LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილი: “მიხარია – საქართველო ბევრმა გაიცნო”

„ემოციური იყო საფრანგეთში გამოსვლა ყველასთვის, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით; პატარა ქვეყანა ვართ და შესაძლებლობა მომეცა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით მიმელოცა საფრანგეთისთვის დამოუკიდებლობის დღე; ამ დღეს ყოველთვის საოცარ ღონისძიებებს აწყობენ ეიფელის კოშკის ქვეშ, რომელიც დიდი ფეიერვერკით სრულდება; ეს საკმაოდ მასშტაბური საღამოა, რომელზეც მრავალი შემსრულებელი გამოსულა და წელს მომეცა შანსი, წარმომედგინა ჩემი ქვეყანა; მიხარია იმიტომ, რომ საქართველო გაიცნო ძალიან ბევრმა; ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო მსოფლიო ასპარეზზე წარმოვაჩინოთ, გამოსაყენებელია; რაც ბატონ დირიჟორს ეხება – ველოდი, რომ აღმოჩნდებოდა ადამიანების კატეგორია, ვინც ამას საწყენად მიიღებდა და მე მესმის მათი; ყველას თავისებური პატრიოტული პოზიცია აქვს ქვეყანასთან დაკავშირებით; აქ არჩევანის წინაშე დავდექი, მილიონობით ადამიანის წინ დადგომა, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული კონცერტზე, რომელზეც გამიცნობდა ბევრი და საქართველოს სახელით გავიდოდი, საწინააღმდეგოდ კი იყო ის, რომ იქ იდგა ჩვენი ქვეყნის მტერი, ბატონი გერგიევი, რომელიც დირიჟორობდა კონცერტს. ეს ფრანგების არჩევანი იყო, მაგრამ მე პროტესტი გამოვთქვი. როდესაც საკითხი გადაწყვეტილებაზე მიდგა გამეუქმებინა, ან დავრჩენილიყავი, ჩემი ოჯახისა და მეგობარი დიპლომატების რჩევით – ეს იყო ძალიან დიდი შესაძლებლობა ქვეყნის წარმოსაჩენად; მხოლოდ ის შევძელი, რომ ხელი არ ჩამომერთვა, ბატონი დირიჟორისთვის; სიტყვიერი კომუნიკაცია არ ყოფილიყო რეპეტიციების დროს; როგორი პიროვნებაც არ უნდა იყოს ბატონი გერგიევი, ის, ჩვენი ქვეყნის წინაშე არის დამნაშავე; პირველად ვარ ამ ქალაქში; საოცარი სილამაზის ადგილია; “Chorégies d’Orange” – ორანჟის საზაფხულო ფესტივალზე ვარ. საფრანგეთის სამხრეთით, პროვანსის რეგიონში, სადაც აიდა იდგმება 25 აგვისტოს” – მსოფლიოში აღიარებულმა მეცო სოპრანომ, ანიტა რაჭვერიშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში „ეიფელის კონცერტზე” და ორანჟის საზაფხულო ფესტივალზე ისაუბრა.