ანიტა რაჭველიშვილი ქორწილისთვის ემზადება, დეტალები გადაცემაში “ლიმონი”

ანიტა რაჭველიშვილი ქორწილისთვის ემზადება, დეტალები გადაცემაში “ლიმონი”

ცნობილი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშილი ჟურნალისტების კითხვებს არასდროს გაურბის, მაგრამ პირადზე საუბარი მაინც არ უყვარს. ამის მიუხედავად რადიო “ფორტუნა”-ს გადაცემისთვის “ლიმონი” ხელოვანი საკმაოდ საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. ვინ არის მისი რჩეული ოთო მაისურაძე, როგორ გაიცნეს ერთმანეთი და როდის იგეგმება ქორწილი, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ანიტამ გადაცემის წამყვანთან, ნიკა კაციასთან ისაუბრა.

– ანიტა, მოხარული ვარ, რომ გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად, მაინც გამოძებნეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ. ამჯერად, არა პროფესიულ საქმიანობაზე, არამედ პირად ცხოვრებაზე მინდა გკითხოთ და იმ სიყვარულის ისტორიის დეტალებით დავინტერესდე, რომელზეც მთელი ქართული საზოგადოება ლაპარაკობს. საინტერესოა, როგორ გაიცანით ერთმანეთი თქვენ და ოთომ და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

– თითქმის ერთი წლის წინ, გავიცანით ერთმანეთი სოციალურ ქსელში, კერძოდ კი, facebook-ში. იმ პერიოდში იშვიათად ჩამოვდიოდი საქართველოში და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, მხოლოდ ჩატით და ვიდეოზარებით ვურთიერთობდით. მარტში შევხვდით და მივხვდით, რომ ძალიან ვგავდით ერთმანეთს ხასიათით. ნაპერწკალი ჩვენს შორის, პრაქტიკულად ერთი შეხედვით გაჩნდა. მანამდე ტელეფონით ვსაუბრობდით, უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი გავარჩიეთ და დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი აზრები წვრილმანებშიც აუცილებლად დაემთხვეოდა ერთმანეთს.

– ამბობენ, თითქოს, ადამიანებს შორის მსგავსება საკმაოდ ბევრ პრობლემას ქმნის ურთიერთობაში. საინტერესოა, რა განგასხვავებთ თქვენ და ოთოს?

– ორივე ემოციურები ვართ და საკმაოდ ემოცურად აღვიქვამთ ყველაფერს. განგვასხვავება ალბათ ისაა, რომ მე დროთა განმავლობაში ემოციების კონტროლი ვისწავლე, მას კი, მაინც ქართული ტემპერამენტი აქვს და ყველაფერს საკმაოდ მწვავედ აღიქვამს. ჩემგან განსხვავებით ოთო ძალიან დიდი პატრიოტია და ყოველთვის მზადაა ნებისმიერ ფასად და თვალდახუჭულმა დაიცვას სამშობლო. რა თქმა უნდა, მეც პატრიოტი ვარ, თუმცა არჩევანის შემთხვევაში, შესაძლოა მე უპირატესობა ოჯახს და ახლობლებს უფრო მივანიჭო. წვრილმანებში არის განსხვავება, თუმცა ძირითად საკითხებში ჩვენი მოსაზრებები მაინც ემთხვევა.

13315675_10209371421105313_1618304669419662811_n– თქვენს ურთიერთობაზე მინდა გკითხოთ, თქვენ ყოველთვის დაკავებული ხართ და წინასწარ გაქვთ გაწერილი რამდენიმე წლის გეგმა, რამდენად კომფორტულია ამ შემთხვევაში ოთო, როგორც პარტნიორი?

– ოთო საოცრად კომფორტული პარტნიორია, რასაც სიმართლე ვთქვა არ ველოდი. პირველად პარიზში ჩამომაკითხა, ორი თვით დარჩა და სწორედ ეს იყო ჩვენი თანაცხოვრების პირველი მცდელობა. ჩემი პროფესია იმდენად სპეციფიურია, რომ სხვისთვის საკმაოდ რთულია შეეჩვიოს ასეთ რეჟიმს და ცხოვრების რიტმს. თუმცა, ერთად გარატებულმა თვეებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა საკუთარი არჩევანის სისწორეში. მომღერლებს ყოველთვის ძალიან გვჭირდება ყურადღება და მაქსიმალური კომფორტის შექმნა, ოთო ყველაფერში მხარში მედგა, შეიძლება ითქვას, ცივ ნიავს არ მაკარებდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა არ მეგრძნო თავი მარტოდ და მიტოვებულად.    

– ანიტა, როდის გეგმავთ თქვენ და ოთო დაქორწინებას?

– ქორწინება აგვისტოს ბოლოს შედგება. საჯაროდ ეს ინფორმაცია ჯერ არ გაგვივრცელებია და მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. დაქორწინება დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, როცა ოთომ ჯერ კიდევ ბერლინში, ჩემს დაბადების დღეზე მთხოვა ხელი.

– ოთოს საკუთარი პროფესია და მიზნები აქვს, თქვენ კი, უამრავ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობთ და ხშირად გიწევთ მოგზაურობა. ინტერესების გადაკვეთის შემთხვევაში, ვინ წავა დათმობაზე?

– მართალია, მე მუდმივად ვმოგზაურობ, მაგრამ არ მგონია ამან პრობლემები გამოიწვიოს. ვფიქრობ, სიყვარულში და ურთიერთობაში, რომელსაც მეგობრობაც თან ახლავს, ოროვე მხარეს უნდა შეეძლოს დათმობაზე წასვლა. ამჯერად, ოთო არის ჩემი თანამგზავრი ყველგან, თუმცა, მაინც ახერხებს საკუთარ პროექტებზე მუშაობას, დეტალებზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ სამომავლოდ ისიც გეგმავს მუსიკალური განათლების მიღებას, რაშიც აუცილებლად დავეხმარები.

– ამბობენ, თითქოს, ხელოვანები სხვებთან შედარებით, უფრო ემოციურები და მგრძნობიარეები არიან, თქვენ რამდენად შეგვცალათ სიყვარულმა?

– სიყვარული და მუსიკა – ორი ძალიან მსგავსი სფეროა. რა თქმა უნდა, შევიცვალე თუმცა, ცოტა სხვა კუთით – შინაგანად ახლა უფრო მშვიდი და ნაკლებად იმპულსური ვარ. სიმშვიდეს არა იმდენად ურთიერთობა მანიჭებს, რამდენადაც თვითონ ოთო. სიმღერაშიც უფრო გაწონასწორებული გავხდი, თუმცა ემოციებს მაინც არასდროს ვაკლებ იქ, სადაც საჭიროა.

– თქვენი აზრით, ჭირდება თუ არა ქალს მეტი თავდაჯერებისთვის იმის ცოდნა, რომ ის უყვართ?

– ვფიქრობ, არა მარტო ქალისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომ ვიღაცას უყვარს. ქალისთვის კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიყვარული. შეიძლება სხვას არ უყვარდეს, თუმცა, თვითონ იყოს შეყვარებული. სიყვარული სულ სხვა ემოციაა და ცხოვრებასაც სხვანაირად წარმართავს. აუცილებელია, ნებისმიერმა ერთხელ მაინც იგრძნოს ცალმხრივი სიყვარულის ტკივილი, რადგან სხვა შემთხვევაში ვერასდროს დააფასებ იმ ბედნიერებას, რომელიც სიყვარულს მოაქვს.  

– პროფესიულ საქმიანობასაც რომ შევეხოთ, რომელია თქვენი საოცნებო ოპერა და ან თუნდაც როლი, რომლითაც მაყურებელს აბსოლუტურად განსხვავებულად გააცნობთ თავს?

– როგორც ერთხელ უკვე ავღნიშნე, ოცნებები ნაკლებად, უფრო გეგმები მაქვს, ამიტომ მომავალ წელს, ბუენოს-აირესში წავრსდგები მაყურებლის წინაშე შარლოტას პარტიით ჟიულ მასნეს ოპერიდან ”ვერტერი”.

გადაცემის ჩანაწერი

1 აგვისტო, 2016

სხვა ჩანაწერები