LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილი და გიორგი გაგნიძე სტუმრად „არტ-FM“-ში: „ძალიან დიდი მოვლენა გველის 4 მარტს”

8

21 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ანიტა რაჭველიშვილი და გიორგი გაგნიძე სტუმრობდნენ.

– თბილისში ფრანკო ძეფირელის ცნობილი დადგმა „აიდა“ ჩამოდის, ერთ-ერთ დადგმაში სწორედ თქვენ ასრულებთ წამყვან პარტიებს. რას უმზადებთ მაყურებელს 4 მარტის საღამოს?

ანიტა რაჭველიშვილი:

– ძალიან დიდი მოვლენა გველის 4 მარტს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფრანკო ძეფირელის სპექტაკლი „აიდა“ ჩამოდის ან იმიტომ, რომ ფანტასტიკური დირიჟორი გვყავს დანიელ ორენის სახით, არამედ იმიტომაც, რომ ჩემთვისაა ეს განსაკუთრებული თარიღი, რადგან მე ქართველი ვარსკვლავების, ჩემი უფროსი თაობის მეგობრების  გვერდით ვიქნები, რომელთაგან უამრავი ვისწავლე და უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე. ძალიან გამიმართლა, რადგან კარიერის დაწყებიდან, სულ რამდენიმე წელიწადში მომეცა საშუალება უდიდეს მომღერლებთან ერთად გამოვიდე სცენაზე და მათთან ერთად შევასრულო ვერდის არაჩვეულებრივ ოპერა. აქვე ძალიან  დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ბადრი მაისურაძეს, რომელმაც უნიკალური შესაძლებლობა მისცა ქართველ მაყურებელს და ასეთ ფანტასტიკურ შემადგენლობას მოუყარა თავი. იმედი მაქვს, წინ კიდევ უამრავი ასეთი სპექტაკლი გველის.

გიორგი გაგნიძე:

– ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სამშობლოში ვარ და 4 მარტს ჩემი საყვარელი მსმენელისთვის ვიმღერებ. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „აიდა“ პირველად 2001 წელს დაიდგა ვერდის მშობლიურ ბუსეტოში, კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე, ახლა კი, იგივე წარმოდგენა თბილისში იდგმება.

– რამდენადაც ვიცი, თქვენმა დუეტმა უკვე წარმოადგინა „აიდა“ საერთაშორისო სცენაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად განსხვავდება ქართველი მსმენელი უცხოური პუბლიკისგან?

გიორგი გაგნიძე:

– ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარი მსმენელის წინაშე გამოსვლა და ყოველთვის ორმაგად ვღელავ. ქართული პუბლიკა ყოველთვის ბევრად კრიტიკულია, თუმცა კრიტიკასაც გააჩნია, თუ ის ობიექტურია, მაშინ საჭირო და სასარგებლოა, რადგან ჩვენს გაზრდას უწყობს ხელს და ყოველთვის დადებითად ვღებულობ. მე და ანიტამ „აიდა“ პირველად „ლა სკალაში“ ვიმღერეთ და მეტად წარმატებული გამოსვლა გვქონდა.

ანიტა რაჭველიშვილი:

– „ლა სკალას“ შემდეგ, „აიდა“ პარიზის ბასტილიის ოპერის სცენაზე წარმოვადგინეთ. სხვათაშორის, იმ სპექტაკლსაც დანიელ ორენი დირიჟორობდა.

– რამდენადაც ვიცი, თბილისის პერისა და ბალეტის თეატრში თქვენი დუეტის დებიუტი იქნება. რატომ მოხდა ასე?

გიორგი გაგნიძე:

– ალბათ, იმიტომ რომ, ორივე ძალიან დაკავებული ვიყავით, ახლა კი, მოვიცალეთ. ერთგვარი იღბლიანი დამთხვევაცაა, რადგან ბატონმა ბადრიმ სწორედ ახლა შეძლო ვერდის ოპერის ჩვენს ქალაქში ჩამოტანა,  არც ისე მარტივი იყო და ხანგრძლივი მოლაპარაკაბების შემდეგ, როგორც იქნა მოხერხდა ბრწყინვალე ჩანაფიქრის განხორციელება.

ანიტა რაჭველიშვილი:

– მართლაც ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. სპექტაკლის შემდეგ, მე იმავე ღამეს ჩიკაგოში მივფრინავ, სადაც „კარმენის“ რეპეტიციებს ვიწყებ.

– ბოლო წლებში ოპერისა და ბალეტის თეატრში უამრავი არასასიამოვნო რამ მოხდა. რა სიტუაციაა დღეს და რამდენად კმაყოფილი ხართ დღევანდელი სამხატვრო ხელმძღვანელით?

ანიტა რაჭველიშვილი:

– ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მოწესრიგდა. თუმცა, ის რასაც ჩვენ ვაპროტესტებდით, მართლაც მოგვარდა. დღეს თეატრს ფანტასტიკური ხელმძღვანელი ჰყავს, გამოცდილი და მსოფლიო დონის პროფესიონალი. გარდა ამისა, ბატონი ბადრი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, რომელიც ძალიან მიყვარს და უზარმაზარ პატივს ვცემ. თეტრში ძალიან ბევრი შიცვალა უკეთესობისკენ. თუმცა, პოზიტიური ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა იქნება.

– ანიტა, რას ნიშნავს თქვენთვის მსოფლიო დონის კრიტიკოსების მოწონება და ყოველთვის დადებითი შეფასება?

– რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როცა ე.წ. კრიტიკას ვკითხულობ და რეცენზიაში კრიტიკის ნაცვლად მხოლოდ დადებითი შეფასებაა, რადგან ჩვენ სწორედ ამისთვის ვმუშაობთ. გარდა ამისა, ძალიან დიდი სტიმულია იმ პროფესიონალების შეფასება, ვინც წლების მანძილზე ამ სფეროშია, უამრავი ვარსკვლავი ჰყავს მოსმენილი და უზარმაზარი გამოცდილება აქვს შეძენილი. მე ყოველთვის კრიტიკულად ვუყურებ საკუთარ თავს, მუდმივად ვცდილობ განვითარებას, სრულყოფას და ძალიან მახარებს, როცა პროფესიონალები დადებითად აფასებენ ჩემს შემოქმედებას.

– აუცილებლად მინდა გავიხსენო თქვენი და დავით ალადაშვილის სოლო კონცერტი „ლა სკალას“ ოპერის თეატრში. რამდენად რთული იყო ამგვარი საღამოს ორგანიზება?

– რთული არ იყო, რადგან თეატრი თვითონ აკეთებს ყველაფრის ორგანიზებას. თუმცა, პროგრამის თავმოყრაა ყოველთვის  საპასუხისმგებლო, რადგან ყველაზე კრიტიკული, არანორმალური და არაადეკვატური მსმენელი სწორედ „ლა სკალას“ ჰყავს. შესაბამისად, პროგრამის შერჩევა ყოველთვის ყველაზე დელიკატური საკითხია. გამომდინარე აქედან, ჩვენც დიდი გულისყურით შევარჩიეთ პროგრამა, რომელშიც ფრანგული და იტალიური ბლოკის პარალელურად, ქართული ნაწარმოებებიც შევიტანეთ. ძალიან მიხარია, რომ კრიტიკამ  დადებითად შეაფასა საღამო, მითუმეტეს, რომ ერთგვარი ტრადიცია დაირღვა და თუ მანამდე მხოლოდ მომღერალს აფასებდა და არაფერს ამბობდა პიანისტზე, ახლა ყველა რეცენზია დათუნას შეფასებით და მასზე საუბრით იწყებოდა. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდა ქართველი პიანისტის გამოსვლას „ლა სკალას“ სცენაზე ასეთი გამოხმაურება და უაღრესად დადებითი შეფასება მოჰყვა.

– ბატონო გიორგი, თქვენ მსოფლიოს თითქმის ყველა საოპერო თეტრში გქონდათ გამოსვლა. არსებობს თუ არა თეატრი, სადაც ოცნებობთ მუშაობას?

– არასდროს მიმუშავია ბრაზილიაში და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში, სადაც სიამოვნებით ვიმღერებდი. ძალიან მალე გამოსვლა მაქვს ლონდონში BBC-ის ორკესტრთან ერთად, გარდა ამისა, წელს ჩემი დებიუტი შედგა სან-ფრანცისკოში, რომელსაც უზარმაზარი გამოხმაურება და ძალიან საინტერესო კრიტიკა მოჰყვა. თბილისური გასტროლის შემდეგ კი, მეტროპოლიტენის ოპერაში მექნება ექვსი წარმოდგენა.

– საკმაოდ გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ანიტა რაჭველიშვილი:

– მე არიების სადებიუტო CD-ის ვწერ კომპანია SONY-სთან და იტალიურ RAI-ს ორკესტრთან ერთად. ძალიან დიდხანს ვემზადებოდი დისკის ჩასაწერად, საკმაოდ ხანგრძლივი დავა გვქონდა გამართული კონტრაქტის პირობებზე, საბოლოოდ როგორც იქნა შევთანხმდით და აპრილში მუშაობასაც ვიწყებთ. გარდა ამისა, პარიზსა და ლონდონში მაქვს გამოსვლები, მეტროპოლიტენ ოპერაში კი, ოთხი დადგმაა დაგეგმილი.

გიორგი გაგნიძე:

– ჩემი CD უკვე ჩაიწერა ქალაქ მაიმარში, რომელიც ძალიან მალე გამოვა.

– რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ორიგინალური პროექტები გაქვთ ჩაფიქრებული. თქვენი აზრით, რამდენად მარტივი იქნება მათი განხორციელება?

– მარტივი არაფერია, რადგან მხოლოდ ნიჭი საკმარისი არაა. ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო, რათა ესა თუ ის ნაწარმოები მსვენელამდე ინდივიდუალური შესრულებით მიიტანო.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები