LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანა ჩემი მთავარი მუზაა” – ბექა გოჩიაშვილი სტუმრად არტ-FM“–ში

18

20 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ პიანისტი ბექა გოჩიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც 28 თებერვალს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

– ბექა, საკმაოდ ახალგაზრდამ მიაღწიეთ უზარმაზარ წარმატებას და ცნობილი მუსიკოსებიც სიამოვნებით მუშაობენ თქვენთან. ბენდის შეცვლას ხომ არ გეგმავთ?

– ჯერჯერობით სტენლი კლარკის ბენდში ვარ და ახალ ალბომზე ვმუშაობ, რომელიც აპრილის თვეში გამოვა. განსხვავებული სტილის მუსიკა და ძალიან სერიოზული ნამუშევარი იქნება, რომელმაც აბსოლუტურად სხვა ეტაპზე გადაგვიყვანს. გარდა ამისა, 28 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩემს ტრიოსთან ერთად გავმართავ კონცერტს და მსმენელს ახალ პროგრამას წარმოვუდგენ.

– ამბობენ, ქართველები განსაკუთრებით მუსიკალური ერიაო. რამდენად იზიარებთ ამგვარ მოსაზრებას?

– მართლაც ძალიან მუსიკალურები ვართ. განსხვავებული სტილის მუსიკას ვუსმენთ, თუმცა მუსიკა ნამდვილად ყველას გვიყვარს.

– თავად რა სტილის მუსიკას უსმენთ?

– რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ჯაზი მიყვარს. თუმცა, ძალიან მომწონს ქართული ფოლკლორი, ჰიპ-ჰოპი და კლასიკური მუსიკა. ნებისმიერი ჟანრის მუსიკას ვაფასებ, რომელმაც გავლენა იქონია კაცობრიობის განვითარებაზე. ზოგადად, ფოლკლორული მუსიკა ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ქართველებს კი, მართლაც უნიკალური საგალობლები, ხალხური შემოქმედება გვაქვს, რომელსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.

– ბევრჯერ გითქვამთ, რომ თქვენთვის მთავარი მუსიკაში საკუთარი თავის პოვნაა. დღეს როგორ შეაფასებდით, მიაგენით თუ არა საკუთარ თავს?

– დღეს უფრო მეტი ვიცი, ვიდრე მანამდე, თუმცა საკუთარი თავის ძიება ისევ გრძელდება, რადგან ეს დაუსრულებელი პროცესია.

– რისი გულისთვის შეიძლება თქვა უარი მუსიკაზე?

– ალბათ, არაფრის. ყველაზე კომფორტულად მუსიკის სამყაროში ვარ და ვფიქრობ, ჩემი ადგილიც სწორედ იქაა.

– ვისთან ითანამშრომლებდით სიამოვნებით?

– სტივი უანდერთან ჩავწერდი ალბომს დიდი სიამოვნებით. ძალიან მომწონს მისი მუსიკა და ვფიქრობ  ადრე თუ გვიან ეს სურვილიც ამისრულდება.

– რამდენად გეხმარებათ მეუღლე პროფესიონალურ საქმიანობაში?

– ანა ჩემი მთავარი მუზაა. ყველაფერში მეხმარება და ხელს მიწყობს, რადგან თვითონაც ძალიან უყვარს მუსიკა.

– ბოლოს რომელი კომპოზიცია მიუძღვენით თქვენს მუზას?

– კომპოზიცის მისი სახელი „ანა“ დავარქვი და თითქმის ყველა კონცერტზე ვასრულებ.

– ანას რა თვისება რა გხიბლავთ ყველაზე მეტად?

– განსხვავებულად თავისუფალია, რაც ძალიან მომწონს.

– სამომავლოდ სად გეგმავთ კონცერტის გამართვას?

– უამრავი კონცერტი მაქვს დაგეგმილი და პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე ვაპირებ მოგზაურობას.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები