LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერებს ახალ ტექნოლოგიებს გააცნობენ

87

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საერთაშორისო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის 2018-2019 წლების ეროვნული სტრატეგია წარუდგინა. ღონისძიება სასტუმრო “ჰოლიდეიინში” მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანმა განუცხადა, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მთავარი მიზანია, საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობისა და ცოდნის გადაცემის გზით. მისივე განმარტებით, ექსტენციის სტრატეგია 2018-2019 წლებში ორ ეტაპად განხორციელდება, ხოლო ამ სტრატეგიის განხორციელების პილოტ რეგიონებად შერჩეულია რაჭა-ლეჩხუმი და გურია.

“ჩვენ ეს განხილვა მომზადებული გვაქვს იმაზე, თუ რა ეტაპებისგან, რა საკითხებისგან უნდა იყოს სტრატეგია შემდგარი, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ფერმერები არიან პროდუქციის მწარმოებლები, ამიტომ მათთვის ცოდნის გადაცემისა და ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირების გზით ვაპირებთ ამ სტრატეგიის შემუშავებას. ეს ფერმერებს შეუწყობს ხელს იმ კუთხით, რომ მათ ჰქონდეთ ცოდნა, როგორც ტექნოლოგიების, ასევე აგრარული ბაზრების შესახებ ინფორმაცია. ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტრატეგია ორ ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი ეს იქნება 2018 წელი, რომელიც გულისხმობს პილოტ რეგიონების შერჩევას და იქ ექსტენციის მექანიზმების აპრობირებას. 2019 წელს კი მოხდება უკვე მიღებული ექსტენციის მექანიზმების დივერსიფიკაცია სხვა რეგიონებში და დამოუკიდებელი სამსახურის ჩამოყალიბება. ამ სამსახურის ფარგლებში დადგინდება სისუსტეები, თუ რაში საჭიროებენ ფერმერები ცოდნის გაღრმავებას, შევადგენთ შესაბამის სასწავლო პროგრამებს და ჩაუტარდებათ ტრეინინგები”, – განაცხადა რევაზ ასათიანმა.

ექსტენციის პაკეტები გათვალისწინებული იქნება, მემცენარეობის ან მეცხოველეობის კონკრეტული საწარმოსთვის, ასევე ფერმერული მეურნეობის კონკრეტული სფეროსთვის.

ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი სოფლის მეუნეობის სამინისტრომ ევროკავშირის მხარდაჭერით და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები