LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანიტა რაჭველიშვილი და ბენდი „პროფიუჟენ“ – მოგონებათა გასაღები“

რადიო „ფორტუნას“ ეთერში მსოფლიოში აღიარებულმა მეცოსოპრანომ და ბენდის „პროფიუჟენ“ დრამერმა, ლადო სიჭინავამ ერთობლივი კოლაბორაციის შესახებ ისაუბრეს. მუსიკოსების სურვილით სიმღერის „Clef of memories”, იგივე „მოგონებათა გასაღები“ მსოფლიო რადიოპრემიერა ექსკლუზიურად რადიო „ფორტუნას“ ეთერში შედგა. მუსიკოსები თანამშრომლობით კმაყოფილები არიან და როგორც თავად აღნიშნეს, საინტერესო სწორედ ის არის, რომ ეს კომპოზიცია როკისა და ქართული ფოლკლორის სინთეზია. კიდევ ერთი ექსკლუზივი! ჩვენი ოფიციალური გვერდის old.fortuna.ge ვიზიტორებს შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, რომელიც გასულ წელს ბათუმშია გადაღებული. მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი; ბენდი „პროფიუჟენ“; მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი; ანსამბლი „მძლევარი“ და ანრი ქარჩავა – ეს ის შემადგენლობაა, რომელმაც „მოგონებათა გასაღები“ პირველად სწორედ შარშან, ბათუმში შეკრებილი საზოგადოებისთვის შეასრულა.

Profusion feat. Anita Rachvelishvili – Clef Of Memories

ანიტა რაჭველიშვილი: „ნიუ-იორკიდან გესაუბრებით. ნამდვილად დატვირთული სეზონია. რაც ეხება სიმღერას „Clef of memories” და ბენდს „Profusion”, თანამშრომლობა დიდი ხნის წინ დაიწყო. ყველაფერი სახუმარო ექსპერიმენტით დაიწყო და მოგვიანებით სერიოზულ თანამშრომლობაში გადაიზარდა და შედეგად რამდენიმე სინგლი ჩავწერეთ. ეს სრული კოლაბორაცია იყო, რადგან ჩვენი დიდი ხნის ოცნება ახდა. ჩავრთეთ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, არაჩვეულებრივი მაესტრო, ნიკოლოზ რაჭველი და თავად ბენდი, რომელიც შარშან ბათუმს ეწვია. ეს სიმღერა პირველად ცოცხალი წარმოდგენის დროს ბათუმში შევასრულეთ. მიხარია მათთან ყოველი თანამშრომლობა. ყველაზე მეტად მიხარია ის, რომ თითოეულ საავტორო კომპოზიციაში ქართულ სულს დებენ. ეროვნულ მუსიკას დებენ, ჩვენსას, ხალხურს და ეს მისასალმებელია, რადგან ქართულ მუსიკას მსოფლიოს აცნობენ. ლადოს დამსახურებაა ის, რომ იტალიელ მუსიკოსებს ასე უყვართ საქართველო.

ლადო სიჭინავა: „ეს სიმღერა დაიწერა ჩვენი მომავალი ალბომისთვის და პირველად ბათუმში შევასრულეთ. კოლაბორაცია საუკეთესო ქართველ მუსიკოსებთან შედგა. ესენი არიან, ანიტა რაჭველიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, „მძლევარი“, ანრი ქარჩავა (ჭუნდური). საინტერესო იყო მუშაობა იმ მხრივ, რომ ეს ნამუშევარი ქართული ფოლკლორისა და როკის სინთეზია. ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ სიმღერა მორგებოდა ანიტა რაჭველიშვილის ხმას. ანიტამაც, თავიდანვე დადებითად მიიღო ეს შეთავაზება. ვფიქრობ, კარგი სიმღერა გამოვიდა. „მოგონებათა გასაღები“ მალე გერმანული ლეიბლის მიერ გამოიცემა. სიმღერა ბაბუისა და შვილიშვილის სიყვარულზეა. როგორც იცით ბენდი საქართველოზე შეყვარებულია. გვიყვარს საქართველო და ეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ნაწილია.

Profusion feat. Anita Rachvelishvili – Clef Of Memories

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი: ანიტა რაჭველიშვილი,  ლადო სიჭინავა