LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 მარტს ფილარმონიაში მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

3

14 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM”-ს მამუკა ჩარკვიანი, ოთო ნემსაძე, გიორგი მეფისაშვილი და ირაკლი ჭეიშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც 30 მარტს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს.

– ბატონო მამუკა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ამგვარი საღამოს მოწყობა?

– პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ერთგულ მსმენელს და ყველა ჩვენს საღამოზე მოვიწვიო. კონცერტში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მომღერალი მიიღებს მონაწილეობას, რადგან თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ჩემთან ერთად აუცილებლად ახალგაზრდა შემსრულებლებს უნდა ემღერათ.

– გაქვთ თუ არა საყვარელი სიმღერა, რომელიც განსაკუთრებულ მოგონებასთან ან ემოციასთანაა დაკავშირებული?

– ჩემთვის სიმღერები შვილებივითაა და ყველა ძალიან მიყვარს. თუმცა, რამდენიმეს, მათ შორის „ირინოლას“ გამოვარჩევდი, რომელიც ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სიმღერაა.

– „ირინოლა“ მართლაც ძალიან პოპულარული სიმღერაა, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შესრულდება კონცერტზე. თუმცა, საინტერესოა, კიდევ რომელი კომპოზიციების მოსმენის საშუალება ექნება თქვენს თაყვანისმცემელს?

– პროგრამა 25 სიმღერით შევკარით. დიდხანს ვარჩევდით და საბოლოოდ ჩემი აზრით, საუკეთესო კომპოზიციებზე შევჩერდით. საკმაოდ მასშტაბური კონცერტი გამოვა, რაც ვფიქრობ პირველ რიგში მათ გაახარებს, ვისაც ჩემი შემოქმედება მოსწონს.

– ბატონო ირაკლი, სად გაიმართება კონცერტი და ვინ მიიღებს მონაწილეობას?

– კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ოთო ნემსაძე, გიორგი მეფისაშვილი და სხვა ცნობილი შემსრულებლები  მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა სახელებს ჯერ არ გავამხელთ და კონცერტზე მოსულ მსმენელს ერთგვარ სიურპრიზს შევთავაზებთ.

– ოთო, რას ნიშნავს თქვენთვის მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება?

– ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ბატონი მამუკა და მისი შემოქმედება, რადგან რამდენიმე თაობა აღიზარდა მისი სიმღერებზე, დღემდე არ კარგავენ აქტუალურობას და დარწმუნებული ვარ ყოველთვის ასე იქნება.

– თქვენ რომელ სიმღერას შეასრულებთ?

– მე რამდენიმე სიმღერის შესრულების სურვილი გამოვთქვი და ბატონმა მამუკამაც ზუსტად იგივე მთხოვა, თუმცა კონკრეტულად რას ვიმღერებ ჯერ გადაწყვეტილი არაა.

– გიორგი, თქვენ რომელ კომპოზიციებს შეასრულებთ?

– პირველ რიგში აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება თავისი შესრულების მანერით და სიმღერის სტრუქტურით, ყველასგან გამოირჩევა და განსხვავებული ინდივიდუალიზმით ხასიათდება. თამამად შემოძლია ვთქვა, რომ მამუკა ჩარკვიანი ქართული მუსიკის გენიოსია და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის მის კონცერტში მონაწილეობა. მე სიმღერებს: „ხიდზე“ და „სიყვარულის მონობა“ შევასრულებ, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარს.

– ოთო, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, რამდენადაც ვიცი, ალბომზე მუშაობთ?

– მუშაობა უკვე დაწყებულია, ძალიან კარგი სპონსორი გვყავს და იმედია ალბომიც მალე გამოვა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები