ახალი დასახლება გუდაურში-„მარკო პოლო“ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს

ახალი დასახლება გუდაურში-„მარკო პოლო“ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს

„ბიზნესნიუსის“ სტუმარია „მარკო პოლოს“ ციფრული მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თათული გულბიანი

– სანამ სიახლეებზე გადავალთ, მანამდე „მარკო პოლოზე“ მოგვიყევით, როგორც ვიცი, უკვე 30 წელია ბაზარზე ხართ. როდესაც მენეჯმენტმა გადაწყვიტა ამ სეგმენტში შესვლა, იმ დროს ალბათ არ იყო არც ინფრასტრუქტურა განვითარებული, არც სხვა პირობები არსებობდა, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება თავის დროზე, როგორ დაიწყო სასტუმროს ისტორია

– წელს „მარკო პოლო“ 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ავსტრიული კომპანია ეძებდა კურორტს, რომელიც ევროპულ სტანდარტებზე იქნებოდა მორგებული, სამთო-სათხილამურო სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, ასეთი აღმოჩნდა გუდაური. სწორედ იმ პერიოდში გაიხსნა „მარკო პოლო“, 1988 წელს. ამავე წელს განთავსდა საბაგიროები. რამდენიმე წლის შემდეგ კი სასტუმრო მფლობელობაში ქართველ ბიზნესმენებს გადმოეცა

– მე ვიცი, რომ კატეგორიებად გაქვთ დაყოფილი შეთავაზებები, თავგადასავლების, დასვენების და მივლინების შემთხვევაში პირობები სხვადასხვაა. რას გულისხმობს ეს პაკეტები

– ჩვენი სასტუმრო ოთხვარსკვლავიანია, დაყოფილია იმ კატეგორიებად, რაც უკვე აღნიშნეთ. მომხარებელს შეუძლია, ერთდროულად სამივე სერვისით სარგებლობა. ახალგაზრდები ხშირად მარტო ექსტრემალური სპორტით არიან დაინტერესებულები, ან ოჯახებით სურთ დასვენება. რაც შეეხება მივლინებას, ყოველწლიურად ჩვენ ბევრ სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურას ვმასპინძლობთ. მათ ბიზნესშეხვედრებისთვის , კონფერენციებისთვის მოსახერხებელ სერვისს ვთავაზობთ

– ბიზნესს ახასიათებს სეზონურობა, მით უმეტეს – საკურორტოს. ბოლო წლებში შეიცვალა სიტუაცია, რომ ზამთრის კურორტები მხოლოდ ზამთრის აღარ არის. როგორია ტენდენცია ამ მხრივ, რასაც აკვირდებით წლების მანძილზე

– რა თქმა უნდა, დატვირთვა მოდის ზამთარზე ქართველების მხრიდანაც, ასევე უცხოელი ტურისტების მხრიდანაც, მაგრამ ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებიც დავრჩით ზაფხულში და არ დავკეტეთ სასტუმრო. შეინიშნება, რომ აქამდე თუ ძირითადად, უცხოელი ტურისტები იყვნენ ხოლმე, წელს შევნიშნეთ, რომ ბევრი ქართული ოჯახიც ამოდის ზაფხულში

– ამჟამად რა სიახლეები გაქვთ მომხმარებლებისთვის

– ჩვენ მომსახურება ზაფხულისა და ზამთრის სეზონების მიხედვით გვაქვს დაყოფილი. 25 მარტამდეა ხოლმე ზამთრის სეზონი. წელს კი გადავწყვიტეთ, რომ დამსვენებლებს ზაფხულის ფასი შევთავაზოთ ზამთრის სეზონის დასრულებამდე. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან 115$-დ იქნება შესაძლებელი ორადგილიანი ნომერი საუზმით და სპა-ცენტრის მომსახურებით, აქცია 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

– რადგან ფასები ახსენეთ, როგორია თქვენი კომპანიის საფასო პოლიტიკა

– თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ ვიყოთ ტაბუდადებული ფასებით და ვცდილობთ, სეზონურობის, დატვირთულობის მიხედვით განვსაზღვროთ ფასები. სასტუმრო არ არის მხოლოდ სტანდარტული ნომრებით დაკომპლექტებული, შესაბამისად, ჩვენი საფასო პოლიტიკა ლოიალურია

– რა ტიპის პროექტებზე მუშაობს ამჟამად მენეჯმენტი, რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე

– ვცდილობთ ისეთი პაკეტები შევქმნათ, რომელიც საოჯახო, თუ ინდივიდუალური დამსვენებლებისთვის იქნება მისაღები. განვაახლეთ სპა-ცენტრი, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა კატეგორიის გამაჯანსაღებელ თუ სარელაქსაციო მასაჟებს ვთავაზობთ. იგეგმება მსხვილი პროექტების განხორციელება. ჩვენი კომპანია შემდეგი წლებისთვის გუდაურში ახალი დასახლების შექმნას აპირებს, 800 საძინებლით, ეს იქნება არა მხოლოდ სასტუმროს ტიპის, არამედ ხაცხოვრებელი კომპლექსი თავისი სარეკრეაციო ზონით.

 

12 მარტი, 2018

სხვა ჩანაწერები