LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიეტ კუკავა: „დრო არ იძლევა დიდხანს ფიქრის საშუალებას“

24

25 აპრილს რადიო „ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა სტუმრობდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და სტატისტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ბატონმა აიეტმა MBA პროგრამა გაიარა მასაჩუსეტში, კლარკის უნივერსიტეტში.

1997 წელს ბატონი აიეტი Absolute Bank Georgia-ს შეუერთდა, როგორც უფროსი სესხის ოფიცერი. 1997 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საბანკო და საფინანსო სექტორებში. 2004 წელს პირველი საკრედიტო ბიურო „კრედიტინფო საქართველო“ დააარსა, ერთი წლის შემდეგ კი, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ შექმნა და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ჩაიბარა. ჰოლდინგი შვიდ შვილობილ კომპანიას აერთიანებს ლიზინგის, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ბიზნეს-ინფორმაციის, საფინანსო – საინვესტიციო და მიკროსაფინანსო დარგებში.

13100976_1185041824848780_1015885712_n ბატონო აიეტ, ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი 2005 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. რამდენად რთული გზა გაიარა კომპანიამ დღევანდელი შედეგის მისაღწევად?

– ჩვენმა კომპანიამ თავიდანვე რთული გზა აირჩია, რადგან ჩვენ ის იშვიათი კომპანია ვართ, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული დარგების განვითარებით აქციონერებისთვის და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისთვის სარგებლის მოტანა. შესაბამისად, საქმიანობის სფეროდ ქვეყნისთვის საინტერესო დარგები ავირჩიეთ. პირველი საკრედიტო ბიურო იყო, რომელიც დიდი შრომის ფასად დავაარსეთ ოთხ წამყვან ბანკთან ერთად. მოგვიანებით, საფინანსო კომპანიები დავაფუძნეთ – მიკროსაფინანსო, სალიზინგო და საინვესტიციო ბანკი, რომელმაც ათი წლის განმავლობაში უამრავ პროექტში მიიღო მონაწილეობა. იმ პერიოდში ლიზინგი უცხო ხილი იყო საქართველოში, ჩვენ კი, ერთ-ერთი პირველი მიკროსაფინანსო კომპანია ვიყავით. მას შემდეგ 70-მდე კომპანია დაარსდა. ჩვენ მაშინაც პირველ ხუთეულში შევდიოდით, დღესაც ვაგრძელებთ კლასიკურ საფინანსო საქმიანობას და ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ეკონომიკაში, პირველ რიგში კი, იმ რეგიონებში, სადაც ჩვენ ვართ წარმოდგენილი.

 ბიზნესგარემო და ინვესტორების აქტივობა რომ შევაფასოთ, რა მიმართულებით ინტერესდებიან უცხოელი ინვესტორები?

– ჩვენი არასაფინანსო მიმართულება ბიზნეს-ინფორმაციის კომპანიებს მოიცავს და ბოლო 12 წელია საქართველოს ბიზნესზე ინფორმაციას მთელი მსოფლიო ჩვენგან იღებს ანუ, როცა უცხოელები ქართული ბიზნესით ინტერესდებიან, სწორედ ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, რადგან მსოფლიოს ქსელში შევდივართ და ლიცენზირებული კომპანია ვართ.

სხვადასხვა კრიზისის დროს განსხვავებულ კომპანიებზეა მოთხოვნა. როგორც წესი, იმ კომპანიებით ინტერესდებიან, რომლებიც ინვესტიციებს ითხოვენ ან მათი საქმიანობის სფერო ვაჭრობა და დაზღვევაა.

როგორ მუშაობს ინვესტორთა საბჭო და რა უნდა იყოს გათვალისწინებული დღევნდელ გარემოებაში?

– საქართველოს ეკონომიკაზე თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ბიზნესმაც და სახელმწიფომაც მიაქციოს ყურადღება თუ რითი ინტერესდებიან ინვესტორები. განვითარებულ ქვეყნებში ჩვენი ტიპის კომპანიებთან ინვესტორები ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობენ. თავად კომპანიების ინტერესშია შეიტანონ საკუთარი პროფილი მონაცემთა ბაზაში და დააინტერესონ ინვესტორები, რადგან სწორედ ჩვენს მონაცემთა ბაზაში შემოდიან უცხოელები და იმ კომპანიებს ნახულობენ, ვისაც სრულად აქვს შევსებული პროფილი. გარდა ამისა, სახელმწიფო და ქართული კომპანიებიც უნდა ინტერესდებოდნენ და ითხოვდნენ ინფორმაციას თუ რომელი კომპანიების მოძიება ხდება ინვესტორების მხრიდან კონკრეტულ დროს.

13082043_1185041834848779_1502364843_n– თქვენი აზრით, როგორ უნდა მოხდეს კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში?

– რადგან ჩვენი მიზანი ქვეყნის სტრატეგიული დარგების განვითარება იყო, საკრედიტო ბიუროთი და ბიზნეს-ინფორმაციის გავრცელებით დავიწყეთ, რომელიც კომპანიების პროფილებს და დარგებს მოიცავდა. პარალელურად დაფუძნებული გვქონდა საინვესტიციო კომპანია, რომელმაც საკმაოდ სოლიდური ინვესტიციები მოიზიდა ქვეყანაში. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევქმენით სამი ძირითადი დარგი, რომლებიც კაპიტალური ბაზრების აქტიური ფუნქციონირების წინაპირობაა, რადგან როცა ინვესტორი აქციებში აპირებს ინვესტიციის დაბანდებას, სწორედ ჩვენგან იღებს ინფორმაციას.

– რას იტყვით გადასახადის რეფორმის გადავადებაზე?

– ეს ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, რადგან როცა ინვესტორს რეინვესტირება და კომპანიის გარკვეულ მასშტაბზე გაყვანა უნდა მას არ უხდება მთელი რიგი გადასახადების გადახდა. ამ რეფორმით საქართველო რეგიონის ლიდერია, რაც ძალიან დიდი პლუსია. მართალია, გასაუმჯობესებელი ბევრია, მაგრამ არ გვეგონა, რომ პროცესი ასე სწრაფად დაიძრებოდა და მოვლენები ასე პოზიტიურად განვითარდებოდა.

დავუბრუნდეთალიანსი ჯგუფი ჰოლდინგს. რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის სოციალური პასუხისმგებლობა? მოდით, თქვენი კომპანიის პრიორიტეტებზე ვისაუბროთ

– შვიდ წელიწადზე მეტია საქველმოქმედო ფონდი გვაქვს, რომელიც ძირითადად კომპანიის და თანამშრომლების დახმარებით ინვესტირდება. ფონდი ძირითადად სამი მიმართულებით მუშაობს. პირველი – ქართველი ახალგაზრდების ეთიკურ სტანდარტებზე გაზრდაა. აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, რათა ახალგაზრდებმა პასუხისმგებლობა აიღონ არა მარტო საქართველოს ეკონომიკაზე, არამედ მთლიანად ქვეყანაზე. მეორე – ეკონომიკური პროექტებია ჩვენი ბუნების დასაცავად, მესამე კი – კულტურული ძეგლების და ფასეულობების შენარჩუნება.

– რა სამომავლო გეგმები აქვს ბევრი შვილობილი კომპანიით განებივრებული ჰოლდინგის?

– ჯერჯერობით ახალს არაფერს ვგეგმავთ, თუმცა როცა კაპიტალური ბაზრები განვითარდება, გვინდა ჩვენი საინვესტიციო-საბანკო საქმიანობა გავზარდოთ და მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ. გარდა ამისა, ვმუშაობთ ბიზნეს-ინფორმაციის ერთ-ერთი მიმართულებაზე, რომელიც ყველა გასაქირავებელ ან გასაყიდ ქონებაზე მონაცემთა ბაზის შეგროვებას ითვალისწინებს. ჩვენი პარტნიორი ჰოლანდიური კომპანიაა, რომელსაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აქვს მსგავსი გამოცდილება, საქართველოში კი, ჩვენ პირველები ვნერგავთ ამ ბიზნესს.

რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს ჰოლდინგში? რამდენადაც  ვიცი, გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში გენდერული თანასწორობის კონკურსი ჩაატარა და უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვისმიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფს გადასცა.

– ჩვენი ერთ-ერთ კომპანია 99%-ით ქალბატონებითაა დაკომპლექტებული. ამ ტენდენციის გატანას რეგიონებშიც ვგეგმავთ, რადგან გვინდა ის ადამიანები დავასაქმოთ, ვისაც საბაზისო უნარ-ჩვევები აქვს. საერთო ჯამში ამ ეტაპზე 100 პროფესიონალი გვყავს, თუმცა ახლო მომავალში მათი რიცხვის გაზრდას ვგეგმავთ.

უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი გყავთ. როგორია აიეტ კუკავა საქმიანი შეხვედრის დროს და რას აქცევთ ყურადღებას პირველ რიგში?

13077191_1185041838182112_1619820185_n– უცხოელებთან შეხვედრისას, პირველ რიგში მნიშვნელოვანია რამდენად დაინტერესებული არიან ისინი ქვეყნის ეკონომიკით და აქვთ თუ არა გრძელვადიან პერსპექტივები. ზოგ ინვესტორს ისიც კი უხარია, რომ ფრენები ღამითაა, ბაზარზე ბევრი ინვესტორი არ მოვა და კონკურენციაც არ იქნება. ასეთი ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, რადგან მათ არ უნდათ ქვეყნის განვითარება. არადა, ყველაფერი პირიქითაა – რაც უფრო მეტი ინვესტიცია იქნება, მით უფრო გაიაფდება ფული და განვითარდება ქვეყანა, ბიზნესის ღირებულება კი გაიზრდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლეგალურად აპირებს ინვესტორი გადასახადების გადახდას თუ სხვადასხვა მანიპულაციების განხორციელება უნდა.

როგორ მუშაობს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი და რა მთავარ ღირებულებებზე კეთდება აქცენტი თანამშრომლის შერჩევისას?

– პირველ რიგში მომავალი თანამშრომლის გეგმები გვაინტერესებს, რა უნდა მას უახლოს ხუთ წელიწადში – გაზრდა თუ მინიმალურით დაკმაყოფილება. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი მუდმივად იზრდებოდეს და ვითარდებოდეს.

– არის თუ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი?

– რა თქმა უნდა, ინსტიტუტები და განათლების ცენტრები ვერ უზრუნველყოფენ პროფესიონალური კადრების მომზადებას. ჩვენ მინიმუმ ექვსი თვე გვჭირდება მათ გადამსაზადებლად და საჭირო კვალიფიკაციის მისაცემად.

– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი ხელმძღვანელი და რას უნდა ითვალისწინებდეს ყოველთვის?

– კომპანიას ოთხი ძირითადი პრინციპი აქვს: გადაიხადე გადასახადები, მოექეცი თანამშრომელს ისე, როგორც ის გინდა მოგექცეს, არ მოატყუო ინვესტორი და არ მოატყუო კლიენტი.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გააჩნია დრო რამდენი მაქვს. ზოგჯერ გადაწყვეტილების არმიღებას ისევ სწრაფად მიღება ჯობია, რადგან დრო არ იძლევა დიდხანს ფიქრის საშუალებას.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგს”? 

– ”წარმატება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის!”

– რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– არქიტექტორობაზე.

– რა მიზანი გამოძრავებთ სამუშაო დღის განმავლობაში?

– ქვეყნისთვის ღირებულების შექმნა.

როდის ითამაშეთ ბოლოს რაგბი?

–  ბოლოს სამი წლის წინ ვითამაშე.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– ძალიან მიყვარს წიგნების შეგროვება.

პირობითი ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– ალბათ გრაფიკს დინამიკაში.

ყველაზე უცნაურ კონსულტაციას თუ გაიხსენებთ, რომელიც მოთხოვნის მიხედვით  გაეცით. თუ ყველა რაციონალური და მიზანმიმართული იყო?

– ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა, რომელმაც ამერიკის პროგრამის სტიპენდია მოიგო, მე მკითხა რჩევა – ღირდა თუ არა სასწავლებლად წასვლა. რაზეც ვუპასუხე, რომ მთავრობები და პოსტები ყოველთვის იცვლებიან, განათლება კი არასდროს იკარგება.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში, მიზანი უნდა ჰქონდეს და მისი განხორციელებისკენ ისწრაფოდეს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიზანი არა  ეგოისტური, არამედ საზოგადოებისთვისაც სარგებლის მომტანი იყოს. ნებისმიერი მიზნის მიღწევა უამრავი მარცხისა და იმედგაცრუების ხარჯზე ხდება და მხოლოდ მაშინ შეიძლება წარმატების მოპოვება, როცა იცი, რომ შენი საქმიანობით სხვასაც მოუტან სარგებელს.

 

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები