LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაჩნდა ბაქტერია, რომელსაც ვერცერთი ანტიბიოტიკი ერევა – არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოში

306

აშშ-ში, ნევადას შტატში დაფიქსირდა ბაქტერიული დაავადება, რომლის წინაშე ყველანაირი მედიკამენტი უძლური აღმოჩნდა.

დაავადებულ ქალს 26 სხვადასხვა ანტიბიოტიკით უმკურნალეს, თუმცა გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე “ფორტუნასთან” აცხადებს, ეს არის ბაქტერიული დაავადება, რომელიც განსაკუთრებული სიმპტომებით არ გამოირჩევა, თუმცა ბაქტერია ყველა ანტიბიოტიკისთვის მდგრადია. ამ ეტაპზე საქართველოში მსგავსი სახის ბაქტერიული დაავადების საფრთხე არ არსებობს, მაგრამ იმნაძის თქმით, იმის გარანტია, რომ საქართველოში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირდება, არ არსებობს.

„იმისთვის, რომ ჩვენ არ გამოვზარდოთ ისეთი ბაქტერია, რომელზეც ანტიბიოტიკი არ იმოქმედებს, საჭიროების გარეშე არ უნდა გამოვიყენოთ ეს მედიკამენტები,“ – აცხადებს იმნაძე.

 

ვირუსი და ანტიბიოტიკი

ანტიბიოტიკი არის სამედიცინო საშუალება, რომელიც ბაქტერიული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ბაქტერიის წინააღმდეგ ანტიბიოტიკი უმოქმედო ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული მედიკამენტი არასწორად და დიდი დოზით გამოიყენება. არ შეიძლება ანტიბიოტიკების გამოყენება ვირუსულ ინფექციებთან საბრძოლველად. როგორც თერაპევტი ელენე ღვამბერიძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ანტიბიოტიკის გამოყენება სამომავლოდ პაციენტს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის.

„ანტიბიოტიკების საჭიროების გარეშე გამოყენება არ არის სწორი მიდგომა. მომავალში პაციენტს სერიოზული მკურნალობა რომ დასჭირდეს, აღნიშნული მედიკამენტებს სამკურნალოდ საჭირო მგრძნობელობა აღარ ექნებათ და გაცილებით დიდხანს გაგრძელდება მკურნალობის ეტაპი,“ – აცხადებს ელენე ღვამბერიძე.

ანტიბიოტიკების მიღების წინააღმდეგია პაციენტების ნაწილიც, თუმცა როგორც ერთ-ერთი პაციენტი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, ხშირ შემთხვევაში თავად ექიმები უნიშნავენ მათ აღნიშნულ პრეპარატებს.

„ზოგადად, არ მიყვარს ანტიბიოტიკების მიღება, იმიტომ რომ ვიცი, რამდენად მავნე შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის, თუმცა ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ძალიან ცუდად გრძნობ თავს. მიდიხარ ექიმთან და ექიმებს აქვთ მზა ტექსტი, რომ მათ არ უყვართ ანტიბიოტიკების დანიშვნა პაციენტებისთვის, მაგრამ ეს გამოუვალი მდგომარეობაა და აუცილებლად უნდა დანიშნონ. აღმოჩნდა, რომ მე არ ვარ გამონაკლისი და ჩემს ახლობლებსაც მსგავსი ტექსტებით ესაუბრებიან. ექიმებმა, ცხადია, იციან, რომ ცუდია ანტიბიოტიკების დანიშვნა, მაგრამ აღნიშნულ ფაქტს გამოუვალი მდგომარეობით ამართლებენ.“

ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა ზრდის სიკვდილიანობას

ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა გლობალური პრობლემაა. ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემა შეიძლება შეექმნას ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს. იმ შემთხვევაში, თუ ბაქტერიული დაავადების დროს ანტიბიოტიკი აღარ მოქმედებს, საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, ხანგრძლივდება მკურნალობის პროცესი და მატულობს სიკვდილიანობის საფრთხეც. იმისათვის, რომ ბაქტერიული დაავადებები თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია ანტიბიოტიკების სწორი და ზომიერი გამოყენება.

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები