LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ლორთქიფანიძე: “რომანის წერას ვიწყებ”

ბლოგებს ერთ-ერთი გამოცემისთვის წერს. მისი ბლოგის აუდიტორია ფართოა. ფიქრობს, რომ საკუთარ ნაწრებს გავს. ბლოგების გარდა, ახლა უკვე რომანის წერას იწყებს. გადაცემის “ბლოგერები საუბრობენ” სტუმარი ალექსანდრე ლორთქიფანიძეა. 

 

– ადრე საკუთარი ბლოგის გაკეთება გადავწყვიტე, რომ თავი მომეყარა იმ აზრებისა და ამბებისთვის, რომლებიც ჩემში ან ჩემ გარშემო ხდებოდა. სუბიექტური ჟურნალისტიკის მშვენიერი შესაძლებლობაა და ვფიქრობდი ამ სივრცის ათვისებას. შემდეგ ჩავერთე შესანიშნავ პროექტში mastsavlebeli.ge და ამ საიტის ერთ-ერთი ბლოგერი გავხდი. ხშირად ვერ ვახერხებ ბლოგების წერას, მაგრამ როცა ვახერხებ, ვცდილობ გულწრფელად ისეთ თემაზე დავწერო, რაც მაწუხებს და ისე დავწერო, როგორც მინდა.

როგორია შენი ბლოგის მიზნობრივი აუდიტორია?

მიზნობრივი აუდიტორია საკმაოდ ფართოა, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად წიგნებზე, განათლებაზე და სამოქალაქო თემებზე ვწერ. ბავშვებიდან დაწყებული – ხანდაზმული ადამიანებით დამთავრებული.

ბლოგებს გამოხმაურება აქვს სოციალურ ქსელში, მკითხველის შეფასებებზე როგორ რეაგირებ?

ძალიან მიხარია ადეკვატური კრიტიკა, ვფიქრობ, ეს გაზრდაში მეხმარება, ხელს მიწყობს დავხვეწო წერის სტილი და თემატიკის სიღრმე. წინასწარ არ ვფიქრობ ხოლმე, როგორი შეფასება მოყვება ბლოგს, თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ჩემდა მოულოდნელად პოსტი ჩავარდნილა, ან პირიქით, არ ველოდი და ათასობით გამოხმაურება მოყოლია.

ბლოგის ავტორი ბლოგს მიღმა…

მაქსიმალურად მიახლოებული ისეთს, როგორიც ბლოგში.  ზოგს გონია, რომ მხიარული ვარ, სინამდვილეში მელანქოლილი და სევდიანი ვარ.

წიგნი, რომელსაც ურჩევ მსმენელს…

მსმენელს ვურჩევ იპოვოს საკუთარი წიგნი, ავტორიტეტების რჩევის, საზოგადოების აზრის და სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე. წიგნი, რომელიც მასში რაღაცას შეცვლის და პიროვნულად გაზრდის. ჩემთვის ასეთი წიგნი იყო, მაგალითად, ჯორჯ ორუელის „1984“.

 

 

აუცილებლად წასაკითხი წიგნების შესახებ

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

 

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. არ არსებობს წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს წაკითხული. არც ისეთი 100 წიგნი არსებობს, რომელიც სიკვდილამდე უნდა წავიკითხოთ. მეტსაც გეტყვით, 50 რჩეული წიგნი მოზარდებისთვის საერთოდ აბსურდია. შესაბამისად აუცილებლობის სიები, შედგენილნი ჯილდოების, თუ გაყიდვების რაოდენობის, თუ კრიტიკოსთა შეფასების, თუ სხვადასხვა მიზეზებით, მხოლოდ მარკეტინგული სატყუარაა და მეტი არაფერი. თუ თქვენ 15 წლის ხართ და ჯერაც არ წაგიკითხავთ „ტომ სოიერის თავგადასავალი“ (აქ ტვენომანები აღშფოთებით შესძახებენ: „ნწ.. ნწ.. უვიცი!“), სანაცვლოდ კი უკვე მოასწარით წაგეკითხათ ჯონ გრინის ყველა რომანი („ფუფ, მდარე ლიტერატურა“), თქვენ არაფერი დაგიშავებიათ, მეტიც, თქვენ გაგიმართლათ, რადგან ძალით არავინ წაგაკითხათ ესა თუ ის სავალდებულო ლიტერატურული ქმნილება. გაგიმართლათ, რომ არავინ დაგემუქრათ, თუ „მობი დიკის“ 10 გვერდს არ წაიკითხავ, ფეხბურთის სათამაშოდ არ გაგიშვებო. მოკლედ, თქვენ თავისუფალი არჩევნის უფლება გქონიათ, რას ირჩევთ – ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ძალიან გაგიმართლათ.

ხანდახან მეკითხებიან, რომელია ის აუცილებელი ლიტერატურა, რაც ამა და ამ ასაკში უნდა ჰქონდეს ბავშვს წაკითხულიო.. ანდა მოზარდსო.. დიდსო, ჩემხელა ადამიანსო.. გულწრფელად გიპასუხოთ? ხანდახან ვურჩევ ხოლმე: „იცით, 12 წლის ბავშვი უკვე გარდამავალ პერიოდშია.. რამე ისეთი შესთავაზეთ, არც ძალიან ბავშვური, არც ძალიან დიდური, აი, მაგალითად „ნარნიას ქრონიკები“, ან თუ კლასიკიდან ავიღებთ, ჯეიმზ ფენიმორ კუპერის რომანები თუნდაც“.. „რამდენის? 8-ის? რა გითხრათ, ალბათ ლინდგრენი საუკეთესო ვარიანტია.. მილნი, დალი, სენდაკი და სხვა მსგავსი ავტორებიც მისწრებაა“.. „ოო, ჰარი პოტერი უნიკალურია, კი, ყველა ასაკში შეიძლება.. ჰო, თქვენთვისაც, მერე რა.. არა, არ ვხუმრობ, მართლა ლამარა ბებია, თქვენთვისაც“.. და ა.შ. ჰო, ასე ვეუბნები ხოლმე, ვანაწილებ კარგი ექიმივით რეცეპტებს, ბოლოს ლამისაა ამბებიც გამოვიკითხო ხოლმე: „როგორაა თქვენი ბავშვი? წაიკითხა ნარნია? აბა? ახლა დიდი გოგოა უკვე“..

არადა, მე ხომ ვთაღლითობ. თვითონ არასოდეს წამიკითხავს ონორე დე ბალზაკი, ანდა გუსტავ ფლობერი.. ჰო, აი ის „მადამ ბოვარიც“ არ წამიკითხავს და მეტსაც გეტყვით, მგონი ჩემი საცოლე სადღაც გულის სიღრმეში დღემდე ვერ მიტანს იმის გამო, რომ უილიამ ფოლკნერის შემოქმედებას არც ისე სრულყოფილად ვიცნობ და მხოლოდ ერთი რომანი მაქვს წაკითხული. თუმცა სულ რომ არ წაგიხდეთ ჩემს ნაკითხობაზე შთაბეჭდილება, აქვე დავაყოლებ, რომ მთლად სტალინზე ლეგენდაში როგორცაა, იმდენი არა, მაგრამ საკმაოდ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული ჩემი ჯერჯერობით ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, რაიმე ნორმები თუ არსებობს, ალბათ, იმ ნორმებზე ბევრად მეტი.. და მთელი ამ გამოცდილების ფონზე, მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივედი: არ არსებობს წიგნი, რომელიც უნდა გვქონდეს წაკითხული. არ არსებობს წიგნი, რომლის წაკითხვითაც ვინმეზე მაღლა დავდგებით ან ვინმე დადგება ჩვენზე მაღლა. მკითხველობა ბუნებრივი მდგომარეობაა, ზედმეტი ძალდატანების გარეშე, ისევეა, როგორც გურმანობა, სპორტული ფანატობა, მელომანობა და ა.შ. წარმოიდგინეთ, კარგ გურმანს ვინმემ რომ დააძალოს, ადექი და ეს მწვადი ბოლომდე შეჭამეო.. ანდა დაემუქროს, 2 შამფურს თუ არ გამოცლი, ეზოში არ ჩაგიშვებო.. ჰო, წიგნიც ასეა, მხოლოდ მაშინ შეგერგება, როცა შენი ნებით ირჩევ, რა წაიკითხო და შენი ნებითვე საზღვრავ – დღეში რამდენი. ხანდახან 2 თვეც კი გადის ისე, რომ ახალ წიგნს ვერ ვეკარები, არ ვარ განწყობაზე, არ „მშია“. ასეთ დროს ჩემ მწერალ მეგობრებსაც კი ვიმტერებ ხოლმე, რომლებიც წასაკითხად თავის ახალ ნაწერს მიგზავნიან, მე კი ვეუბნები, რომ ახლა ვერ, სხვა დროს წავიკითხავ. მერე გაივლის ეს უძრაობის პერიოდი და ერთბაშაც ისე „მომშივდება“ ხოლმე, მივაძღები და შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღე, დღეში 1 წიგნსაც ვნთქავდე. ეს ჩემი მადაა ასეთი. ყველას თავისი მადა აქვს. ზოგს შემწვარი უყვარს, ზოგს მოხარშული, ზოგს მჟავე და ზოგს მწარე. სიმართლე გითხრათ, ერთი ხანობა კლასიკური ლიტერატურა ჩემთვის გამომხმარ, უგემურ პურთან და გაყინულ ცხიმმოთანთალე შესქელებულ წვნიანთან ასოცირდებოდა. ფანტასტიკა კი ნაკვერჩხალზე აგიზგიზებულ ცვრიან მწვადთან, ზედ მოსხმული მაშარაფითურთ. დრო ცვალებადია. ბოლო დროს კლასიკური რომანების კითხვა მომენატრა, თქვენ წარმოიდგინეთ ბალზაკიც კი გადმოვიღე თაროდან. სისუფთავის მოყვარული დედაჩემი რომ არა, ახლა მაგ წიგნს იმსისქე მტვერი ედებოდა, ერთი შეხედვით ჩათვლიდით ორტომეულიაო. თუმცა, ძალიან რომ არ ავცდე თემას, ბავშვებს დავუბრუნდები.

მოკლედ, კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ერთი კარგი გადაცემა მიმყავს, „წიგნების თარო“ და ძალიან ბევრ საინტერესო, კარგ მოზარდთან მიწევს შეხვედრა, გაცნობა, დამეგობრება. სულ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი მივიღო მათგან, ისინი ხომ ასეთი სავსეები არიან ახლა, სავსეები ემოციებით, სურვილებით, ოცნებებით, იმედებით. მეც 10-11 წელს მოვიკლებ ხოლმე ერთი ხელის მოსმით და ვსაუბრობთ ათას რამეზე. ჰოდა, სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა ასობით ასეთ ბავშვს გავესაუბრეთ მე და ტორესა მოსი, გადაცემის კიდევ ერთი სცენარისტი. გვინდოდა გაგვეგო, რა უყვართ, რას კითხულობენ. ფაქტობრივად პატარა კვლევა გამოგვივიდა, შესაბამისი სეგმენტით და თემატიკით. ჰოდა კარგ და სასიხარულო დასკვნებთან ერთად, რამდენიმე არასახარბიელო აზრიც გამოვიტანეთ ამ პროცესიდან. ხშირად ხდება ისე, რომ ბავშვებს ერთი რამის წაკითხვა უნდათ, მშობლები და უფროსები კი სხვას ავალებენ. ბავშვებს სხვა რამ მოსწონთ, უფროსები კი ჩასჩიჩინებენ ქიხია ეგო. ყველა უფროსს არ ეხება, ცხადია, თუმცა ისეთი შემთხვევებიც იყო 15 წლის ბავშვები გვეუბნებოდნენ, თანამედროვე ლიტერატურა, ზოგადად ფანტასტიკა და ფენტეზი, მით უფრო ჰარი პოტერი და მასეთი მდარე ხარისხის წიგნები არ გვიყვარს ჩვენ, ჩვენ უფრო ჰაგიოგრაფია და კლასიკაო.. საყვარელ ნაწარმოებებად „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (შესანიშნავი ჰაგიოგრაფიული ძეგლია. ავტ. შენ.), ანდა ილია ჭავჭავაძის პოეზიაც (ძალზედ აქტუალური და ყოველთვის მწვავე. ისევ ავტ. შენ.) დაასახელეს, ამის თქმისას თან თვალს ვებკამერიდან მარჯვნივ აპარებდნენ, იქ, სადაც სავარაუდოდ მასწავლებელი ან რომელიმე უფროსი იდგა და კმაყოფილი უყურებდა 15 წლის სიცოცხლით სავსე ბავშვებს, რომელთა საყვარელ პერსონაჟადაც არა ჰერმიონ გრეინჯერი ან სირიუს ბლექი, არამედ გაბრიელ დაფანჩული (ფრიად დამსახურებული პიროვნება. ავტ. შენ.) ემეტება, ჰოდა ასეთ დროს, სტანისლავსკისა არ იყოს, არ მჯერა, მეგობრებო. მომიტევეთ და არ მჯერა. უფრო ნამდვილია ამ ასაკში ბავშვებს ქვიდიჩის თამაში და მეგობრებისთვის წრფელი სიყვარულით დახმარების სურვილი ჰქონდეთ, ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი ჰქონდეთ ჯადოსნური ჯოხებითა და ათასნაირი სასწაულებით, ვიდრე უდაბნოში ლტოლვა და მერჩულის ენით საუბარი. მავანმა შეურაცხყოფაში რომ არ ჩამომართვას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია და ამ შემთხვევაში მაგალითის როლს ატარებს და არა კრიტიკის ობიექტისას, მაგრამ ღრმად მწამს იმისი, რომ ბავშვებს, 5 წლისანი იქნებიან ისინი თუ 15-ის, კარგ მკითხველებად, წიგნების გურმანებად ყველაზე უკეთ თავისუფალი არჩევნის უფლება ჩამოაყალიბებს. მდგომარეობა, როცა წიგნებთან დაძალება და დიდაქტიკა კი არ ასოცირდება, არამედ სიამოვნება, თავისუფლება, კითხვისგან მიღებული შეუდარებელი სიხარული. ამ სიხარულის მიღება ჯონ გრინისგანაც შეიძლება, ბალზაკისგანაც, მერჩულისგანაც და როულინგისგანაც (ამ უკანასკნელისგან განსაკუთრებით. პოტერომანი ავტ. შენ.), მაგრამ ყველას თავისი დრო აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერავინ განსაზღვრავს, ვისთვის როდის ვისი დრო დგება. ვერავინ იტყვის, პატარაობაში ლინდგრენის დროა, შემდეგ კლასიკის დრო დგება, შემდეგ ამისი და ამისიო, რადგან ნებისმიერი მათგანის დრო მაშინ დგება, როცა გვსიამოვნებს მისი კითხვა, როცა ჩვენი ცხოვრებისეული განწყობა და მოთხოვნილებები ყველაზე მეტად უხდებიან ამა თუ იმ წიგნს. ჰო, ისიც შეიძლება 15 წლისას „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ უყვარდეს, დიახ, თავისუფლად შეიძლება, ოღონდ ძალდაუტანებლად, თავისი ნებით, თუ ასე მიიღებს, თუ იმ მომენტში ეს სჭირდება თავისივე სურვილებიდან გამომდინარე და არა მასწავლებლის, მშობლისა თუ რომელიმე ავტორიტეტული უფროსის ჩიჩინით.

ბარემ კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ყველა წიგნი წასაკითხია და ამავე დროს, არც ერთი – აუცილებლად. ნუ იკითხავთ – რა უნდა წაიკითხოთ ამა და ამ ასაკში. უბრალოდ იკითხეთ ის, რაც გსურთ. წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი – ბედნიერება.

 

გადაცემის ჩანაწერი: