LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილი: „ჩემი წარმატება სწავლამ და დიდმა შრომამ განაპირობა”

6

13 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სტუმრობდა.

ფორტეპიანოს კლასით მუსიკალური სკოლის დასრულების შემდეგ, ანიტა რაჭველიშვილმა ვოკალისტის პროფესია აირჩია და კონსერვატორიაში ჩააბარა, მოგვიანებით კი, სწავლა ლა სკალას აკადემიაში გააგრძელა. 2007 წელს ქალბატონ ანიტას პაატა ბურჭულაძის სახელობის პრემია მიენიჭა. მთავარი პარტიები შეასრულა დადგმებში „კარმენი“, „აიდა“, „რიგოლეტო“,”დონ კიხოტი”, „ფიგაროს ქორწინება“ და მრავალი სხვა.

– ქალბატონო ანიტა, რა დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?

– ყველას ინდივიდუალური წარმატების ფორმულა აქვს, თუმცა, უმთავრესი მაინც შრომაა, რადგან მხოლოდ ნიჭი საკმარისი არაა. მართალია, ქართველები ძალიან ნიჭიერები, მაგრამ ძალიან ზარმაცები ვართ, წარმატება კი მხოლოდ დაუღალავი შრომით მოდის. შესაბამისად, ჩემი წარმატებაც, პირველ რიგში, სწავლამ და დიდმა შრომამ განაპირობა, რადგან ყოველთვის მეტის სწავლას და მაქსიმალურად განვითარებას ვცდილობ.

– რამდენად რთული იყო გზა წარმატებამდე?

– პრობლემები ყოველთვის არის, თუმცა მე ყოველთვის იღბლიანი ვიყავი, სკოლიდანვე არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა და სწორედ მათ შემაყვარეს მუსიკა მშობლებთან ერთად.

– საფორტეპიანო განათლების მიღების შემდეგ, რატომ აირჩიეთ ვოკალისტის პროფესია?

– სიმღერა ადრე დავიწყე. 6-7 წლისა ფორტეპიანოსთან ვჯდებოდი, ვუკრავდი, ჯაზს, სოულს ვმღეროდი და საკუთარ სიმღერებს ვწერდი. ძალიან მიყვარდა სიმღერა, რადგან მუსიკოსების ოჯახში ვიზრდებოდი და ყოველთვის მქონდა გემოვნებიანი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა. ვოკალისტობა 17 წლის ასაკში გადავწყვიტე, ერთი წელი ვემზადებოდი, მერე კი კონსერვატორიაში ჩავაბარე.

– რა შთაბეჭდილება დატოვა პირველმა მოგზაურობამ საზღვარგარეთ?

– პირველად იტალიაში ვიმოგზაურე, როცა 2007 წელს მილანში ჩავედი გამოცდების ჩასაბარებლად. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა კულტურამ და ხალხმა, აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი, რომელიც ძალიან მომეწონა.

– ბავშვობაში თუ ფიქრობდით სამყაროს „დაპყრობაზე“?

– სიმართლე ვთქვა, საზღვარგარეთ წასვლაზეც არასდროს მიფიქრია, ამიტომ სწავლის დასრულების შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდი. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს მოგზაურობა, თუმცა ყოველთვის სახლში ვბრუნდები ჩემს ოჯახთან.

– რა მდგომარეობაა დღეს კონსერვატორიაში?

– სამწუხაროდ, კონსერვატორიამ დაკარგა ჩვეული სახე. პრაქტიკულად აღარ გვყავს პედაგოგები, ვისაც ნიჭიერი ახალგაზრდას თუნდაც გარკვეულ ეტაპამდე მიყვანა შეუძლია. რატომღაც ყველა დარწმუნებულია, რომ მოსწავლე აუცილებლად ერთ პედაგოგს უნდა იყოს მიჯაჭვული და სხვასთან კონსულტაციის გავლის საშუალებაც არ აქვს. ბევრმა საერთოდ არ იცის, რა გააკეთოს, როგორ გადაწყვიტოს ის ვოკალური პრობლემები, რაც წესით, საერთოდ არ უნდა ჰქონდეს და რაც პირველ რიგში, სწორედ პედაგოგის დანაშაულია. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, რადგან ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი ძველი, გამოცდილი პედაგოგები. ძალიან მინდა, კონსერვატორიას უკეთესი ხელმძღვანელობა ჰყავდეს, მუშაობის მეტი საშუალება მიეცეს ბატონ რეზო კიკნაძეს, რომელსაც მეტად საინტერესო და პროგრესული იდეები აქვს.

– თქვენი აზრით, რამდენად უნდა იყოს სახელმწიფო ჩართული კონსერვატორიის საქმიანობაში?

– თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ რამდენიმე წარმატებული სფერო გვაქვს და ერთ-ერთი მათ შორის მუსიკაა, ვფიქრობ, სახელმწიფო ვალდებულია, მეტი ყურადღება მიაქციოს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს და განსაკუთრებით კონსერვატორიას, რომელსაც ფინანსური ხელშეწყობა და სწორი მენეჯმენტი სჭირდება, რადგან ბოლო ათი წლის განმავლობაში სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა და კონსერვატორიაც პრაქტიკულად კორუფციაში ჩაიძირა.

– რას გრძნობთ, როცა მსოფლიოს ცნობილი თეატრების შემდეგ, თბილისის ოპერის სცენაზე გამოდიხართ?

– პირველად ოპერაში 2007 წელს ვიმღერე, მეორედ კი უკვე რესტავრირებული, გალამაზებული თეატრის სცენაზე გამოვედი და აიდას პარტია შევასრულე. ბედნიერი ვარ, რომ თეატრი არაჩვეულებრივად მუშაობს ბადრი მაისურაძის ხელმძღვანელობით. ვფიქრობ, ბატონი ბადრი საუკეთესო დირექტორია, რომელიც ოპერას შეიძლება ჰყოლოდა, რადგან გამოცდილი  მუსიკოსია, ძალიან უყვარს ახალგაზრდები და ყველაფერს აკეთებს, რათა ახალი თაობა სცენაზე გამოვიდეს , იმღეროს, ისწავლოს და სწორედ ასე განვითარდეს. შესანიშნავი წარმოდგენები იდგმება ოპერის სცენაზე და ვფიქრობ, მთავარიც სწორედ ესაა – შევქმნათ მაქსიმალურად მეტი.

– შესრულებული პერსონაჟებიდან, ვის მიიჩნევთ ყველაზე ახლობლად?

– სიმართლე ვთქვა, კომპოზიტორი და ლიბრეტისტი ყოველთვის იმდენად მძრაფად, ზოგჯერ გაზვიადებით წარმოაჩენენ პერსონაჟებს, რომ შეუძლებელია, მსგავსი ადამიანების რეალურ ცხოვრებაში მოძიება, თუმცა არის რამდენიმე პერსონაჟი, რომლებთანაც გარკვეულ მსგავსებას მაინც ვპოულობ.

– როგორია ანიტა სახლში, როგორ ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ?

– ყველაზე კარგად სამზარეულოში ვისვენებ. კარგად ვიცნობ ქართულ, იტალიურ სამზარეულოს და ძალიან მიყვარს ახალი კერძების მოფიქრება.

– რამდენად დამღლელია ცნობადობა და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა?

– დამღლელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, ყველაფერს რომ ვთანხმდებოდე რასაც მთავაზობენ. ჩემთვის პრიორიტეტული ოჯახი და მეუღლეა, რომელიც მაქსიმალურად მეხმარება ყველაფერში.

– რა ფრაზით ამხნევებთ საკუთარ თავს მძიმე სიტუაციაში?

– ხშირად ვიმეორებ, რომ „არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარება არ შეიძლება!“

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– სიტუაციას და გადაწყვეტილებას გააჩნია. ზოგადად, სწრაფად, თუმცა მერე ხშირად ვნანობ, ამიტომ, თუ საშუალება მაქვს, ვცდილობ, კარგად დავფიქრდე.

ბლიც-კითხვები:

– პარტია, რომლის შესრულებაზეც ოცნებობთ?

– შარლოტას პარტია ოპერიდან „ვერტერი“.

– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?

– ფაბიო ვოლოს “Come pensare”

– ახალ ნაცნობში, პირველ რიგში, რას აქცევთ ყურადღებას?

– თვალებს, რადგან თვალები არასდროს იტყუება.

– ვისთან გქონდათ ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა?

– ფრანკო ძეფირელისთან, რომელსაც „არენა დი ვერონაზე“ შევხვდი 2010 წელს, „კარმენის“ რეპეტიციის დროს.

– ყავას ანიჭებთ უპირატესობას თუ ნატურალურ წვენს?

– ყავას.

– მელოდრამა უფრო მოგწონთ თუ ტრილერი?

– ძალიან მიყვარს საშინელებათა ფილმების ყურება.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– სწავლის, განვითარების სურვილი და დაუღალავად შრომის უნარი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები