ანსამბლი „შვიდკაცა” საახალწლო გეგმებით სტუმრად „არტ-FM”–ში

ანსამბლი „შვიდკაცა” საახალწლო გეგმებით სტუმრად „არტ-FM”–ში

27 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM”-ს ანსამბლი „შვიდკაცას“ წევრები გიორგი ლომთათიძე, დათო ნოზაძე და ნიკა კირვალიძე სტუმრობდნენ.  

– გიორგი, რამდენადაც ვიცი, სულ ცოტა ხნის წინ ახალი სიმღერა ჩაწერეთ დათო გომართელთან ერთად?

– მართალი ხართ, ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ახალ პროექტზე მუშაობა.  სიმღერა ანუკა ცქვიტინიძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი კი, მანანა სიამაშვილია. ჩვენი ანსამბლი უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს დათო გომართელთან, როგორც წესი, ჩვენი ერთობლივი კონცერტები 2 იანვარს იმართება, ამიტომ არც წელს ვუღალატებთ ტრადიციას და ბედობის ღამეს მაყურებელს „ოტიუმში“ მოვუწყობთ სადღესასწაულო საღამოს.

– ნიკა, თქვენ “ემ გრუპის” მუსიკალური ხელმძღვანელი ბრძანდებით, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ბედობის ღამის კონცერტიც გამიორჩეული იქნება.

– 2 იანვარს ყოველთვის საინტერესო საღამოები იმართება. რამდენიმე წელია ეს სასიამოვნო ტრადიცია ჩამოყალიბდა და ვცდილობთ ყოველწლიურად ახალი პროგრამით წავრსდგეთ მაყურებლის წინაშე.

– დათო, მართალია, თქვენი შვილი ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ, ხომ არ გინდათ, რომ ისიც თქვენსავით მომღერალი გახდეს?

– სიმართლე ვთქვა, არ ვიცი. თუმცა, ზოგადად მუსიკოსის პროფესია არც ისე მარტივია, რადგან მთელ ცხოვრებას პროფესიას უთმობ, ოჯახისა და ახლობლებისთვის კი, საკმარისი დრო არასდროს გრჩება.

– გიორგი, თქვენ დიდი ხანია ოჯახი გყავთ, ხომ ვერ გაიხსენებდით გამორჩეულ საახალწლო საჩუქარს, რომელიც მეუღლეს გაუკეთეთ?

– ჩემი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე, ალბათ სახლში თუ შევხვდი ახალ წელს უკვე დიდი ბედნიერებაა.

– ნიკა, თქვენ როგორ ხვდებით ახალ წელს. ვიცი, რომ ძალიან მოგწონთ, როცა თქვენი შვილები „ალილოს“ მღერიან?

– მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი სამივე შვილი მღერის. განსაკუთრებით უმცროსი ქეთევანი მაკვირვებს, რომელიც 4 წლის ასაკში უკვე სამივე ხმას მღეროდა, რაც ვფიქრობ, მართლაც უნიკალური შემთხვევაა. უფროსები „ანა-ბანას“ გუნდში მღერიან, რაც ასევე ძალიან მახარებს.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს „შვიდკაცას“?

– ჯერჯერობით საახალწლო საღამოებისთვის ვემზადებით, იანვრის პირველი ნაწილი საკმაოდ დატვირთული გვაქვს. მერე კი, ჩვეულ მუშაობას შევიდგებით, ახალ და საინტერესო სიმღერებს მოვიძიებთ, ჩავწერთ და მაყურებელსაც წარვუდგენთ.

გადაცემის ჩანაწერი

30 დეკემბერი, 2016

სხვა ჩანაწერები