LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის მიღებულმა შემოსავალმა 4 მილიონი ლარი შეადგინა – სუს-ი

53

სუს-ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის, მათ შორის გია თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია, თავის მხრივ კი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე რ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ბრძოლას სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

თავის მხრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს,“ – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები