LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანუკა კავლელიშვილი: „ბლექსი არენა” ეს არის კუნძული, რომელსაც კულტურის ქალაქი ჰქვია და სადაც მე ვარ ძალიან ბედნიერი”

7

გადაცემის ლაივი LIVE

21 მაისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა” ანუკა კავლელიშვილი სტუმრობდა.

პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, კარიერის საწყის ეტაპზე სწავლის პარალელურად „რადიო საქართველოს” მუსიკალური რედაქტორის პოზიცია მოირგო, შემდეგ „ჯორჯიან ბიზნეს ქონსალთინგისა”-სა და „სოკარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, გვახსოვს მისი 5 წლიანი ჩართულობა ტელე პროექტში „რა, სად, როდის?”, დღეს კი მისი რეგალიაა ”ბლექ სი არენას” დირექტორი.

როგორ ჩაიარა ენიო მორიკონეს კონცერტმა?

კონცერტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, მინდა აღვნიშნო, რომ ენიო მორიკონეს კონცერტი არა მხოლოდ „ბლექ სი არენასთვის”, მთლიანად საქართველოსთვის უდიდესი კულტურული მოვლენა იყო. ვფიქრობ ის ფაქტი, რომ ენიო მორიკონე საქართველოშია ნამყოფი ეს ცოტა ნამდვილად არ არის. მიხარია, რომ 2018 წლის სეზონი ასეთი წარმატებული პროექტით გაიხსნა და ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიის მონაწილეები ჩვენ ყველა ერთად ვიყავით.

რა იქნება შემდეგი?

შემდეგში იქნება ძალიან ბევრი და საინტერესო, როგორც ქართული ასევე უცხოური პროექტი. როგორც იცით „ბლექ სი არენას” შემდეგი დიდი ღონისძიება ელტონ ჯონის კონცერტია, შემდეგი იქნება ჯანსუღ კახიძის სიმღერების საღამო და ძალიან მაინტერესებს, როგორ გაჟღერდება და გამოჩნდება „ბლექ სი არენას” გრანდიოზულ სცენაზე ეს ყველაფერი. ჩვენთან გაიხსნება ჯაზ ფესტივალი, რობერტ პლანტი იქნება ჩვენი სტუმარი. შემდეგ ველოდებით არაჩვეულებრივ მომღერალს ნანი ბრეგვაძეს, მისი იუბილე აღინიშნება ჩვენთან და სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, მასთან სტუმრად  კრის ბოტი ჩამოვა. ასევე დაგეგმილია გიორგი მიქაძის ღონისძიება, რომელიც ანსამბლ  „ბასიანთან” და  ამერიკელ მომღერლებთან ერთად ქართული ფოლკლორის ჯაზურ ვერსიებს პროექტს „ვოისას” ფარგლებში შემოგვთავაზებს. შვიდკაცა და „თეიქ სიქსის” ძალიან საინტერსო მუსიკალურ ექსპერიმენტსაც უმასპინძლებს ჩვენი სცენა, ძალიან მაინტერესებს, როგორ გამოიყურება ეს აბსოლიტურად სხვადასხვა ჟღერადობის ორი ჯგუფი ერთად. მოგვიანებით „სახე” გააცოცხლებს ჩვენს ბავშვობას და ახალგაზრდობას. აღსანიშნავია რომ გაჟღერდება როგორც ძველი, ყველასთვის საყვარელი ჰიტების ახლებური ვერსიები, ასევე დაახლოებით ათ-თერთმეტ ახალ სიმღერას შემოგვთავაზებენ,  რომლებსაც შემქმნელები უკვე ჰიტობას უწინასწარმეტყველებენ. ასე რომ სახე ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ ახალი სიმღერებით უბრუნდება ჩვენს სცენას. ნინო ქათამაძის მიმართ, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი მოლოდინია საზოგადოების მხრიდან, შარშან ძალიან კარგად ჩაიარა და დიდი გამოხმაურება მოყვა მის კონცერტს, წელსაც ვერ დავტოვებდით უყურადღებოდ  და 21-ში მის დაბადების დღეს  კვლავ ნინოს სოლო კონცერტი გაიმართება.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტის შესახებ უნდა მოგიყვეთ, ჩვენს სცენაზე პიორველად დაიდგმება სპექტაკლი, ეს იქნება ქართული მიუზიკლი, რომელიც დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ გაცოცხლდება, „ჩხიკვთა ქორწილი” ახლებური სახით და ახალი მუსიკალური ვერსიებით იქნება წარმოდგენილი და 28 აგვისტოს დაიკავებს ჩვენს სცენას.

ნელ ნელა კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს გაგაცნობთ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარდა „ჩექინ ჯორჯიას” პროექტებისა, ჩვენთან დამოუკიდებელი პრომოუტერების მიერ დაგეგმილი კონცერტებიც ჩატარდება. მე ძალიან მომწონს როგორც ამ დარბაზის ხელმძღვანელს, რომ ჩვენი დარბაზი არის არაჩვეულებრივი ლოკაცია, გამარტივებული სიტუაცია იმისათვის, რომ ძალიან დიდი მაშტაბური ღონისძიებები ჩატარდეს.

ანუკა, ძალიან მსუყე პროფესიული გამოცდილება გაქვთ, ამ დროის განმავლობაში სად აღმოაჩინეთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული ზონა?

როდესაც პირველად „ბლექ სი არენაზე” დავიწყე მუშაობა, პირველი გასაუბრების დროს წარმოუდგენლად მიმაჩნდა, როგორ უნდა მეცხოვრა კომფორტულად თბილისიდან, ჩემი ოჯახიდან, მეგობრებიდან შორს.  დღეს სადარის ჩემი ქალაქი, ამაზე ხანდახან უკვე ვფიქრობ ხოლმე, იმიტომ რომ, „ბლექსი არენა” ეს არის კუნძული, სადაც მე ვარ ძალიან ბედნიერი. არაჩვეულებრივი ადგილი, სადაც მე მავიწყდება ყველა ცუდი რაღაც, რაც შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში ხდებოდეს. აქ უდიდეს კომფორტს ვგრძნობ და რაც უმთავრესია, გუნდი, რომელიც „ბლექ სი არენაზე” მუშაობს და ყოველი კონცერტის შემდეგ უდიდეს კომპლიმენტებს იმსახურებს. ამ გუნდთან ერთად ცხოვრება აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, ასე რომ ჩვენ ვცხოვრობთ კუნძულზე, რომელსაც კულტურის ქალაქი ქვია და ყველაზე კომფორტულად ახლა „ბლექი არენაზე” ვგრძნობ თავს.

როგორ იქცევით დატვირთული ორშაბათის შემდეგ?

ჩემთვის საუკეთესო განტვირთვა ჩემი მეგობრები არიან, ასე რომ ვხვდები მეგობრებს. ხშირად მსაყვედურობენ, რომ ვერ ვატარებ დროს მათთან ერთად, განსაკუთრებით მაშინ როცა გაზაფხული დგება.

საყვარელი საჩუქარი, რომელიც ნებისმიერ დროს გიხარიათ?

ძალიან მიხარია და მიყვარს ყვავილები და ალბათ ყველა ქალს უყვარს სუნამო

თქვენი სუნამო…

ძირითადად მოტკბო, მძიმე სუნები მიყვარს და ხშირ შემთხვევაში ტომ ფორდს ვარჩევ ხოლმე.

 რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი შეხვედრის დროს, საქმიანი ურთიერთობის გასაგრძელებლად?

პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევ მის განწყობას,  რამდენად მომართულია საქმისკენ. შემდეგ ალბათ ყველაფერი ერთად – მანერების და ჩაცმულობის ერთობლიობა, რაც ადამიანს გხიბლავს.

 თქვენთვის ყველაზე კომფორტული ჩაცმულობა?

ძალიან ხშირად მსაყვედურობენ, რომ გადაწყვეტილი ვარ შავ ფერებში, რომელიც ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ფერია. ჩემი ჩაცმულობა ახლოს არის კლასიკურთან, ძალიან იშვიათად მაცვია სპორტულად, იმიტომ რომ ჩემი დღის წესრიგი არ მაძლევს ამის საშუალებას.

აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გამოდიხართ?

საათი, ძალიან მიყვარს.

რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

ძალიან რთულად ვიღებ გადაწყვეტილებას, ურთულესად, ზოდიაქოთი ვარ სასწორი და აბსოლიტურად ვამართლებ ამ ნიშნის თვისებებს, ძალიან მერყევი ვარ და ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავთან იმაზე, რომ გადაწყვეტილებები სწორად და დროულად მივიღო.

ბლიც კითხვები:

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

„ჩქარა შემოდი” – სულ მეჩქარება და სულ ვიღაცას ვეძახი ჩემს ოთახში.

კერძი, რომელსაც ყველაზე დიდი სიამოვნებით ამზადებთ?

ეს არის მიდიების ფლავი, ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი.

დილით ყავა თუ ნატურალური წვენი?

ყავა.

საღამოს, აუზი თუ ბარი მეგობრებთან ერთად?

ბარი მეგობრებთან ერთად.

გადაცემის სახელწოდება რომელსაც სტუმრობთ?

„წარმატების ფორმულა”. წარმატების ფორმულაში მოხვედრა ნიშნავს, რომ უკვე წარმატებული ხარ და მადლობა შენ, რომ დღეს მაგრძნობინე, რომ წარმატებული ვარ.

რას დახატავდი გადაცემაში წარმატების ფორმულა?

მზეს ალბათ.

რატომ მზეს?

როგორც სიცოცხლის და ცხოვრების საწყისს.

რა მნიშვნელოვანი თვისებები უნდა გამოიმუშავოს ადამიანმა იმისათვის .რომ მიაღწიოს წარმატებას ნებისმიერ სფეროში?

რთულია ილაპარაკო წარმატებაზე, მე არ მიყვარს ხოლმე წარმატებაზე საუბარი, იმიტომ რომ არ ვთვლი რომ ბოლომდე მივაღწიე იმ წარმატებას სადამდეც მინდა მისვლა. პირველ რიგში ეს უნდა იყოს მიზანი, საითკენაც მიდიხარ, შემდეგ ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი მოთმინების უნარი და რწმენა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველა წარმატებას საფუძვლად გამართლება და იღბალი უდევს, თუმცა, როდესაც გაგიმართლებს, უნდა იგრძნო ის წუთი, ის წამი და დახვდე ამას ძალიან ღირსეულად. წარმატება არის ძალიან უცნაური რაღაც ჩემთვის და როგორც ვაკვირდები საკუთარ და სხვის მაგალითებზეც, წარმატება მანამდე არის შენთან სანამ ძალიან აფასებ, უფრთხილდები და მისთვის ყოველდღიურად ზრუნავ, როგორც კი დაგავიწყდება და გგონია რომ ის შენი ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია და გაითავისებ, როგორც ჩვეულებრივ მოცემულობას, ისე გეკარგება ხელიდან, რომ შეიძლება ვეღარც მიხვდე, რა დროს და რა მომენტში დაგტოვა.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები