LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ივლისს „ბლექ სი არენა“ „სუხიშვილების” კონცერტს უმასპინძლებს

2

2 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ნინო სუხიშვილი სტუმრობდა.

– ქალბატონო ნინო, სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდით ხანგრძლივი ტურნედან, როგორ შეაჯამებდით თქვენს საზღვარგარეთულ გასტროლებს?

– გეთანხმებით, ტურნე მართლაც საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, რადგან თებერვლის თვეში გავემგზავრეთ, ოთხ ქვეყანაში – უკრაინაში, ბელორუსიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ვიმუშავეთ, 48 კონცერტი ჩავარტარეთ და სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდით. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული ტურნე გამოვიდა, მითუმეტეს, რომ უკვე მე-13 წელია ვსტუმრობთ ამ ქვეყნებს ერთსა და იმავე დროს და წარმოდგენებსაც  ყოველთვის წარმატებით ვმართავთ.  გარდა ამისა, წელს მორიგი საიუბილეო წელიწადი გვაქვს. იუბილეები მართლაც არ გვაკლია და ყოველ წელს თუ არა ორ წელიწადში ერთხელ მაინც ვმართავთ საიუბილეო კონცერტებს, რაც ყველასთვის სასიამოვნოა, რადგან საიუბილეო საღამოები ყოველთვის განსხვავებულად იმართება და ჩვენც აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციის შემუშავების საშუალება გვეძლევა. წლევანდელი სეზონი უკვე გავხსენით იანვრის თვეში, ილიკო სუხიშვილის 110 წლისთავს მიეძღვნილი საღამოთი და ბილეთებიც რეკორდულ დროში – 14 საათში გაიყიდა. თუმცა, მაყურებლის თხოვნით, რომელმაც კონცერტზე დასწრება ვერ მოახერხა, მაისის თვეში დამატებით კიდევ სამ საღამოს გავმართავთ.

– რა პროგრამით წარსდგება ანსამბლი მაყურებლის წინაშე?

– საიუბილეო კონცერტებზე, რომლებიც 11, 12 და 13 მაისს გაიმართება დიდ საკონცერტო დარბაზში, განსხვავებულ პროგრამას წარმოვადგენთ, რადგან შეუძლებელია ყოველთვის ერთი და იგივეს ჩვენება, თუმცა კონცეფცია უცვლელი დარჩება, მითუმეტეს, რომ ძალიან საინტერესო წარმოდგენა გამოვიდა თავისი პოლიტიკური სარჩულით. პროგრამა ოსური ცეკვით გაიხსნება, რომელიც ილიკო სუხიშვილის ერთგვარი ძეგლია, რადგან სიმდი პირველად სწორედ ჩვენმა ანსამბლმა დაიდგა 1940-იანი წლების დასაწყისში, ქორეოგრაფიული ნახაზი კი, იმდენად უნიკალური გამოვიდა, რომ დღეს არა მარტო ქართველები, არამედ ოსებიც ზუსტად ასე ცეკვავენ. რა თქმა უნდა, ოსურ ცეკვას, ქართული ცეკვა შეცვლის და ესეც ძალიან სიმბოლურია. მერე კი, ხორუმი იქნება და წარმოდგენა აფხაზური ცეკვით გაგრძელდება. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ხორუმის უწყვეტი ქორეოგრაფიული ხაზიც ბაბუამ მოიფიქრა და დღეს მისი სხვანაირად ცეკვა უბრალოდ წარმოუდგენელია. ძალიან გვინდოდა, რომ საქართველოს დარღვეული მთლიანობა ჩვენს პროგრამაში გაგვერთიანებინა, ჩვენ მაინც შეგვენარჩუნებინა ქვეყნის მთლიანობა და ხაზი გაგვესვა, რომ საქართველო ჩვენთვის ყოველთვის ერთიანია და შესაბამისად, ყველა კუთხის წარმოჩენაც მეტად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საღამოზე იმ ახალ ცეკვებსაც წარმოვადგენთ, რომლებიც უმცროსმა ილიკო სუხიშვილმა დადგა, ბებიას, ბაბუას მიუძღვნა და ბოლო წლებში ნამდვილ ჰიტადაც იქცა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – აუცილებლად ავღნიშნავ 15 ივლისის კონცერტს, რომელსაც პირველად გავმართავთ Black Sea Arena-ს სცენაზე და მეტად მნიშვნელოვანი წარმოდგენა იქნება, რადგამ უზარმაზარ და ულამაზეს დარბაზში კონცერტი ისევ უფროსი ილიკო სუხიშვილის ხსოვნას მიეძღვნება, თუმცა, თბილისური კონცერტებისგან განსხვავებით ოდნავ შეცვლილი პროგრამით, მანამდე კი, მორიგი გასტროლი გვაქვს ბულგარეთის თითქმის ყველა ქალაქში, ივნისის ბოლოს კი, ყაზახეთის დედაქალაქში – ასტანაში მივემგზავრებით, სადაც საქართველოს დღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მივიღებთ მონაწილეობას. არაკლებ დატვირთული იქნება შემოდგომაც. გასტროლებს სექტემბერიდან დავიწყებთ ინდოეთში, ოქტომბერში შეერთებულ შტატებში გავემგზავრებით, ნოემბრის თვეში კი, ისრაელს ვესტუმრებით. შესაბამისად, თბილისში კონცერტის გამართვას ვეღარ მოვასწრებთ და მსურველებმაც აუცილებლად უნდა იჩქარონ, მაისის კონცერტებზე ბილეთის შეძენა.

– თქვენი აზრით, რა არის  „სუხიშვილების“  ანსამბლის წარმატების მთავარი საიდუმლო?

– სიმართლე გითხრათ, სერიოზულად არასდროს მიფიქრია ჩვენს საიდუმლოზე, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა საიდუმლო. უბრალოდ, ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე, ბოლომდე ვიხარჯებით და ხშირად ვეწირებით კიდეც. ვფიქრობ, მთავრი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმია, რასაც ცოტა ნიჭი, ცოტა გემოვნება, ცოტა ცოდნა და ძალიან ბევრი სიყვარული ემატება და საბოლოოდ ის გამოდის, რასაც თაყვანისმცემელს ვთავაზობთ. ალბათ, წარმატებასაც სწორედ ეს განაპირობებს, მითუმეტეს, რომ ჩვენ მუდმივ ძიებაში ვართ, არასდროს ვკმაყოფილდებით მიღწეულით და ყოველთვის მეტის გაკეთება გვინდა. სხვათაშორის, მეც და ილიკოც ძალიან თვითკრიტიკულები ვართ და სწორედ  მუდმივი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და მეტის გაკეთების სურვილი გვაიძულებს შევქმნათ ის, რაც მაყურებელსაც მოეწონება და არა მარტო საქართველოში იქნება წარმატებული, არამედ მთელ მსოფლიოში.

– როგორც თავად აღნიშნეთ, პრაქტიკულად ეწირებით საყვარელ საქმეს.საინტერსოა როგორ პოულობენ დასის წევრები დროს ოჯახისთვის და პირადი ცხოვრებისთვის?

– ჩვენს მოცეკვავეებს ძალიან კარგი მეუღლეები ჰყავთ, რომლებიც ყოველთვის გაგებით ეკიდებიან მათ გადატვირტთულ სამუშაო გრაფიკს და პროფესიას, რომელიც პრაქტიკულად ცხოვრების ნაწილადაა ქცეული.

– პროდიუსერების მიწვევით, ხშირად მონაწილეობთ სხვადასხვა ტელეპროექტებში. ახლო მომავალში ხომ არ გეგმავთ ახალ პროექტში ან ახალ ფილმში მონაწილეობას?

– გადატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ მივიღე მონაწილეობა ცნობილ პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, თუმცა, ქართული ცეკვის ტურში აუცილებლად დავეხმარებით მონაწილეობას და ჟიურის შემადგენლობაშიც შევაფასებ მათ ნამუშევარს. რაც შეეხება კინოს, ალბათ იცით, რომ ილიკომ რეზო გიგინეიშვილის ბოლო ფილმში „მძევლები“ მამა თევდორეს როლი შეასრულა. სხვათაშორის, ილიკოს მოსკოვში აქვს დამთავრებული თეატრალური აკადემია ქორეოგრაფიისა და სცენური მოძრაობის განხრით, სადაც სამსახიობო ოსტატობასაც სწავლობდა. ამიტომ, მისთვის უცხო არ იყო ფილმში მონაწილეობა, მითუმეტეს რომ, საკმაოდ არტისტულია და ვფიქრობ, როლსაც საკმაოდ კარგად გაართვა თავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები