისძიებებს, მათ შორის, შესაწამლი პრეპარატების სწორად გამოყენების საკითხებს დაეთმო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა, სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ფერმერების ჩართულობის გარეშე სახელმწიფო აზიურ ფაროსანას ვერ გაანადგურებს. აუცილებელია, ფერმერებმა მავნებლის მიერ მიყენებული ზარალის მასშტაბები გაითვალისწინონ, ასევე გაითვალისწინონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები და აქტიურად ებრძოლონ მავნებელს“, – განაცხადა რევაზ ასათიანმა.

ადგილობრივი ფერმერების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია, რადგანაც აზიური ფაროსანა ახალი მავნებელია და ბრძოლის ღონისძიებებზე სრულყოფილი ცოდნაა საჭირო. უწყების ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონის შემდეგ, ფერმერებთან შეხვედრები აჭარაში, გურიასა და იმერეთში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები