LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გაჭირვებული” მძღოლების ყოფა – როცა საპირფარეშოში შესვლა „სპორტი“ და თავსატეხია (ნაწილი II)

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს  დღე-ღამის განმავლობაში 10-15 საათის გატარება ავტობუსსა და „მარშუტკაში“ უწევთ. ბოლო გაჩერებიდან ბოლო გაჩერებამდე კი მთელი დღის განმავლობაში გზაში არიან. არადა, ეს მძღოლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ან მარტივად რომ ვთქვათ, ტუალეტი მათაც ისევე სჭირდებათ, როგორც ყველას. ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კი მათ მხოლოდ ბოლო გაჩერებებზე ფასიან ან კუსტარულად აშენებულ საპირფარეშოებში უწევთ. ისიც იმ შემთხვევაში, თუ გზების გადატვირთულობის გამო, საცობში არ მოუწიათ იმ დროის გამოყენება, რაც მათი ხანმოკლე შესვენებისთვისაა გამოყოფილი.

ორბელიანის მოედანზე, სადაც ავტობუსებისა და „მარშუტკების“ ერთ-ერთი მსხვილი სადგურია, საერთოდ არ არის მძღოლებისა და კონტროლიორებისთვის საპირფარეშო. როგორც „ფორტუნამ“ გაარკვია, მათ ფასიანი საზოგადოებრივი ტუალეტით უწევთ სარგებლობა. საპირფარეშო ფასიანია, თუმცა ავტობუსების მძღოლებისა და კონტროლიორების მომსახურების ხარჯებს კომპანია ფარავს. „მარშუტკის“ მძღოლები კი ამაში თანხას თავად იხდიან. 

ჯადული დანელია ფასიანი საზოგადოებრივი ტუალეტის ინდმეწარმეა. როგორც მან ”ფორტუნას” უთხრა, ”თბილისის სატრანსპორტო კომპანია” მას ამ მომსახურებაში თვეში 700 ლარს უხდის.

”მე ვარ ინდმეწარმე. ხელშეკრულებით მირიცხავენ. მესამე წელია, ასე ვართ. მძღოლები საბუთს წარმოადგენენ ხოლმე და კონტროლიორებს ისედაც ფორმა აცვიათ,” –  აცხადებს ჯადული დანელია.

ანალოგიური მდგომარეობაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ ავტობუსებისა და ”მარშუტკებისსადგურზეც. საპირფარეშოში საფასურის გადახდა აქაც მძღოლებისა და კონტროლიორებისთვის დიფერენცირებულად ხდება.  

”სატრანსპორტო კომპანია” თვეში 150 ლარს მაძლევს. ავტობუსის მძღოლებისა და კონტროლიორებისთვის.  21 წელია, აქ ვმუშაობ და ზეპირად ვიცი, ვინ ვინ არის. თუ ვერ ვცნობ,  ახალი ავტობუსის მძღოლებს ფორმები აცვიათ და იმით ვიცნობ. ”მარშუტკის” მძღოლები თუ მოდიან, იხდიან. იმათ არ ჰყავს ეგეთი კომპანია.  4 საათამდე ვარ, მერე ეს ღიაა. დილას მოვდივარ და ვალაგებ,” – განუცხადა ”ფორტუნას” ფასიანი საპირფარეშოს თანამშრომელმა. 

პოლიტკოვსკაიას ქუჩის ბოლოში მდებარე სადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა საპირფარეშო საკუთარი სახსრებით  რამდენიმე თვის წინ ააშენა. ერთადერთი შენობის კარი იშვიათად იკეტება, რაც როგორც მძღოლები ამბობენ, ქალი კონტროლიორებისთვის დამატებითი დისკომფორტია. არასათანადოდაა დაცული ჰიგიენის ნორმებიც.

”ჩვენი მეორე ბოლო გაჩერებაა ორბელიანის მოედანზე, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელში არის ფასიანი საპირფარეშო. 7-8 წუთი მაინც გეკარგება. ხან ამდენი დრო არ გაქვს, გაგვიანდება. აქაც ძალიან უჭირთ. ქალებს ხელით უჭირავთ ხოლმე კარები. რამდენჯერმე ყოფილა მძღოლი მისულა და გამოუგლეჯია, აბა როგორი საქმეა ეს. საშინლად მოუწესრიგებელია. მაგალითად, ვაზისუბნის ბოლოში ძალიან მოწესრიგებული საპირფარეშოა. ჩვენი თანამშრომლებისთვის უფასოა, სხვა დანარჩენისთვის ფასიანი,” – უთხრა ”ფორტუნას” ყვითელი ავტობუსის მძღოლმა.  

”თბილისის საპტრანსპორტო კომპანიას” თბილისის მასშტაბით 24 ლოკაციაზე,  მათი მძღოლებისა და კონტროლიორებისთვის ფასიანი საპირფარეშოს მომსახურება აქვს შესყიდული. შესაბამისად, თანხას მძღოლების ნაცვლად კომპანია ფარავს.  გარდა ამისა, თბილისის მასშტაბით კიდევ ოთხი ლოკაციაა: ვაზისუბანი, დიდი დიღომი, ვარკეთილი და მუხიანი, სადაც საპირფარეშოები კომპანიის საკუთრებაა. სურვილი აქვთ, თუმცა ამ  ეტაპზე  ფასიანი საპირფარეშოს მომსახურების მძღოლებისთვის შესყიდვას არ გეგმავენ ”თბილისის მიკროავტობუსში”.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

პოპულალურები