LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფორტუნას” ექსპერიმენტი: რა პრობლემები აქვს განახლებული პეკინის ველობილიკს (ვიდეო)

განახლებული პეკინის გამზირზე ახალ სანიაღვრე სისტემებთან, განახლებულ ზებრა გადასასვლელებთან, დამატებულ შუქნიშნებსა და ავტობუსის გაჩერებებთან ერთად, მთავარი სიახლე ველობილიკია.

პეკინის გამზირზე თბილისის ქუჩებში ჯერჯერობით ერთადერთი ველობილიკის დაგება სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, თბილისში ასეთი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად გაკეთდა.

„ტროტუარი გაფართოვდა და მაქსიმალური კომფორტი იქნება იმისათვის, რომ, როგორც ველოსიპედით, ასევე ფეხით მოსიარულეებმა, თავი იგრძნონ თავისუფლად,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე დამონტაჟდა ველოსადგომები, თავად ველობილიკის სიგრძემ კი 1 კმ შეადგინა. უწყების ცნობითვე, ველობილიკზე მოძრაობა ორმხრივადაა შესაძლებელი.

 

„ფორტუნამ“ განახლებულ პეკინის გამზირზე ველობილიკის შესამოწმებლად ექსპერიმენტი ჩაატარა: ველობილიკის 1კმ-იანი გზა ველომოყვარულმა ბორის პაპავამ გაიარა.

 

 

პაპავას თქმით, ველობილიკი ველოსიპედისტებისთვის ნამდვილად კომფორტულია და ისურვებდა, პეკინის ქუჩის გარდა, მსგავსი ბილიკები სხვა ქუჩებზეც, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას გამზირზეც, დაიხაზოს.

თუმცა, როგორც ბორის პაპავამ აღნიშნა, გარკვეული ხარვეზები პენიკის ველობილიკსაც აქვს.

„პეკინის ქუჩის ბოლოში, ვაჟა-ფშაველას გამზირისკენ, სადაც ველობილიკი მთავრდება, ბორდიურია. ბილიკიც სწორედ აქ მთავრდება. სასურველი იქნებოდა, რომ ამ ბორდიურის ნაცვლად, პანდუსების ასასვლელი ყოფილიყო ისე, როგორც სხვა ბორდიურების დასასრულსაა,“ – თქვა პაპავამ.

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო.  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე გამოიყო.

 

თათია კაკიაშვილი