LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 ოქტომბერს „სხვისი სახლის“ თბილისური პრემიერა გაიმართება

3

გადაცემის ლაივი LIVE

23 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მსახიობები სალომე დემურია და ია სუხიტაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც რუსუდან გლურჯიძის მრავალი საერთაშორისო პრემიის მფლობელი ფილმის „სხვისი სახლი“ თბილისურ პრემიერაზე ისაუბრეს.

– ია, თქვენი აზრით, რატომ უნდა ნახოს ქართველმა მაყურებელმა ფილმი?

– პირველ რიგში იმიტომ, რომ ფილმი ქართულია. ვფიქრობ, დროა ობიექტურად შევაფასოთ და შევიყვაროთ ქართული კინო, რომლის მიმართ მაყურებელი და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა ძალიან სკეპტიკურადაა  განწყობილი. ძალიან მაღიზიანებს, როცა ადამიანს ნანახიც არ აქვს, მაგრამ მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ არ მოსწონს ქართული ფილმები და ხშირად სერიოზული კამათიც მომდის. ჩემი აზრით, პატრიოტიზმი არა დროშების ფრიალი, არამედ საკუთარი კულტურის და ისტორიის სიყვარული და დაფასებაა.

– სალომე, გჯეროდათ რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდით?

– სიმართლე ვთქვა, მუშაობისას არავის ეგონა, რომ ნამუშევარი ასეთ წარმატებული იქნებოდა და ჩვენი სასიამოვნო თავგადასავალიც წლების მანძილზე გაგრძელდებოდა. მართალია, ფილმი უკვე გაიცნო მსოფლიო მაყურებელმა, მაგრამ თბილისური პრემიერისთვის მაინც განსაკუთრებით ვღელავთ.

– ყველაზე რთულად გადასაღებ სცენას ხომ ვერ გაიხსენებდით?

– რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეები ნებისმიერ გადაღებას ახლავს, თუმცა არაჩვეულებრივი ჯგუფი გვყავდა, შესანიშნავი გარემო შეიქმნა და მსახიობებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის საკმაოდ მსუბუქად ჩაიარა გადაღების პროცესმა.

– რამდენად მომთხოვნი იყო თვითონ რუსუდანი?

– უამრავი პროფესიული შეკითხვა მქონდა რუსუდანთან, რომელზეც პასუხს ვერასდროს ვღებულობდი და ბოლოს ისევ თვითონ მიწევდა მოფიქრება. მოგვიანებით მივხვდი, რომ მუშაობის ასეთი მეთოდი ჰქონდა, რომელმაც საბოლოო ჯამში ძალიან გაამართლა.

– ია, თქვენი პატარას ხათრით ახალ შეთავაზებებზე ხომ არ გიწევთ უარის თქმა?

– არაჩვეულებრივი დეიდა მყავს, რომელიც ძალიან მეხმარება, ამიტომ უარის თქმა არაფერზე მიწევს.

– რაიმე სიურპრიზს ხომ არ უმზადებთ მაყურებელს?

– უახლოეს მომავალში ახალგაზრდა დებიუტანტის გრიგოლ აბაშიძის და თინა ყაჯრიშვილის ფილმების პრემიერისთვის ვემზადებით.

– სალომე, თქვენ რა სიახლეს შესთავაზებთ თაყვანისმცემელს?

– მე ყველას დიტო ცინცაძის ახალ ფილმზე „37“ პრემიერაზე მივიწვევ, რომელშიც მთავარ როლს შევასრულებ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები