LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილი: „მინდა, ქართული ოპერა მსოფლიო ასპარეზზე გავიტანოთ“

მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, საკუთარი შესაძლებლობებით რომ ნებისმიერი ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს, ამას The New York Times-ის ბოლო დროს გამოქვეყნებული მიმოხილვაც ადასტურებს. რადიო „ფორტუნას“ წამყვანი და ჟურნალისტი, ნიკა კაცია ანიტას ნიუ-იორკში დაუკავშირდა. როგორ აფასებს მსოფლიოში ცნობილი მეცო გავლენიანი გამოცემის მიმოხილვას; როგორ მიმდინარეობს სპექტაკლები და რას საქმიანობს ანიტა თავისუფალ დროს; რომელი ქართული ნაწარმოები მოხვდა არტისტის სადებიუტო ალბომში და როგორ გეგმავს მეცოსოპრანო რაჭის განვითარებას –  ჩვენი ოფიციალური გვერდის Fortuna.ge  ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

ყველა New York Times-ის მიმოხილვაზე საუბრობს. თავად როგორ აფასებ გავლენიანი გამოცემის დამოკიდებულებას?

ანიტა რაჭველიშვილი:

„ლოგიკურია, ძალიან ბედნიერი ვიყავი იმიტომ, რომ პირველ რიგში არ ველოდი ასე ადრე New York Times-ის მიმოხილვას. პირველ

ივე სპექტაკლზე არ მოდიან ხოლმე და მოდიან შემდგომ წარმოდგენებზე. კრიტიკოსისგან აბსოლუტურად დადებითი მიმოხილვა გამაოცებელია; მაინც მოელი, რომ რაღაცას იპოვიან, გააკრიტიკებენ და საბოლოოდ ძალიან გამაბედნიერა იმან, რაც წავიკითხე ბეჭდურ ვერსიაში და ვებგვერდზეც; გახარებული ვარ. მნიშვნელოვანია თაიმსის მიმოხილვა თეატრისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრია ასეთი დონის თეატრი, მსოფლიოში, წარმატება მეტროპოლიტენ ოპერაში მნიშვნელოვანია სხვა თეატრებისთვისაც და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავხარ ასეთ სივრცეში წარმატებას; მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან თეატრებში ვმღეროდი, ეს წარმატება კიდევ უფრო დიდ წინსვლას მომიტანს, დარმწუნებული ვარ.

ნიუ-იორკში ხშირად ხარ. როგორია ის 2018 წელს?

ნიუ-იორკი იმდენად მრავალფეროვანი ქალაქია, ძალიან ბევრი რამ შეგიძლია გააკეთო – დაესწრო არაჩვეულებრივ კონცერტებს, სპექტაკლებს. ბროდვეის წარმოდგენები ნახო, დაათვალიერო უამრავი მუზეუმი. ერთი სიტყვით ყველაფერია იმისთვის, რომ ცხოვრება მოსაწყენი არ იყოს. მით უმეტეს როცა არტისტის ცხოვრებაზეა საუბარი. მეუღლესთან ერთად კაუფმანის კონცერტზე ვიყავი და ეს იყო არაჩვეულებრივი საღამო.

ის გენიალური მომღერალი და მუსიკოსია. პირველ თებერვალს ვგეგმავთ გია გაგნიძის სპექტაკლზე წასვლას. ქართველ ბარიტონს დიდი წარმატება ჰქონდა მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში. ის ყოველ სეზონზე მინიმუმ ორ დადგმაში მონაწილეობს, რადგან „მეტის“ (მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი) საყვარელი ბარიტონია. მეამაყება, რომ მეტროპოლიტენ ოპერის სეზონის პირველივე თვეს ორი ქართველი ვდგავართ სცენაზე.

როგორ დაგხვდა დასი, როგორ მიგიღეს თანამშრომლებმა, რამდენად ხშირად გეკითხებიან და რა იციან მათ საქართველოზე?

თეატრში ხშირად მეკითხებიან საქართველოზე. აინტერესებთ იმიტომ, რომ რაც მათთვის უცნობია, ეგზოტიკურია. ვცდილობ მეც და ბევრი კოლეგაც, რომ გავაცნოთ ჩვენი კულტურა და სამზარეულო. ხშირი შეკითხვა – რა ენაზე ვსაუბრობთ? ჰგავს თუ არა ის სხვა ენას? ყოველთვის ვუხსნი, რომ რუსულსა და ქართულს შორის განსხვავება ისეთივეა, როგორიც ინგლისურსა და ჩინურს შორის; ვუყვები რამდენად ძველია საქართველოს ისტორია. ვაჩვენებ ანბანს; ბევრი ინტერესდება ჩვენი ქვეყნით და ბევრი უკვე ჩამოვიდა. რაც ეხება კოლეგებს – ძალიან კარგი კოლეგები მყავს. სოპრანო, მარია აგრესტა, რომელიც უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ დედა გარდაეცვალა და ყველა სპექტაკლი გააუქმა. ტენორი იანგჰუნ ლიი, რომელიც არაჩვეულებრივი მომღერალია. ბედნიერი ვარ, რომ საოცარი შემადგენლობა დამხვდა, რადგან მნიშვნელოვანია კოლეგები იყვნენ შესაბამის სიმაღლეზე იმიტომ, რომ შენი დონე გაიზარდოს კიდევ უფრო მეტად.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, რომ მეტროპოლიტენის ოპერის თეატრთან ასოცირებული მომღერლის აზუჩენა გაფერმკრთალდა. თქვენი გზები თუ გადაიკვეთა და თავად ზაჟიკმა რა გითხრა? საინტერესოა მისი შეფასება.

დოლორა ზაჟიკი რეპეტიციებს ესწრებოდა. რამდენიმეჯერ შევხვდით. ძალიან თბილად, მაგრამ აზრები არ გამოუთქვამს, ხანგრძლივი საუბარი არ გვქონია. მომილოცა. ამოიკითხავდა კრიტიკას. დღემდე მიხარია, როდესაც ვხედავ ახალგაზრდა თაობას, რომელიც ენაცვლება უკვე გამოცდილ არტისტებს. იმედია მასაც გაუხარდა. ასე ვთქვათ – გზა დამილოცა. ბოლო 24 წლის განმავლობაში ის ასრულებდა ამ როლს, მეტროპოლიტენში; გენიალური მომღერალია; ამჯერად ასპარეზი გადმომცა და ეს მახარებს, რადგან ასეთი მომღერლის შემდეგ მეტროპოლიტენის სცენაზე დადგომა დიდი პატივია.

 რამდენიმე სიტყვა იმ ფოტოზეც გვითხარი, სოციალურ ქსელში რომ გაავრცელე და საზოგადოება დააბნიე…

მეტროპოლიტენი, მეიქაფ არტისტების პროფესიონალიზმის დონის მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესოა. საოცარი ვიზაჟისტები ჰყავთ. აზუჩენა უნდა იყოს ძალიან ნაცემი და მას ჭრილობები აქვს სახეზე. ძალიან ნაცემია და დალურჯებული – არაჩვეულებრივად იმუშავეს გრიმიორებმა. ნამდვილად ვგავდი მოხუცს და ნაცემს.

რამდენად შეძელი სათქმელი, გამოცდილება, ემოციები რიგით პირველ სადებიუტო ალბომში გაგეერთიანებინა, რით იქნება ის განსაკუთრებული?

ახალი ალბომი 2 მარტს გამოვა და მასში ძალიან დიდი შრომა ჩაიდო. დიდი ხანი ველოდებოდი ამ ალბომის ჩაწერას. ვიცოდი, რომ ჩაწერის პროცესი საკმაოდ რთულია და მზად უნდა ვყოფილიყავი ტექნიკურად, შინაგანადაც და ყველა არია, რომელიც შევიდა დისკში, უნდა ყოფილიყო მაღალ დონეზე მომზადებული. მახარებს ის ფაქტი, რომ მეცოს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი არია კრებულში შევიდა. ყველაზე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ამ დისკში შევიდა ქართული ნაწარმოები. ჯერ არავის ჩაუწერია ქართული ნაწარმოები, დისკში და მანამდე ამის პრეცედენტი არ ყოფილა. მე ძალიან ვთხოვე ლეიბლს Sony Classical, ქართული ნაწარმოები ყოფილიყო დისკის ნაწილი და მათ ძალიან გაუხარდათ. დისკში შევიდა თამარ მეფის კავატინა, დიმიტრი არაყიშვილის ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე“. მას შემდეგ რაც ნოტები გავუგზავნე, დირიჟორი გაოცდა, ძალიან მოეწონა. საბოლოო ჯამში ჩავწერეთ და მგონია, ძალიან კარგი გამოვიდა. მსმენელს შესაძლებლობა ექნება ცნობილ არიებთან ერთად ქართული მუსიკაც მოისმინოს. მინდა, რომ მე და ბევრმა ქართველმა არტისტმა შევძლოთ და ქართული ოპერა მსოფლიო ასპარეზზე გავიტანოთ. იქნებ, ისეთ თეატრებში როგორებიც არის მეტროპოლიტენი, პარიზი, ლასკალა, შევძლოთ ქართული ოპერის დადგმა და ისტორიაში იმ ფაქტის შეტანა, რომ ქართულ ოპერას, საქართველოს გარდა, მსოფლიოს სხვა თეატრებშიც დგამენ.

 

ექსკლუზივები მიყვარს. რაიმე სიახლე თუ გაქვს, სამომავლოდ რას გეგმავ?

იტალიაში მიხილავს მსმენელი და მაყურებელი. აპრილში. დებიუტი მექნება, ჩემი პირველი „სოფლის პატიოსნების“, სანტუცას პარტიის. ამაღელვებელი დებიუტია ჩემთვის. კიდევ, ის ფაქტი მახარებს, რომ ზაფხულში საქართველოში შევძლებ დაბრუნებას და გვინდა, რომ რაჭაში გავაკეთოთ ძალიან დიდი გალა, რომელიც ხელს შეუწყობს რაჭის რეგიონის განვითარებას. რაჭის რეგიონის გამგებელმა მომწერა, ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რომ რეგიონი უკეთესობისკენ წავიდესო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ მეც, ნიკოლოზ რაჭველიც და კიდევ ბევრი მუსიკოსი შემოგვიერთდება, ვიცი. მანამდე ველოდები დისკის გამოსვლას. ეს ამაღელვებელია ჩემთვის. დაგეგმილია ტურნე – ვენაში მივფრინავ „აიდა“ მაქვს; ბერლინსა და პარიზში „ტრუბადური“. დატვირთული სეზონია და ერთი თეატრიდან მეორეზე გადავდივარ. მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს სეზონი იმიტომ, რომ სექტემბერში ვბრუნდები მეტროპოლიტენ ოპერაში და აღსანიშნავია, რომ ვმღერი „აიდას“ და ულამაზესი დადგმა ბოლოჯერ გავა, ამ სეზონზე. ჩემს გვერდით აიდას პარტიას შეასრულებს ანა ნეტრებკო. ფანები დიდი ხანია ელიან ამ გაერთიანებას და  ჟურნალისტებთანაც ხშირად მისაუბრია, ელიან იმიტომ, რომ დიდი შერკინება იქნებაო. გენიალური მომღერალია და არაჩვეულებრივი არტისტი, ამიტომაც ველი მასთან „შერკინებას“.

                                      

 

Il Trovatore: “Stride la vampa”

რადიო „ფორტუნა“ და Fortuna.ge  ულოცავს და წარმატებას უსურვებს ანიტა რაჭველიშვილს – მსოფლიოში აღიარებულ მეცოსოპრანოს.

ფოტო: Gregory Regini; Karen Almond; Jonathan Tichler;

ნიკა კაცია

 

გადაცემის ჩანაწერი