LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანუკი არეშიძე: „კახი ძალიან საყვარელი, კეთილი და მზრუნველი მამაა“

10

29 მარტს რადიო ”ფორტუნას” თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM” დიზაინერი ანუკა არეშიძე ესტუმრა. ანუკიმ რადიოს ეთერში შემოქმედებით სიახლეებზე და ოჯახზე ისაუბრა.

– ანუკა, ყოველთვის ძალიან დატვირთული ხართ, ბოლო ერთი თვე კი, სულ მოგზაურობაში გაატარეთ.

– ჩემი მოგზაურობა კიევის მოდის კვირეულით დაიწყო, საიდანაც მილანში გავემგზავრე, სადაც Vogue Talent-ის ათ საუკეთესო დიზაინერს შორის მოვხვდი და გამოფენაც მოვაწყვე პრესისთვის, შემდეგ კი, პარიზში გადავინაცვლე, სადაც ასევე შოურუმი მქონდა. ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად ჩაიარა ჩემმა ამ ვოიაჟმა.

1– რამდენადაც ვიცი, თქვენი მოდელები ონლაინ მაღაზიაში მოხვდა, როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა?

– იტალიური Vogue-ის წარმომადგენელი სარა მაინო ყოველწლიურად ეძებს ახალგაზრდა დიზაინერებს. წელს 10 000 დიზაინერიდან 10 საუკეთესო აირჩიეს, სადაც სხვა ქვეყნებს შორის პირველად საქართველოც მოხვდა. ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ ახალგაზრდა დიზაინერებს პრესის მხრიდან, რადგან სწორედ ისინი ცდილობენ მათ პოპულარიზაციას. მოგვიანებით პროექტში yoox-იც ჩაერთო, რომელმაც ჩემი 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია შეიძინა. სხვათაშორის ზამთრის კოლექციაც შეუკვეთეს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

– ბუნებრივია, ვერცერთ სფეროში ვერ მიაღწევ წარმატებას თუ შესაბამისი განათლება არ გაქვს. თქვენ რა მოგცათ მილანში სწავლამ?

– პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ძალიან მინდოდა დამეწყო სწავლა და დრო ფუჭად არ დამეკარგა. მილანში საუკეთესო ინსტიტუტი – მარანგონის ინსტიტუტი შევარჩიე და იქ გავიარე ერთწლიანი მასტერი, რაც საკმაოდ რთული იყო, რადგან სამწლიანი პროგრამა ერთ წელიწადში ისწავლება. მოგვიანებით აკადემიო დე ლუზოში გადავედი და ძალიან კარგ ჯგუფში მოვხვდი. რა თქმა უნდა, იტალიაში სწავლამ ძალიან ბევრი მომცა, რადგან შევძელი ზუსტად ჩამომეყალიბებინა ჩემი გზა და განმესაზღვრა მოღვაწეობის სფერო.  

2– რაში პოულობთ შთაგონებას?

– სპეციალურად არასდროს ვეძებ. როგორც წესი, თავისით მოდის და ყოველთვის მოულოდნელად. მერე კი, აუცილებლად ფურცელზე გადამაქვს, რომ არ დამავიწყდეს. ძალიან ბევრი იდეა მაქვს, თუმცა საკუთარი თავის რეალიზაციას მხოლოდ 60%-ით ვახერხებ, დანარჩენისთვის კი, დრო არ მრჩება. ბოლო კოლექციის, რომელიც ბაირების შეფასებით საკმაოდ კარგი გამოვიდა, მე-16 საუკუნის იტალიელი მამაკაცის სტილი ავიღე, რომლის ყველა დეტალი ქალის ტანსაცმელში გადავიტანე.

– რამდენადაც ვიცი, თქვენ საქორწინო კაბებსაც კერავთ. რითი გამოირჩევა თქვენი მოდელები სხვებისგან?

– ზუსტად არ ვიცი. როგორც მომხმარებლები მეუბნებიან, მათ ძალიან მოსწონთ ჩემი კაბები, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, რადგან ყოველთვის ყველაფერს მთელი გულით ვაკეთებ. რა თქმა უნდა ყველა პატარძალს თავისი მოთხოვები აქვს, თუმცა როცა მოდელს ვქმნი მათი სურვილების გათვალისწინებასთან ერთად საკუთარი დეტალებიც შემაქვს. სხავთაშორის, ჩემი ფავორიტი კაბებიც მაქვს.

– ვინაა თქვენი საყვარელი დიზაინერი?

– ძალიან ბევრი მომწონს, თუმცა მაინც ფოებე ფილოს გამოვარჩევდი. ძლიერი და ნიჭიერი დიზაინერია, რომელსაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა და უკვე გამოცდილი დიზაინერი ბაძავს.

3– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ამ სეზონზე ჩვენება აღარ მექნება, რადგან კიევის მოდის კვირეულზე უკვე წარმოვადგინე კოლექცია, ახლის შესაქმნელად კი, სამწუხაროდ დრო არ მაქვს. მექნება მცირე პრეზენტაცია, რომელსაც მხოლოდ უცხოელი სტუმრები დაესწრებიან. ჩემს მაღაზიაში ვუმასპინძლებ პრესის წარმომადგენლებს და სწორედ იქ მოვისმენ მათ აზრს. ახალ მაღაზიაში კი, რომელიც დეკემბრის თვეში გაიხსნა თარხნიშვილის ქუჩაზე, ორ კვირაში ჩემი მეორე ხაზის კოლექცია იქნება წარმოდგენილი.

– კარიერიერის პარარელულად ოჯახიც საკმაოდ დიდი გაქვთ. როგორი მამაა კახი კალაძე?

– კახი ძალიან საყვარელი, კეთილი და მზრუნველი მამაა. ბავშვები გიჟდებიან მასზე და ისიც ყოველთვის ანებივრებს მათ.

– რა არის წელს მოდაში, რას გვირჩევთ რომ ჩავიცვათ?

– წელს 1990-იანი წლების ბუმია, ამიტომ მოდაში დიდი ზომის ტანსაცმელია.

 

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები