LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო დგებუაძე: “ვინც კრეატიულია, ყველასთვის შემიმჩნევია, რომ დიდობაშიც პატარები არიან და სილაღეს ინარჩუნებენ”

75
maxresdefault

ყველა კომპანიის ხელმძღვანელს სურს ჰყავდეს კრეატიული თანამშრომლები, რომლებსაც ექნებათ საინტერესო, განსხვავებული ხედვა და იდეები. ბევრ კომპანიაში დღეს ფუნქციონირებს კრეატივ ჯგუფები. რა არის საჭირო, რომ სამსახურში შევქმნათ კრეატიული გარემო, რატომ უჭირთ გუნდური მუშაობა საქართველოში და როგორც ვისწავლოთ კრეატიულობა, მარტა ქარუმიძის გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია ტრენერი ანდრო დგებუაძე.

როგორ ესმით კრეატიულობა საქართველოში?

კრეატიულობას ორი „მკვლელი“ ყავს. ადამიანებს ეშინიათ გამოთქვან კრეატიული იდეები, ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს დაცინვა, მადლიერების არ გამოხატვა, გაქილიკება, ანუ იქმნება ერთგვარი უხერხულობის მომენტი იმ ადამიანისთვის, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს კრეატიული იდეა. არის ასევე მეორე პრობლემაც, მაგალითად, ამბობთ იდეას და ვიღაც მიისაკუთრებს, თუ ასეთი უსამართლობის პრეცენდენტი არსებობს, მაშინ გასაგებია რატომ ხდება კრეატიული მოსაზრების გამოთქმისგან თავის შეკავება.

გამოკეტო კარები და მოიფიქრო რამე გენიალური, იშვიათად ხდება, მაშინ მოცარტი უნდა იყო. თუმცა თუ მივცემთ საშუალებას ადამიანებს გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, ჩართავთ და მადლიერი იქნებით, მაშინ შედეგი დაიდება… კრეატიულობას კარგი საინვესტიციო მონაცემები აქვს.

რა არის საჭირო, რომ სამსახურში შევქმნათ კრეატიული გარემო?

კრეატიულობა ახლოს არის გახსნილობის კულტურასთან და მოტივაციასთან. ჩვენ სილაღე და ბუნებრივობა გვაკლია…მენეჯერის ფუნქციაა, შექმნას გახსნილი გარემო. ამისთვის სამართლიანობის განცდაა საჭირო, განცდა იმისა, რომ მაგალითად, იდეას არ მომპარავენ და დამინახავენ. თუ ვენდობით ერთმანეთს, მაშინ აღმოჩნდება, რომ გახსნილები ვართ, ვასწავლით ერთმანეთს, ჩაკეტილ გარემოში კრეატიულობა ვერ იარსებებს. თუ გახსნილობა არსებობს, არსებობს ცოდნა, თუ ცოდნა არსებობს იქნება რეზულტატიც. ამიტომ ყველაფრის საწყისი სამართლიანი გარემოს არსებობაა.

თუ ვიმსჯელებთ, რა ეშველება კრეატიულიობას მაღალ იერარქიულ სტრუქტურაში, ამ შემთვევაში გააჩნია ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ვინ არის, თუ ჩემი უშუალო ხელმძღვანელი მაძლევს ამ გარემოს, მაშინ მე ვიქნები კრეატიული. თუ მენეჯმენტმა კრეატიულობას მწვანე აუნთო, მაშინ კრეატიულობა თვითონ მოიტანს სამსახურებში იერარქიული სტრუქტურების გაბრტყელებას. იდეათა სამყარო ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. დამლაგებელსაც რომ მიახვედრებთ, რომ მისი იდეები ღირებულია, მაშინ რაღაცეები გაბრტყელდება, 21-ე საუკუნეში ხალხი ისწრაფის, რომ სამსახურებში  იერარქიულობა გაბრტყელდეს, რადგან ასე კომპანია უფრო შორს წავა. თუ კი ყოველდღე გეტყვით, რომ მე ვარ თქვენი ხელმძღვანელი და თქვენ თანამდებობრივად ჩემზე დაბლა დგახართ, თუ მოგექცევით, როგორც რიგით 326-ე თანამშრომელს, თქვენ მოიქცევით, როგორც ქვეშევრდომი, არც ინიციატორი იქნებით, არც იდეებს გააჟღერებთ. კრეატიულობა თავის თავში გულისხმობს, რომ უნდა გამოხვიდე დიდი კოლექტივიდან და თქვა, რომ ფიქრობ განსხვავებულად.

რამდენად იკვეთება საქართველოში გუნდური მუშაობის პრობლემა?

გუნდურობა ჩვენ არა მარტო არ ვიცით, ჩვენ გვეშინია მისი. ჩვენ თითოეული ვთვლით, რომ მეფეები ვართ, პატარა ბავშვსაც კი ასე ვზრდით, გვინდა განსაკუთრებულობა, ეს ალბათ ერთგვარი კომპლექსია…იმდენად სასიამოვნოა გახსნილი გარემო, სადაც გაბედავთ იყოთ კრეატიული, სადაც ადამიანები ფიქრობენ,  რომ მარტო მე კი არ უნდა ვიყო კარგად, ყველა უნდა ვიყოთ კარგად. რაგბი კარგი მაგალითია, სადაც გვაქვს წესი, რომ თუ გუნდური არ იქნები, მაშინ შენ წააგებ, იქ ყველაფერი კარგადაა. სადაც იძულებული ვართ და მოგვიწია ვიყოთ გუნდურები, მაშინ მსოფლიო დონეზე ავდივართ.

ინდივიდიალურად რომ დაელაპარაკოთ, ყველას უნდა გუნდურობა, მაგრამ ერთად რაღაც გვჭირს. მათემატიკოსი ჯონ  ნეში ამბობდა, თუ არ გადააზღვიე, რომ არავის არ ეშინოდეს, მაშინ არავინ არ გამოვა და არ გადადგამს პირველ ნაბიჯს. ორი ადამიანი, რომ აიღოთ, აქედან არც ერთი არ ალაგებს სადარბაზოს, უცებ მესამე ძალა რომ აღმოჩნდეს, რომელიც ინიციატორი იქნება და ჩვენ ყველა ერთად დავალაგებთ სადარბაზოს, მერე ვხდებით, რომ მაგარი საქმე გავაკეთეთ და გვერდით სადარბაზოს ერთად ვაჯობეთ.

 როგორ უნდა გამოვიმუშაოთ კრეატიულობა?

გამოკეტეთ ოთახი და ითამაშეთ. არ ვხუმრობ, თამაში არის პირდაპირი პროცესი, რომელიც კრეატიულობას პროვოცირებას უკეთებს. ეს არის პროცესი, როდესაც დაინახავთ ახალ იდეას. ცარიელ ოთახში კრეატიულობა არ იბადება. ვიღაც უნდა იყოს, რომელიც დაგეხმარებათ ამაში და არ უნდა იყოს „მშობელი“,  რომელიც გეტყვით – „მორჩი თამაშს“.  ვინც კრეატიულია, ყველასთვის შემიმჩნევია, რომ დიდობაშიც პატარები არიან და სილაღეს ინარჩუნებენ.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები