LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილი: „მოულოდნელად გამოვუცხადე მამას, რომ გათხოვებას ვაპირებდი და ყველა ძალიან გავაკვირვე”

5

26 ივნისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს მსოფლიო მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სტუმრობდა.

– ანიტა, მოდით, ბავშვობის ისტორია მოგვიყევით, მაშინ, როცა ჯერ მხოლოდ ოცნებობდით მუსიკოსობაზე.

– სიმართლე გითხრათ, არასდროს მიოცნებია, რადგან მიმაჩნია, რომ ოცნება ფუჭია. უფრო ვგეგმავდი და მიზანი მქონდა, რადგან მშობლებმა ბავშვობიდან მასწავლეს მიზნისკენ სწრაფვა და მნიშვნელობა არ აქვს, დიდია ეს მიზანი თუ მცირე. ვფიქრობ, მიზნისკენ სწრაფვა ყოველთვის აუცილებელია. არასდროს გავჩერებულვარ, ყოველთვის ღიმილით ვუყურებდი მომავალს და დარწმუნებული ვიყავი, რომ პოზიტიური განწყობა აუცილებლად დამეხმარებოდა წარმატების მიღწევაში. შეიძლება ბევრჯერ დამარცხდე, მაგრამ არასდროს არ უნდა ჩაიქნიო ხელი და გაგრძელო მიზნისკენ სწრაფვა.

– თავად დამარცხებულხართ როდისმე?

– რა თქმა უნდა. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც თუ არ დამარცხდი, ვერასდროს გაიგებ გამარჯვების გემოს. დამარცხებას მსუბუქად ვუყურებ და მიზნის მიღწევის ახალ გზებს ვეძებ. ვფიქრობ, გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს, ზუსტად ისე, როგორც გამოუსწორებელი შეცდომები არ არსებობს, ამიტომ ერთხელ თუ არ გამოგივიდა, ყოველთვის შეგვიძლია მეორედ სცადო და გააგრძელო სანატრელი მიზნისკენ სვლა.   

13566985_10206685077434042_5801382905434960602_n– როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ოპერის მომღერალი?

– 16-17 წლამდე საერთოდ არ ვფიქრობდი ოპერის მომღერლის კარიერაზე. მართალია, მოსმენილი მქონდა ოპერა, მაგრამ არა ცოცხლად და საოპერო მუსიკის ინტერესიც ნაკლებად მქონდა. ნიკოლოზ რაჭველთან ერთად პატარა ბენდი ჩამოვაყალიბეთ, სადაც ძირითადად ჯაზს და სოულს ვმღეროდი.  ცოტა ხნის წინ ბენდი ისევ აღვადგინეთ, რადგან ძალიან მინდოდა მემღერა ის მუსიკა, რითიც ყველაფერი დაიწყო. 17 წლის ვიყავი, როცა მამას მეგობარმა მომისმინა, საკმაოდ ძლიერი, ვოკალური ჟღერადობის ხმა აღმომაჩნდა და გვირჩია, პროფესიონალთან მივსულიყავით. მოგვიანებით კონსერვატორიის ერთ-ერთმა პროფესორმა მომისმინა და დაადასტურა, რომ მართლაც საოპერო ხმა მქონდა და აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა ამ სფეროში მუშაობა. ქალბატონ მზია დავითაშვილთან, არაჩვეულებრივ სოპრანოსთან და პედაგოგთან დავიწყე მომზადება, კონსერვატორიაში ჩაბარების შემდეგ კი, ქალბატონ მანანა ეგაძესთან მოვხვდი, რომელთანაც მილანში წასვლამდე ვსწავლობდი და ვთვლი, რაც დღეს მაქვს, როგორც მომღერალს ან როგორც ადამიანს, ყველაფერი ქალბატონი მანანას დამსახურებაა.

– რამდენად რთული იყო ლა სკალაში მოხვედრა?

– საკმაოდ რთული აღმოჩნდა მილანში გამგზავრებაც კი, რადგან საკმარისი თანხა არ მქონდა, ბინის იპოთეკით დატვირთვა მოგვიწია, რათა მგზავრობის და გამოცდების პერიოდში სამყოფი თანხა მაინც მქონოდა. მოგვიანებით, სტიპენდია დამინიშნეს, რომლის დიდ ნაწილს თბილისში ვრიცხავდი იპოთეკის დასაფარად.

– სად შედგა თქვენი პირველი გამოსვლა?

– დებიუტი ლა სკალას სცენაზე შედგა ”კარმენის” ოპერით, მერე კი, ორი წლის განმავლობაში გამოვდიოდი ამ პარტიით სხვადასხვა თეატრების სცენაზე. მხოლოდ პარიზის თეტრი ვერ მოხვდა ჩემს ნუსხაში, თუმცა წელს იქაც მქონდა გამოსვლა და ახლა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოს ყველა წამყვან თეატრში მაქვს ნამღერი.

– რამდენიმე დღეა მიმდინარეობს აქცია ”გავამწვანოთ იპოდრომი”. რამდენადაც ვიცი, თქვენც საკმაოდ აქტიურად ხართ ჩაბმული ამ მოძრაობაში?

– აქციის ორგანიზატორი არაჩვეულებრივი ადამიანი და არტისტი ოთარ ჯორჯიკიაა, რომელიც უკვე დიდი ხანია ცდილობს თბილისელები ქალაქის ეკოლოგიური პრობლემებით დააინტერესოს. მის მოწოდებას მეგობრებიც შევუერთდით, ბოლოს ჩატში გავერთიანდით და ახლა, ყოველდღიურ რეჟიმში საკმაოდ ხალისიანად ვუზიარებთ ერთმანეთს იდეებს, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ადამიანების ცნობიერების ასამაღლებლად და როგორ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ პრობლემის მოგვარებაში. შეხვედრები მქონდა მერიაში. ძალიან კარგი იდეები აქვთ, იმედი მაქვს საქმით ამოგვიდგებიან მხარში, რისთვისაც წინასწარ მინდა გადავუხადო დიდი მადლობა.  

13775851_10154452667134875_7690815171280984165_n– გქონდათ თუ არა მოწვევა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეტრიდან სეზონის განმალობაში?

– მქონდა, თუმცა, ბევრჯერ ვთქვი უარი. მე აქამდეც არაერთხელ გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება მმართველობის ფორმის მიმართ. ჩემი აზრით, თეატრს რამდენიმე ადამიანი უნდა მართავდეს, რადგან ერთი ვერსადროს მოერევა ამხელა სტრუქტურას. რატომღაც, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მე ბატონ დავითს ვებრძვი, რადგან მისი თანამდებობის დაკავება მინდა. შემიძლია ყველა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ საკმაოდ წარმატებული კარიერა მაქვს,  ძალიან ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ და აბსოლუტურად არ მაინტერესებს თეატრის მმართველობა. ბატონი დავითის ბრალიც არაა, რომ ყველაფერი ასე ცუდად წარიმართა,  ჩემი აზრით ეს ყველაფერი მხოლოდ არასწორი მმართველობით ხდება.

– თქვენ ვინ მიგაჩნიათ გამოცდილ მმართველად?

– პირადად მე სათანადო კომპეტენცია არ გამაჩნია. ევროპული მოდელების გათვალისწინებით კი, ვთვლი, რომ ჩვენ არ გვყავს ისეთი პროფესიონალი, ვინც ყველა ამ თანამდებობას შეითავსებს. ამიტომ ბევრად უკეთესი იქნება თუ რამდენიმე ადამიანს მოვიწვევთ და მმართველ გუნდს შევქმნით. ძალიან ბევრი პროფესიონალია, ვინც  თავისუფლად შეიძლება გაერთიანდეს ამ ჯგუფში. აუცილებელია ყველას თავისი მიმართულება ჰქონდეს, ყველა საკუთარ სფეროს მართავდეს და ერთ ადამიანზე არ იყოს ყველაფერი დამოკიდებული.

– ძალიან ბევრ საქველმოქმედო აქციაში მიგიღიათ მონაწილეობა, თავად ხომ არ გეგმავთ საქველმოქმედო ფონდის დაარსებას?

– ჯერჯერობით არანაირი ფონდის დაარსებას არ ვაპირებ. უამრავი ორგანიზაცია არსებობს, ვისთანაც თავისუფლად შემიძლია თანამშრომლობა. ბევრს ძალიან მდიდარი ვგონივარ. სინამდვილეში, შეუძლებელია მომღერალი მდიდარი იყოს. ნორმალური შემოსავალი მაქვს და ძალიან დიდი ოჯახი მყავს, აქამდე ყველაფერი მხოლოდ მათთვის კეთდებოდა, ახლა კი, ჩემი ახალი ოჯახისთვის გავაკეთებ.

– მეუღლეზე მინდა გკითხოთ. როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– ერთმანეთი Facebook-ით მოვძებნეთ. კარგად არ ვიცნობდი, თუმცა დიდი ხნის მანძილზე მყავდა მეგობრებში და ვხვდებოდი, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო. არასდროს უცდია დაკონტაქტება და მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე ჩემი დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა. ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ გულმა ვეღარ გაუძლო, მომწერა და ჩვენი ურთიერთობაც დაიწყო. ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, თავიდან მხოლოდ ტელეფონით ან ვიდეო ზარებით ვურთიერთობდით, შემდეგ შევხვდით, ბოლოს კი, დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის მანძილზე იყო დაფარული არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვისაც. მოულოდნელად გამოვუცხადე მამას, რომ გათხოვებას ვაპირებდი და ყველა ძალიან გავაკვირვე. მართალია 32 წლის ვარ, მაგრამ ჩემთვის დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია მამის აზრი.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები