LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მუსიკალური პროგრამა ეროვნულის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა

169

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მრავალფეროვანი კულტურული პროგრამის მუსიკალური ნაწილი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა. „ალტე ოპერაში“ მოსულმა მსმენელმა ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები მოისმინეს.

საღამო სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდმა გახსნა სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, მათ ქართული საგალობელი „რომელნი ქერუბიმთა“ (სვეტიცხოვლის მონასტრის სკოლა) და ზვიად ბოლქვაძის „განშორება“ შეასრულეს.
სიმფონიურმა ორკესტრმა კი თავისი გამოსვლა ბიძინა კვერნაძის ცეკვა-ფანტაზიით დაიწყო, ასევე შესრულდა ალექსი მაჭავარიანის სიუიტა ბალეტიდან „ოტელო“.

2 აპრილს, ჰამბურგის Elbphilharmonie-ში  გამართული წარმატებული პრემიერის შემდეგ, ამჯერად, ალტე ოპერამ უმასპინძლა ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერ მზეს“. ნაწარმოების შესრულებამდე მაესტრომ მაყურებელს მიმართა და თავისი გულისტკივილი გაუზიარა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ რუსეთის მიერ და მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოსთან მეგობრობისთვის.

გამორჩეული ოვაციები დაიმსახურა გორის ქალთა კამერულმა გუნდმა თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით. მათ იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოებები შეასრულეს.

კონცერტის მეორე განყოფილება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის შედევრს – STYX-ს დაეთმო, სოლისტი აღიარებული ახალგაზრდა ალტისტი გიორგი ცაგარელი გახლდათ, რომელიც ბოლო წლებში, კომპოზიტორის თქმით, მისი ნაწარმოებების ერთერთი საუკეთესო შემსრულებელია.

მსმენელმა კონცერტის მონაწილეები ხანგრძლივი და ემოციური აპლოდისმენტებითა და შეძახილებით დააჯილდოვა.

ნიკოლოზ რაჭველი:

„ძალიან დიდი პატივია, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, დიდი ხნის წინ დაიგეგმა, რომ ჩვენს ორკესტრს უნდა დაეხურა კულტურული პროგრამის მუსიკალური ნაწილი. გერმანიაში სიმფონიური მუსიკის შესრულების დიდი ტრადიციები არსებობს და მიხარია, რომ დღეს ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ქართულ კლასიკასთან ერთად თანამედროვე ნაწარმოებები წარმოვადგინოთ და ზოგადად გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის მიღწევები სხვადასხვა სფეროში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ყველა ორგანიზატორს“

თეონა ცირამუა:

„დიდი პასუხისმგებლობაა დღეს ფრანკფურტის „ალტე ოპერის“ სცენაზე დგომა,  უბედნიერესები ვართ, რომ ასეთ ისტორიულ კონცერტში მოგვიწვიეს გორის ქალთა გუნდი და ასეთი ნდობა გამოგვიცხადეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები