LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბედეთ საკუთარი აზრის დაფიქსირება – ადამ გალინსკის რეკომენდაციები

ადამიანებს ხშირად უჭირთ საკუთარი პოზიციის დაცვა, აზრის დაფიქსირება, ამჯობინებენ დაეთანხმონ თანამოსაუბრეს ან უფრო უარესი, ჩრდილში იყვნენ და ხმა საერთოდ არ ამოიღონ. ადამ გალინსკიმ TED-ზე ისაუბრა, თუ როგორ უნდა დააფიქსირონ ადამიანებმა საკუთარი აზრი.

“გაბედულად ხმის ამოღება რთულია. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, როცა მე და ჩემი მეუღლე მშობლები გავხდით. ეს იყო გასაოცარი, ბედნიერი მომენტი, მაგრამ თან საშიში და დამთრგუნველი. განსაკუთრებით მაშინ, როცა საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებულები დარწმუნებულები არ ვიყავით, რომ ჩვენი შვილი კვებისას საკმარის საკვებ ნივთიერებებს იღებდა. გვინდოდა პედიატრისთვის დაგვერეკა, მაგრამ თან არ გვსურდა ნერვიული მშობლებივით მოვქცეულიყავით. როდესაც ექიმთან მივედით, მან დაუყოვნებლივ ფხვნილის რძე მისცა ბავშვს, რადგან ძლიერი დეჰიდრატაცია ჰქონდა. ჩვენი ვაჟი ახლა კარგად არის, ექიმმა კი გვითხრა, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავურეკოთ კითხვით. ეს ის შემთხვევაა, როცა საჭირო მომენტში ვერ შევძელი ხმის ამოღება და კითხვის დასმა.

ზოგჯერ, სწორედ მაშინ ვართ გამბედავები, როცა არ უნდა ვიყოთ. 10 წლის წინ ჩემს ტყუპისცალ ძმას იმედები გავუცრუე. ის დოკუმენტალისტია და მაშინ ერთ-ერთი პირველი ფილმისთვის, სადისტრიბუციო კომპანიისგან შეთავაზება მიიღო. შემოთავაზებაზე თანხმობის თქმას აპირებდა, მაგრამ დაჟინებით მოვთხოვე საპასუხო შეთავაზება გაეკეთებინა. ამ შეთავაზებით კომპანია იმდენად განაწყენდა, რომ ჩემ ძმასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

მე ვიკვლევ გამბედაობას. მთელ მსოფლიოში გამოვკითხე ადამიანები, როდის შეუძლიათ გაიტანონ საკუთარი ინტერესები, გამოთქვან საკუთარი აზრი, ან რა უშლით ამაში ხელს. ბევრი ვერსია მოვისმინე, იყო შეკითხვებიც, მაგალითად: შემიძლია ჩემს უფროსს მის მიერ დაშვებული შეცდომა შევუსწორო? შემიძლია დავუპირისპირდე ჩემს თანამშრომელს, რომელიც ჩემს საპასუხისმგებლო საქმეში ცხვირს ყოფს? შემიძლია ჩემი მეგობრის გულგრილი ხუმრობა გავაპროტესტო?…გავაცნობიერე, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს მისაღები ქცევების საზღვრები.

ზოგჯერ ჩვენ მეტისმეტ უფლებას ვაძლებთ ჩვენს თავს, რომ ძლიერები გამოვჩნდეთ, ასე იყო ჩემ ძმასთან მიმართებაში. მისთვის ხომ საპასუხო შეთავაზების გაკეთება მისაღებ ქცევათა საზღვრებს მიღმა იყო. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ, მაგალითად, ჩემი და ჩემი მეუღლის შემთხვევა.

რას ნიშნავს “ჩემთვის მისაღები ქცევების საზღვრები” – მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები ფიქსირებული არაა, ის დინამიურია. კონტექსტის მიხედვით ფართოვდება და ვიწროვდება. საზღვრებს თქვენი ძალაუფლება ადგენს. ძალაუფლება ბევრი სახით გვხვდება. მოლაპარაკებების დროს, ის ალტერნატივების სახით არსებობს. ჩემს ძმას არ ჰქონდა ალტერნატივა და აკლდა ძალაუფლება. კომპანიას კი ჰქონდა ბევრი ალტერნატივა, ძალაუფლებასთან ერთად. მნიშვნელოვანი ისაა, რომ როდესაც ჩვენ დიდი ძალაუფლება გვაქვს, ჩვენი საზღვრებიც ფართოა.

საზღვრების გასაფართოებლად გზები უნდა ვეძებოთ. ბოლო რამდენიმე ათეული წელია, მე და ჩემმა კოლეგებმა აღმოვაჩინეთ რა არის მნიშვნელოვანი: 1. როცა საკუთარ თვალში ხართ ძლიერი. 2. როცა სხვის თვალში ხართ ძლიერი. როცა ძალაუფლებას ვგრძნობ, თავდაჯერებული ვარ და არ მეშინია. მე ვაფართოვებ ჩემს საზღვრებს. როდესაც სხვა ადამიანები ძლიერად აღმიქვამენ, ისინი უფრო მეტად აფართოვებენ ჩემს საზღვრებს.

სხვისი დაცვისას საკუთარი ხმის უფლებას აღმოვაჩენთ. მაგრამ ზოგჯერ, საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი საკუთარი თავის დასაცავად ე.წ. პერსპექტივის აღქმაა. სამყაროს სხვა ადამიანის თვალით უნდა შეხედო. როდესაც თქვენი პერსპექტივიდან ვუყურებ და იმაზე ვფიქრობ, რაც სინამდვილეში გინდათ, უფრო დიდი შანსია მივიღო თქვენგან ის, რაც მსურს.

მთელ მსოფლიოში ვეკითხებოდი, თუ როდის არის კომფორტული მათთვის ხმის ამოღების გაბედვა, პასუხი იყო: “როდესაც მხარდაჭერა მაქვს აუდიტორიაში”, “როდესაც მყავს მოკავშირეები”. როდესაც სხვას ვუჭერთ მხარს, ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს საზღვრებს ჩვენი და სხვა ადამიანების თვალში და ამავე დროს ძლიერ მოკავშირეებს ვიძენთ. მოკავშირეების შეძენის მეორე საშუალება რჩევის კითხვაა. როდესაც ადამიანებს რჩევას ვეკითხებით, მათ ჩვენ მოვწონვართ, რადგან თვითშეფასებას ვუმაღლებთ და ჩვენს თავმდაბლობას ვამჟღავნებთ. მეორე მიზეზი, რომ თავდაჯერებულად გავბედოთ ხმის ამოღება, ჩვენი კომპეტენტურობაა. კომპეტენცია ავტორიტეტს გვმატებს. როდესაც დიდი ძალაუფლება გვაქვს ჩვენ უკვე გვაქვს ავტორიტეტი და დასადასტურებლად მხოლოდ კარგი მტკიცებულება გვჭირდება. როდესაც ძალაუფლების ნაკლებობაა, ავტორიტეტიც არ გვაქვს და ამ შემთხვევაში, იდეალური მტკიცებულებაა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები