LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ჩიქობავამ გადაცემაში “პულსი” დიაბეტის დროს მიმდინარე ნევროლოგიურ გართულებებზე ისაუბრა

27

25 ნოემბერს რადიო „ფორტუნამ“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემამ „პულსი“, კლინიკა „ენმედიცი“-ს ექიმს, ნევროლოგ ანა ჩიქობავას უმასპინძლა, რომელმაც ენდიკრინოლოგიურ დაავადებებზე ნევროლოგიის კუთხით ისაუბრა და აქცენტი დიაბეტის დროს მიმდინარე ნევროლოგიურ გართულებებზე გააკეთა.

– ქალბატონო ანა, რატომაა აუცილებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტსთვის ექიმ-ნევროლოგის მუდმივი მეთვალყურეობა?

– ხშირად, პაციენტი ვერ ხვდება, რატომ ამისამართებს მას ენდოკრინოლოგი ნევროლოგთან. საქმე იმაშია, რომ ენდოკრინოლოგიური და ნევროლოგიური დაავადებები ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია, რადგან მათი მარეგულირებელი სისტემა ერთ სუბსტანციაში – თავის ტვინშია მოთავსებული. გამომდინარე აქედან, პირველ ეტაპზე თითქმის ყველა ენდოკრინული დაავადება ნევროლოგიური ფუნქციების დარღვევით მიმდინარეობს.

– რა დარღვევას აწყდება ნევროლოგი პირველ რიგში შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის შემთხვევაში?

– პირველ რიგში იტვირთება ემოციონალური სფერო, რადგან დიაბეტის დიაგნოზი ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს პაციენტის ემოციონალურ მდგომარეობაზე, იწყება შფოთვა და სხვა უარყოფითი მოვლენები, რაც ხელს გვიშლის შაქრის დონის დარეგულირებაში. გარდა ამისა, არსებობს მეორე შემთხვევაც – შეძენილი შაქრიანი დიაბეტი, ანუ როცა ემოციონალური დატვირთვა ან ძლიერი სტრესი იწვევს დიაბეტის განვითარებას. ალბათ იცით, რომ ინსულინი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ჰორმონია, რომელიც აქვეითებს გლუკოზის კონცენტრაციას სისხლში, თუმცა არსებობს კიდევ ოთხი ჰორმონი, რომლებიც ზოგადად და განსაკუთრებით სტრესის დროს ზრდიან სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას, ანუ ერთი ინსულინის წინააღმდეგ ოთხი ჰორმონი მოქმედებს. პირველ ეტაპზე, როცა გლიკემიის დარეგულირება გვინდა, ვცდილობთ ემოციონალური მდგომარეობის დასტაბილურებას. არიან პაციენტები, რომლებიც მართალია იცავენ დიეტას და გარკვეულ რეჟიმს, მაგრამ შაქრის დონე მაინც მაღალი აქვთ, რაც სწორედ ძლიერი ემოციების ბრალია ანუ სულ მცირე გაღიზიანებაც საკმარისია ამ ჰორმონების გასააქტიურებლად.

– როგორ იწყება პათოლოგია, რომელია პირველადი დარღვევა – ენდოკრინოლოგიური თუ ნევროლოგიური?

– არსებობს მოსაზრება, რომ მეორე ტიპის დიაბეტი ნერვული სისტემის დაავადებაა, ანუ ის ნერვული სისტემის დარღვევის წყალობით ვითარდება. თუმცა, ორივე დაავადების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში, ნაკლებად ვეძებთ პირველად მიზეზს, რადგან მკურნალობას პარალელურად ვატარებთ. დიაბეტით დაავადებულმა იციან, რომ როცა გლუკოზის დონე კლებულობს, მათ სპეციფიური შეგრძნებები – ტაქიკარდია, ოფლიანობა, არტერიული წნევის მომატება და კანკალი ეწყებათ. მედიცინაში ამას გლიპოგიკემიური მდგომარეობა ეწოდება, ნერვული სისტემის ირიტაციის ანუ ნევროზის დროს კი, ვეგეტატიური შეტევები ვითარდება, რომელსაც ზუსტად იგივე სიმპტომები – კანკალი, ჰაერის ნაკლებობა, მაჯისცემის აჩქარება და შფოთვა ახასიათებს, პაციენტის ძალიან უჭირს დიფერენცირება, ის ვერ ხვდება არის ეს გლიპოგიკემიური მდგომარეობა თუ ვეგეტატიური შეტევა, ეშინია, რომ შაქარის დონე ზედმეტად დაიწევს დაბლა, რაცას შესაძლოა გონების დაკარგვაც მოჰყვეს და ამოტომ მაშინვე ნახშირწლებს ღებულობს და არღვევეს დიეტას, ენდოკრინოლოგისთვის კი, ძალიან რთული ხდება შაქრის დონის მოწესრიგება. ნერვული სისტემის ცვლილების კიდევ ერთი მახასიათებელია ტკბილისადმი მიდრეკილება, რომელიც პაციენტს მხოლოდ დიაბეტის განვითრების შემდეგ უჩნდება. ამგარი დარღვევევის მკურნალობა მედიკამენტებით შეიძლება, რომელებიც ემოციონალურ მდგომარეობასაც ამშვიდებენ და მადასაც არეგულირებენ.

– პირველ რიგში რა ახასიათებს შაქრიანი დიაბეტის?

– შაქრიანი დიაბეტი მეტად ვერაგი დაავადებაა. ხშირად პაციენტი საერთოდ ვერ გრძნობს შაქრის მომატებას, რადგან წყურვილის გრძნობა ან გახშირებული შარდვა შესაძლოა ძალიან გვიან ეტაპზეც გამოვლინდეს. მომატებული შაქარი პირველ რიგში მგრძნობარე ნერვებს აზიანებს ანუ იკარგება მგრძნობელობა, თუმცა, ადამიანი ამას გვიან ხვდება და ექიმთან მისულს უკვე ძალიან სერიოზული გართულებები – თირკმელის, კიდურების ან თვალის ფსკერის დაზიანება აღენიშნება. ხშირია, როცა დიაბეტიან პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტი ტკივილის გარეშე ვითარდება და სიკვდილიანობის მიზეზიც პირველ რიგში სწორედ ეს ხდება. შემცირებული მგრძნობელობა მეტად სახიფათოა, რადგან ადამიანმა შესაძლოა დაზიანება მიიღოს, თუმცა, ვერ იგრძნოს და საკუთარი თავი ახალი საფრთხის – ინფექციის შეჭრის და განგრენის განვითარების წინაშე დააყენოს.

– რა დარღვევები აღინიშნება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შაქრიანი დიაბეტის დროს?

– თუ შაქრიანი დიაბეტი მოწესრიგებულია, პაციენტი იცავს რეჟიმს და შაქარიც ნორმაშია, აუცილებელი არაა გამოვლინდეს უარყოფითი მახასიათებლები. მეტიც, მქონდა შემთხვევა, როცა პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს, მოზარდებს ვაკვირდებოდი და აღმოვაჩინე, რომ მათი კოგნიტიური ფუნქციები საკმაოდ მაღალი იყო და განსაკუთრებული ნიჭითაც გამოირჩეოდნენ. ამ უნარებს, რაც არ უნდა უცნაური იყოს სწორედ შაქრიანი დიაბეტი აუმჯობესებს. მაშინ კი, როცა პაციენტი არ იცავს დიეტას და რეჟიმს, შესაძლოა დაავადებამ დიდხანს არ შეაწუხოს, მაგრამ სისხლძარღვებში ისეთი ცვლილებები განვითარდება, რომლებიც ძალიან დააქვეითებს სისხლის გამტარებლობას და თავის ტვინის ჟანგბადით, გლუკოზით და სხვა აუცილებელი საკვები ნივთირებებით მომარაგებას, რასაც აუცილებლად მოჰყვება ათეროსკლეროზული ცვლილებები – თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, წონასწორობის დაკარგვა და მეხსიერების დაქვეითება. მსგავსი დარღვევების შემთხვევაში აუცილებელია გამოკვლევის ჩატარება, რათა ზუსტად დაისვას დიაგნოზი, მკურნალობა კი, მედიკამენტებითაც შეიძლება და ქირურგიული ჩარევითაც.

– რას ურჩევდით მათ, ვისაც არ აქვს კონკრეტული ჩივილები?

– აუცილებლად უნდა ჩატარდეს სკრინინგი. სისხლის ანალიზში ხდება ლიპიდური ცვლის და შედედების ფუნქციის განსაზღვრა. თუ ცხიმების კონცენტრაცია დარღვეულია, იქ ათეროსკლეროზული ფოლაქების ძალიან დიდი რისკია, რისი მკურნალობაც ასევე შეიძლება მედიკემტურად, თუმცა ამას სისტემატიური ხასიათი უნდა ჰქონდეს და პაციენტმა არ უნდა შეწყვიტოს წამლის მიღება თუ თავს კარგად იგრძნობს, ანუ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობა და არასდროს სცადონ მისი იგნორირება, რადგან რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება სხვადასხვა პათოლოგიებისგან თავის დაცვა და აბსოლუტურად სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები