40 წელი სცენაზე – როგორ ემზადება მერაბ სეფაშვილი საიუბილეო კონცერტისთვის

40 წელი სცენაზე  – როგორ ემზადება მერაბ სეფაშვილი საიუბილეო კონცერტისთვის

გადაცემის ლაივი LIVE

25 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“, მომღერალი მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა, რომელმაც 14 ოქტომბერს დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე ისაუბრა.

– ბატონ მერაბ, რას შესთავაზებთ თაყვანისმცემელს 14 სექტემბერს დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტზე, რომლითაც 40-წლიან შემოქმედებას აღნიშნავთ?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობაა – დღესასწაული, რომელიც ძალიან მიყვარს, დაგეგმილი კონცერტი კი, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მელომანებმა ისიამოვნონონ.

– 40 წლის მანძილზე უამრავი დაუვიწყარი სიმღერა შექმენით. რა პრინციპით მოამზადეთ საიუბილეო კონცერტის პროგრამა?

– სიმღერები განწყობის მიხედვით შევარჩიე. მართალია, პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა, მაგრამ ერთიანი სულისკვეთება მაინც შეინარჩუნა. ვფიქრობ, მთავარია კონცერტის სტილი, ხასიათი განისაზღვროს, პროგრამა კი, სწორედ განწყობას ერგება.

– საიდუმლოს ხომ არ გაამხელთ და ახალი პროგრამის რამდენიმე სიმღერას ხომ არ დაასახელებთ?

– ბევრ სიმღერას, მათ შორის „სევდიან ფიქრებში მეორდები“, „გაიღიმე“ და მრავალ სხვას განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოვადგენ. რა თქმა უნდა, შესრულდება ახალი სიმღერებიც, მოწვეულ სტუმრებთან ერთად კი, მეტად საინტერესო დუეტები შედგება. კოცერტში გელა ფანჩულიძეც მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ბავშვთა არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს. პირველად მოზარდები ერთ-ერთ კონკურში ვნახე, ძალიან მომეწონა და მათთან ერთად მუშაობის სურვილიც გამოჩნდა.

– ახლო მომავალში ვენაში მართავთ გამოსვლებს. საინტერესოა, ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ყველაზე კარგად რომელ ქვეყანაში მოწყობილი კონცერტს გაიხსენებდით?

– პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც ყოველთვის აქტიურად ესწრებიან ჩემს საღამოებს. განსაკუთრებით სასიამოვნო კი, ისრაელში მოგზაურობა იყო, რადგან ადგილობრივებს ყოველთვის გამორჩეული დამოკიდებულება აქვთ ქართველების მიმართ.

– გაქვთ თუ არა განსაკუთრებული რიტუალი, რომელსაც სცენაზე გასვლის წინ ასრულებთ?

– რიტუალები ნამდვილად არ მაქვს, რადგან მორწმუნე მართმადიდებელი ვარ და ყოველთვის უფალს ვთხოვ დახმარებას.

– გამართული კონცერტით უკმაყოფილო ხომ არ ყოფილხართ ოდესმე?

– ძალიან ცოტა, მაგრამ ასეთი საღამოებიც ყოფილა. ზოგადად, კონცერტის მოწყობას უამარვი ტექნიკური სირთულე ახლავს თან, თუმცა ზოგჯერ ნიუანსები გაუთვალისწინებელი რჩება. მართალია, მსმენელი ამგვარ ხარვეზებს ვერასდროს ამჩნევს, თუმცა თვითონ ყოველთვის ვღიზიანდები.

– გითქვამთ თუ არა ოდესმე უარი კონცერტის გამართვაზე?

– საკმაოდ ბევრჯერ ვთქვი უარი. მაგალითად არ მინდოდა რუსეთში კონცერტის მოწყობა, თუმცა როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ იქაც არიან ქართველები, რომელთაც ჩვენი ყურადღება სჭირდებათ, ასე რომ, შესაძლოა მომავალში ქვეყნების საზღვარზეც კი მოვაწყო კონცერტი.

– ბევრი აღნიშნვას, რომ სწრაფად და რაც მთავარია, წარმატებით შეიცვალეთ იმიჯი. რას უკავშირდება ამგვარი ტრანსფორმაცია?

– ზოგადად, ძალიან მიყვარს სიახლეები და არასდროს ვერიდები ცვლილებებს, თუმცა ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ თმის ვარცხნილობა შევიცვალე, მართლა მნიშვნელოვან მიღწევად კი, თამბაქოზე უარის თქმას ვთვლი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

26 სექტემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები