LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოფხაძე “ქართულო ოცნებას” ბოდიშს უხდის: ვთხოვ კოლეგებს კომკავშირის შესახებ ნათქვამი ციტატა მომიტევონ

49

ვთხოვ ჩემს კოლეგებს კომკავშირის შესახებ ნათქვამი ციტატა მომიტევონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ის დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებაზე ბოდიშს იხდის. საუბარია მის გუშინდელ განცხადებაზე, როდესაც მან ამ გადაწყვეტილებისთვის მმართველი პარტია კომუნისტებს შეადარა და თქვა,  რომ მას „ქართული ოცნების” ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია უნდა ერქვას.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ  განცხადებები ემოციურ ფონზე კეთდებოდა.

„ეს იყო ემოციური რეაქცია ინფორმაციაზე, რომელიც მივიღე. ეს ხომ ისედაც უტრირებული შეფასებაა, რაზეა საუბარი, ხშირად გამომითქვამს განსხვავებული აზრი, გუნდის შიგნითაც და გუნდის გარეთაც მქონია განსხვავებული პოზიცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არასდროს არ გამხდარა ჩემს მიმართ რამე დისკომფორტის საფუძველი, თუნდაც ბოლო მოვლენებიც გახსოვთ. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი, პოლიტიკური დიალოგის ფორმატში გააგრძელოს ერთიან გუნდად მუშაობა, საუბარი, ურთიერთობა. ვინც ამას ხელს შეუშლის, მოგვთხოვონ, არ არის პრობლემა. ეს ფორმატი უნდა არსებობდეს რეალურად. მიმაჩნია,  რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებით ეს რესურსი გაგვეზარდა და მინდა, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდეს“, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს . ამასთან, ის მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, რომ დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად დარჩეს. მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ სამდივნოს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს ფორმატში უნდა განიხილონ.

„პოზიცია, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს ბიურომ დააფიქსირა, არ არის ბოლო ინსტანცია, რადგან გადაწყვეტილება შეიძლება, დავით ჭიჭინაძემ პოლიტსაბჭოში სადაო გახადოს და მაშინ პარტიის თავმჯდომარესაც მიეცემა საშუალება, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს

თუ ვინმეს რამე წყენა აქვს კერძო საუბრებზე და რაღაც განცხადებების გამო, ამის შეჯერება უნდა მოხდეს. ჩვენი ამოცანა არის საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა, რაც ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა ქვეყნის ცხოვრების პოლიტიკური გენერატორი უნდა იყოს. ამიტომ, პოზიციები უნდა შეჯერდეს, დიალოგი გაგრძელდეს და არ მგონია, რომ ეს პროცესი დათო ჭიჭინაძის გარეშე უნდა წარიმართოს“, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

 

დავით ჭიჭინაძე “ქართულმა ოცნებამ” პარტიიდან გუშინ, 18 ივლისს  გარიცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები